#ბს-1225(2კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ჩ-ისა და ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 6 ივნისს ლ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაშია გ. ჩ-ის განცხადება, რომლითაც გ. ჩ-ე, როგორც უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე შემძენი და მესაკუთრე ითხოვს ლ. ლ-ის გამოსახლებას აღნიშნული უძრავი ქონებიდან. გაფრთხილების თანახმად, ლ. ლ-ეს დაევალა გაფრთხილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოთავისუფლება ან მართლზომიერი მფლობელობის და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
მოსარჩელის მითითებით, უძრავი ქონების მესაკუთრე გახლდათ ლ. ლ-ე. 2008 წლის 7 აგვისტოს ლ. ლ-ესა და ლ. ჩ-ს შორის გაფორმებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ლ. ლ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. #3, #33, ს/კ ...; 2008 წლის 20 აგვისტოს ლ. ლ-ესა და გ. ჩ-ეს შორის გაფორმებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც დაიტვირთა ლ. ლ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. #3, #33, ს/კ ....
მოსარჩელის განმარტებით, იგი ასრულებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო ვალდებულების სრულად შესრულება.
გ. ჩ-ემ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ლ. ლ-ის საკუთრებას. მოსარჩელის მითითებით, გ. ჩ-ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 თებერვლის #A14013542-004/009 გაფრთხილების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ დავის საბოლოო დასრულებამდე გ. ჩ-ის 2014 წლის 12 თებერვლის განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. #3, #33, ს/კ ..., დაწყებული #14013542 სააღსრულებო წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება გაასაჩივრა ლ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით ლ. ლ-ის წარმომადგენლის - ქ. უ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებაზე მიღებულ იქნეს წარმოებაში; ლ. ლ-ის წარმომადგენლის - ქ. უ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით ლ. ლ-ის წარმომადგენლის - ქ. უ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 ივნისის განჩინება და ლ. ლ-ის შუამდგომლობა დავის საბოლოო დასრულებამდე გ. ჩ-ის 2014 წლის 12 თებერვლის განცხადების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. #3, #33, ს/კ ..., დაწყებული #14013542 სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივლისის განჩინებით ლ. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა; განსახილველ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული ლ. ლ-ის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება გ. ჩ-ე.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 თებერვლის #A14013542-004/009 გაფრთხილებით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივლისის #2/1961-14 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - განსახილველ საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის (დელეგირებული ფუნქცია) სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებული ლ. ლ-ის წინააღმდეგ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინებით ლ. ლ-ისა და გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გ. ჩ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართალია, თავდაპირველ სარჩელში ლ. ლ-ე ითხოვდა გაფრთხილების ბათილად ცნობას, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის მოსამზადებელ სხდომაზე მან დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 თებერვლის #A14013542-004/009 გაფრთხილებით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა მოითხოვა. ამასთან, გასაჩივრების წესთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში - ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს სისტემაში, ისე სასამართლოში. მოსარჩელის მიერ კი, გასაჩივრების წესი და ვადა დაცულია, რის გამოც უსაფუძვლოდ მიიჩნია საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მესამე პირის მითითება.
ამასთან, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, ასევე, კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა 2014 წლის 15 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღსრულების პოლიციელის მიერ მოვალე ლ. ლ-ისთვის #A14013542-004/009 გაფრთხილების გაგზავნა სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
კრედიტორის მიმართ თაღლითობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს აღსრულების შეჩერების საფუძვლებს, თუმცა გამოძიების მიმდინარეობა ავტომატურად არ წარმოშობს სააღსრულებო მოქმედების განხორციელების გადადებისა და შეჩერების საფუძველს. პალატა განმარტავს, რომ აღსრულება კონკრეტულ შემთხვევაში მიზნად ისახავს მესაკუთრის უფლებების დაცვას, მის უზრუნველყოფას საკუთრების უფლებით თავისუფლად სარგებლობის, ფლობის, განკარგვის შესაძლებლობით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც აღსრულება ხორციელდება საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის სასარგებლოდ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტიც ძალაშია, გამოძიების მიმდინარეობა, რომელიც დასრულებული არ არის და საკუთრების უფლების წარმოშობის უკანონობა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დასტურდება, ვერ გახდება ლ. ლ-ის მოსაზრების გაზიარების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
კასატორის - გ. ჩ-ის განმარტებით, სასამართლოში სარჩელის განხილვის პროცესში სასამართლომ არაერთხელ შესთავაზა მხარეს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, თუმცა მოსარჩელე კატეგორიულად უარს ამბობდა თავდაპირველი მოთხოვნის დაზუსტებაზე. კასატორის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა დატოვებულ იქნა იმგვარი სახით, როგორითაც ის თავდაპირველად იქნა წარდგენილი. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა იმგვარად, რომ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.
კასატორის - ლ. ლ-ის მოსაზრებით, სასამრთლომ შეფასების გარეშე დატოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებიდან მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლ. ლ-ის განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ლ. ლ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას ნასესხები თანხა საკუთარი მიზნებისთვის არ გამოუყენებია, რაც ასევე ცნობილია გ. ჩ-ისთვის, თუმცა მისი რეალური მიზანია ქონების შენარჩუნება, რასაც არ აცხადებს და შეძლებისდაგვარად თავს არიდებს მორიგებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრისა და 25 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ჩ-ისა და ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ჩ-ისა და ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კასატორის - გ. ჩ-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით მინიჭებული უფლების ფარგლებში, მოსარჩელე ლ. ლ-ემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების გზით მოთხოვნა ჩამოაყალიბა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში, კერძოდ, დაზუსტების შედეგად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 თებერვლის #A14013542-004/009 გაფრთხილებით განხორციელებული ქმედების უკანონოდ ცნობა მოითხოვა, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ გაფრთხილებით განხორციელებული ქმედების გასაჩივრების წესი და ვადა დაცულია, უსაფუძვლოა გ. ჩ-ის მითითება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 15 თებერვლის #A14013542-004/009 გაფრთხილებით განხორციელებული ქმედების უკანონობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე: ლ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენი, 2013 წლის 15 მარტს გამართულ (ონლაინ) აუქციონზე, გახდა გ. ჩ-ე. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 23 მარტის A12047996-018/001 განკარგულების საფუძველზე კი, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქ. (ყოფილი ...) #3, სართული 9, ბინა #33 (დუპლექს), (ს/კ ...), 2013 წლის 3 აპრილს რეგისტრირებულ იქნა გ. ჩ-ის საკუთრების უფლება. 2014 წლის 12 თებერვალს კრედიტორმა - გ. ჩ-ემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციას, იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის მიღებისა და ლ. ლ-ის უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, ... ქუჩა (ყოფილი ...) #3, სართული 9, ბინა #33, გამოსახლების მოთხოვნით. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება ექვემდებარებოდა იძულებით აღსრულებას და წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოების დაწყების საფუძველს, თანახმად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, რომლის შესაბამისადაც, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალეს, ხოლო ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების შემთხვევაში - განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების მფლობელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესით აბარებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც აღინიშნება: ა) გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების ვადა, რომელიც არის 10 კალენდარული დღე; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; გ) სააღსრულებო მოქმედების დღეს მოვალის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის დაუსწრებლად იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) შესახებ; დ) იძულების წესით გამოსახლების (გამოყვანის) თარიღი და დრო. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოებისას უძრავი ქონების მფლობელმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაფრთხილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარადგინოს ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ნებაყოფლობით შეასრულოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის მიტოვების და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სააღსრულებო წარმოება დაწყებულია კანონით გათვალისწინებული საფუძვლით, ასევე, კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა 2014 წლის 15 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღსრულების პოლიციელის მიერ მოვალე ლ. ლ-ისთვის #A14013542-004/009 გაფრთხილების გაგზავნა სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც აღსრულება ხორციელდება საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის სასარგებლოდ, რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტიც ძალაშია, გამოძიების მიმდინარეობა, რომელიც დასრულებული არ არის და საკუთრების უფლების წარმოშობის უკანონობა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დასტურდება, ვერ გახდება სააღსრულებო მოქმედების განხორციელების გადადების ან შეჩერების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე უ. მ-ეს 14.12.2018წ. #45 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ლ. ლ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ჩ-ისა და ლ. ლ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 მაისის განჩინება;
3. ლ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე უ. მ-ის მიერ 14.12.2018წ. #45 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი