#ბს-1199(კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 8 სექტემბერს ო. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონებრივი მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 თებერვლის #57641 გადაწყვეტილების, ასევე ინფორმაციისა და მტკიცებულების წარდგენის შემდეგ ო. თ-ის მოთხოვნაზე რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 27 თებერვლის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური ოფისისათვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავ ნივთზე მისი წილი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება - სახლი და მიმდებარე მიწის ნაკვეთი სამი პირის, მათ შორის, ო. თ-ის თანასაკუთრებაშია, და მისი წილი განსაზღვრულია 1/3-ით; მან არაერთხელ მიმართა რეესტრის სამსახურს, მოითხოვა მიწის ნაკვეთის გამიჯვნა და 49 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სახლის ფართთან ერთად (100 კვ.მ), ფართის პირად საკუთრებაში რეგისტრაცია, წარუდგინა შესაბამისი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი, ხოლო ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ო. თ-ის განმარტებით, მართალია, გასაჩივრებული აქტები მან დაგვიანებით გაასაჩივრა სასამართლოში, თუმცა მიაჩნია, რომ ხანდაზმული მაინც არ არის.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2018 წლის 30 მაისის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ რ. თ-ი და ი. ბ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით ო. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 956-ე და 963-ე მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტზე და აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ არ იქნა წარდგენილი სათანადო მტკიცებულებები საკუთრების უფლების გამიჯვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი წილის დამოუკიდებლად რეგისტრაციისთვის.
სასამართლოს მითითებით, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება თანამესაკუთრეთა შორის ქონების გამიჯვნის თაობაზე, ასევე არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ო. თ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს, რის გამოც კანონიერი და დასაბუთებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და შესაბამისად, ო. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა სასამართლოს ზეპირი მოსმენით ჩატარება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მან ორივე ინსტანციის სასამართლოს მოახსენა იმ არგუმენტების შესახებ, რომლის საფუძვლებზეც შეიძლება მოხდეს მისი წილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია, კერძოდ, ამჟამად რომ გაუქმებულია მამისეული სახლის ეზოში დედა-შვილზე რეესტრი 600 კვ.მ-ისა, თანახმად #... წერილისა. კასატორის განმარტებით, მოცემული პერიოდისათვის არც ერთს არ აქვთ თავიანთი წილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და კასატორმა პირველმა წარადგინა საჯარო რეესტრში მისი წილი მიწის საკადასტრო ნახაზი და „გამიჯვნის“ ნახაზი. კასატორის განმარტებით, მან ასევე წარადგინა ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ექსპერტიზის თანამშრომლებმა სოფელში, ადგილზე ჩასვლით შეამოწმეს მამისეული სახლი და ეზო და ისე შეადგინეს დასკვნა, რითაც „გამიჯვნის“ ნახაზის სხვა ვარიანტის შედგენა გამორიცხულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. თ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 20 თებერვლის #... გადაწყვეტილებით ო. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის 2017 წლის 9 იანვრის #... და 2017 წლის 9 თებერვლის #.... გადაწყვეტილებები და შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს დაევალა საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევა. 2017 წლის 20 თებერვლის #57641 გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ამ აქტის სამოტივაციო ნაწილის ფაქტობრივი დასაბუთების 4.2.5.9.3 პუნქტში ასახული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიების მიზნით, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსთვის უნდა გადაეგზავნა დოკუმენტაცია/ინფორმაცია სრულად, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, განმცხადებლისთვის განესაზღვრა კანონით დადგენილი ვადა სარეგისტრაციოდ წარდგენილი გამიჯვნის ნახაზის ელექტრონული ვერსიისა და ამ ნახაზისა და ექსპერტიზის მიხედვით უძრავი ნივთის გამიჯვნაზე ყველა თანამესაკუთრის/თანამოსარგებლის და/ან მათი წარმომადგენლობის შემთხვევაში - წარმომადგენლი/წარმომადგენლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოვლენილი თანხმობისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარსადგენად, რაც არ განხორციელდა.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესასრულებლად შიდა ქართლის რეგიონალურმა ოფისმა 2017 წლის 21 თებერვალს მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ო. თ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის იდენტურობაზე ინფორმაციის მიწოდება, ხოლო 2017 წლის 27 თებერვლის #... გადაწყვეტილებით დაადგინა რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ მიმართვაზე შესაბამისი პასუხის მიღების შემდეგ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 21 თებერვალს #... მიმართვაზე შიდა ქართლის რეგიონალურ ოფისს აცნობა, რომ ო. თ-ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიწის ნაკვეთები იდენტური არ არის, და მიმდინარეობდა სასამართლო დავა. აღნიშნული წერილის მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის შემდგომ, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიერ 2017 წლის 31 მარტს განმცხადებელს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა ყველა თანამესაკუთრის/თანამოსარგებლის და/ან მათი წარმომადგენლობის შემთხვევაში - წარმომადგენლის/წარმომადგენლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოვლენილი თანხმობისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია, მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 956-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ, ხოლო 963-ე მუხლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო 8.2 მუხლის თანახმად, განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ხოლო ამავე მუხლის „კ“ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-14 მუხლის 23-ე პუნქტის თანახმად, საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 119 კვ.მ და შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 97,70 კვ.მ (ს/კ ...) თანასაკუთრების უფლებით ირიცხება სამი პირის თანასაკუთრებაში, იდეალური წილით. აღნიშნულ ქონებაზე ო. თ-მა გამიჯნა თანასაკუთრების უფლების ობიექტი, განსაზღვრა მისი კოორდინატები, საზღვრები, ფართი და საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოითხოვა მხოლოდ მისი წილის რეგისტრაცია. ამასთანავე, მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა დანარჩენი თანამესაკუთრეების თანხმობა საკუთრების უფლების ობიექტის გამიჯვნის თაობაზე. მით უფრო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლი მემკვიდრეობის საფუძველზე განაწილდა სამ მემკვიდრეზე, მათ შორის, ო. თ-ზე.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება თანამესაკუთრეთა შორის ქონების გამიჯვნის თაობაზე არ არსებობს, ასევე არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ო. თ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კანონიერი და დასაბუთებულია სადავო გადაწყვეტილებები დამატებითი ინფორმაციის მოძიებისა და შესაბამისად, ო. თ-ის ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება ო. თ-ის მოთხოვნას საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა წარმოებს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი