#ბს-1168(კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 29 აგვისტოს ბ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის #MOD 6 16 00002832 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ბ. ქ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ბ. ქ-ას სასარგებლოდ მისი გათავისუფლების მომენტიდან დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენამდე, ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყების პერიოდიდან მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა მისი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან, რის საფუძველსაც წარმოადგენდა მისი მაღალი პროფესიონალიზმი (სამსახურებრივი კონკურენცია) და განსხვავებული მოსაზრებები რიგ საკითხებთან, მათ შორის, საკადრო პოლიტიკასა და მართვის სტილთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული დისკრიმინაციული საფუძვლებით ჯერ კიდევ 2015 წელს ბ. ქ-ას მიმართ განხორციელდა დისციპლინარული დევნა, რომელიც დასრულდა 2016 წლის 27 იანვარს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დამტკიცებული დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ თითქოს მოსარჩელე ქმნიდა არაჯანსაღ გარემოს სამსახურში, უგულებელყოფდა დავალებებს და სხვ. ბ. ქ-ას მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილების სახით, რაც მის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. მოსარჩელის განმარტებით, გაფრთხილების შესახებ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შედეგად კიდევ უფრო გამწვავდა დამოკიდებულება მის მიმართ, რაც გამოიხატებოდა მომძლავრებული ნეპოტიზმისა და პროტექციონიზმის ფონზე მისთვის პროფესიული განვითარების ყველანაირი შესაძლებლობების ჩამორთმევაში. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული სამართლიანად იმსახურებდა მის უკმაყოფილებას, რასაც გამოხატავდა კანონის ფარგლებში დაშვებული ფორმით, შიდა კომუნიკაციის არხების მეშვეობით. ასევე, ბ. ქ-ამ გააკეთა საჯარო განცხადება კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან კანონის გვერდის ავლის მცდელობებსა და უწყებაში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე, რომელთა შიდა საშუალებებით მოგვარების რესურსი ამოწურული იყო. ფორმალურად სწორედ აღნიშნული მოქმედებების საფუძველზე მოხდა უკანონო გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის #MOD 6 16 00002832 ბრძანება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ... სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ბ. ქ-ას აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბ. ქ-ას სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბ. ქ-ას მიმართ ისე გამოიყენა დისციპლინური პასუხიმგებლობის ყველაზე მაღალი ზომა, რომ ფაქტობრივად არ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, მას არც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისაგან მიუღია შეტყობინება, რომ მის მიმართ და არა მისი განცხადების თაობაზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად, შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადავო ბრძანება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2016 წლის 28 ივლისის დასკვნა, სადაც საუბარია ბ. ქ-ას მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევაზე, ხოლო მინისტრის მიერ მიღებულ სადავო ბრძანებაში, ბ. ქ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოყენებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალში არ არის მითითებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლი, ამდენად, სადავო ბრძანების მიღებისას არ დგინდება, სრულად იქნა თუ არა გაზიარებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნა მინისტრის მიერ, რაც დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ბ. ქ-ას გათავისუფლების საფუძველი გახდა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 28.07.2016წ. #695678 წერილი და გენერალური ინსპექციის 28.07.2016წ. #695677 დასკვნა მასში მითითებული დასაბუთებით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლზე, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის #888 ბრძანების მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო მსჯელობისას უთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დარღვევაზე, თუმცა კონკრეტულად არ უთითებს, რა გარემოება არ გამოიკვლია თავდაცვის სამინისტრომ, რომელი ფაქტობრივი გარემოებები არ შეაფასა გადაწყვეტილების მიღებისას და რა სახის არსებითი ხასიათის დარღვევით იქნა მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
კასატორი არ იზიარებს იმ არგუმენტაციას, რომ ბ. ქ-ასთვის უცნობი იყო აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო მისი განცხადების საფუძველზე და სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების რეალობას, რაც იცოდა ბ. ქ-ამ და განცხადებით მიმართვის მიზანიც ეს იყო, თუმცა მან უარი განაცხადა თანამშრომლობაზე. ამავე დროს, მან საჯაროდ გაავრცელა გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია, რაც მიმართული იყო სამინისტროსა და საჯარო მოხელეების დისკრედიტაციისაკენ.
კასატორის მითითებით, ბ. ქ-ა, როგორც საჯარო მოსამსახურე, ვალდებული იყო დაეცვა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (27.10.2015წ. რედაქცია) 731.4 მუხლისა და 732.2 მუხლის მოთხოვნები. გარდა ამისა, მას „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის #888 ბრძანებით ევალებოდა შინაგანაწესის დაცვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის #ბს-644-637(კ-16) და 2017 წლის 28 მარტის #ბს-802-794(კ-16) გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ გადაწყვეტილებებში განხილვის საგანია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების საკითხი, რომლებსაც საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის დასკვნა. ორივე შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიჩნეულ იქნა კანონიერად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ... სამმართველოს ... მთავარი სპეციალისტის - ბ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის #MOD 6 16 00002832 ბრძანების კანონიერება, რომელსაც საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, თავდაცვის პოლკოვნიკ - ი. ი-ის 2016 წლის 28 ივლისის #695678 წერილი და 2016 წლის 28 ივლისის #695677 დასკვნა, მასში მითითებული დასაბუთებებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2016 წლის 28 ივლისს შედგენილი იქნა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ... სამმართველოს ... განყოფილების მთავარი სპეციალისტი - ბ. ქ-ა მიზანმიმართულად ახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას და ლახავდა სახელმწიფო ინსტიტუტის რეპუტაციას, ავრცელებდა მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტროს რიგ თანამშრომლებს უყენებდა ცრუ ბრალდებებს და ლახავდა მათ ღირსებას და პატივს. იგი უგულებელყოფდა როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. დასკვნით დადგინდა, რომ ... სამმართველოს ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის - ბ. ქ-ას მიერ ჩადენილ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ“. დასკვნით მიზანშეწონილი იქნა ... სამმართველოს ... განყოფილების მთავარი სპეციალისტი - ბ. ქ-ა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებული ყოფილიყო დაკავებული თანამდებობიდან.
2016 წლის 28 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, #MOD 2 16 00695678 წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და აცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... სამმართველოს ... განყოფილების მთავარი სპეციალისტის - ბ. ქ-ას 2016 წლის 20 ივლისის #665779 განცხადებაზე და ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ მის პრესკონფერენციაზე რეაგირების მიზნით, გენერალური ინსპექციის ინსპექტირების მთავარ სამმართველოში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ ბ. ქ-ა მიზანმიმართულად ახორციელებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას, ავრცელებდა გადაუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტროს რიგ თანამშრომლებს უყენებდა ცრუ ბრალდებებს და აშკარად ლახავდა მათ ღირსებას და პატივს. იგი უგულებელყოფდა როგორც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროში მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. განცხადებას დაერთო გენერალურ ინსპექციაში შედგენილი დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ, ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, რადგან დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას. გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისთვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით. ამისთვის მან უნდა იცოდეს ის არგუმენტები, რასაც უნდა დაუპირისპირდეს მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში და რის შესაძლებლობასაც დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილების დროს მოკლებულია.
მოცემულ შემთხვევაში კი დგინდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბ. ქ-ას მიმართ ისე გამოიყენა დისციპლინური პასუხიმგებლობის ყველაზე მაღალი ზომა, რომ ფაქტობრივად არ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, მას არც თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციისაგან მიუღია შეტყობინება, რომ მის მიმართ და არა მისი განცხადების თაობაზე მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს, რომ ბ. ქ-ასთვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა სადავო ბრძანება. ამასთანავე, დაუშვებელია საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა ვითარდებოდეს ისე, რომ საჯარო მოხელისათვის სასამართლო დავამდე ბუნდოვანი დარჩეს, თუ რა სახის დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა მან. ბ. ქ-ას გააჩნდა კანონით გარანტირებული უფლება სრულად ყოფილიყო ინფორმირებული მისი უფლებების შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებით და ჰქონოდა შესაძლებლობა, სრულად მოეხდინა საპროცესო უფლებების რეალიზაცია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბ. ქ-ას არ მისცა შესაძლებლობა, სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში მიეღო მონაწილეობა, თუნდაც ახსნა-განმარტების და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის მეშვეობით, პირიქით, მან მხოლოდ სადავო ბრძანების გაცნობისას გაიგო, რომ მის მიმართ ჩატარდა დისციპლინური სამართალწარმოება და მანამდე მისთვის არ გაუცნიათ არც ერთი დოკუმენტი, რაც დისციპლინურ სამართალწარმოებას ეხებოდა, რითაც უგულებელყოფილ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოთ მითითებული მოთხოვნები.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება არა კონკრეტული საკითხის შესწავლის მიზნით, არამედ თავად ბ. ქ-ას მიმართ ისე, რომ არ მომხდარა დაინტერესებული პირის წინასწარი ინფორმირება და მისი ჩართვა აღნიშნულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ უფლებამოსილი პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ იყო უფლებამოსილი მიეღო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ღონისძიება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ბ. ქ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანება, ასევე მართებულია გადაწყვეტილება ბ. ქ-ას თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი