Facebook Twitter

საქმე №ბს-1248 (კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ფ-უ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირი - დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ფ-უმ 2016 წლის 10 ივნისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დმანისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და მოითხოვა გომარეთის სასოფლო საბჭოს მიერ 1960 წლის 1 აპრილს გ. ფ-სა და ს. ქ-ს შორის განხორციელებული ქორწინების N10 სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, ა. ფ-უს სარჩელზე შეწყდა საქმისწარმოება დაუშვებლობის გამო, რომელიც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ფ-მ და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. ფ-უს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებად ცნობის ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ფ-უს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ფ-უმ და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით ა. ფ-უს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ფ-უმ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევითა და საქმის გარემოებების სამართლებრივი შეფასების გარეშე, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1149-ე მუხლი და ამით მან უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, აღნიშნული აქტის ბათილობის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა დაკავშირებულია მემკვიდრეობის საკითხთან, მემკვიდრეობა და საკუთრების უფლება კი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კასატორის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1149-ე მუხლს მხედველობაში აქვს ქორწინება, განხორციელებული მეუღლეების მიერ კანონიერ საფუძვლებზე. განსახილველი საქმის გარემოებებიდან კი დასტურდება, რომ გ. ფ-ისა და ს. ქ-ის ქორწინება რეგისტრირებულია 1960 წლის 01 აპრილს უკანონოდ, დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის პირობებში: სადავო ქორწინების რეგისტრაციის დროს გ. ფ-ი იმყოფებოდა მოქმედ ქორწინებაში (არა გაუქმებულში) თავის კანონიერ მეუღლესთან - ო. ხ-ასთან (ფოტოვასთან), რომელიც რეგისტრირებულია 1946 წლის 12 თებერვალს. ეს ქორწინება შეწყდა მხოლოდ 18.03.1969 წელს გ. ფ-ის გარდაცვალების გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ა. ფ-უს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ფ-უს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ქორწინების ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. (იმავე პრინციპებს ადგენდა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო, საოჯახო და სამეურვეო კანონთა კოდექსი) ქორწინების ბათილობის საფუძველია: დასაქორწინებელ პირთა თანხმობის არარსებობისა; საქორწინო ასაკს მიუღწევლობის შემთხვევაში; იმ პირთაშორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი დაქორწინებული იყო სხვა პირზე; პირდაპირის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის, ღვიძლ და აგრეთვე არაღვიძლ დასა და ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი, სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ მიჩნეულია არაქმედუუნაროდ. ქორწინების ბათილობის იგივე საფუძვლები ასახულია ,,სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლში, თუმცა, ვინაიდან დადგენილია, რომ გ. ფ-უ, ს. ქ-ი (მეორე მეუღლე) და ო. ხ-ა (ფ-უ) (პირველი მეუღლე) არიან გარდაცვლილები, სამოქალაქო კოდექსის 1149-ე მუხლის მოთხოვნა გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ფ-უს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განჩინება;

3. კასატორს - ა. ფ-უს (დაბადებული 25.03.1948წ. საბერძნეთის მოქალაქის პასპორტი ...) დაუბრუნდეს 17.09.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით დ. ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე