Facebook Twitter

№ბს-1226(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 9 მარტს ბ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1981-1991 წწ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. სამუშაოს განაწილების პირობებში ობსერვატორიის მიერ აღებული იყო ვალდებულება, რომ ერთი წლის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებოდა საცხოვრებელი ბინით, რის საფუძველზეც მიიღო ბინა კურორტ აბასთუმანში, ...ზე. 1992 წელს დაწყებული პრივატიზების პროცესის შედეგად ობსერვატორიის თანამშრომლების მიერ მოხდა მათზე განკუთვნილი საცხოვრებელი ფართების პრივატიზება, მაგრამ ...ზე არსებული ბინები დარჩა სახელმწიფო საკუთრებაში და ვერ შეძლო მასზე განკუთვნილი ფართის პრივატიზება. მას შემდეგ, რაც 2008 წელს უსასყიდლოდ უზურფრუქტის ხელშეკრულებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ ...ზე არსებული ბინები გადაეცა სსიპ „ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს“, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოსთხოვა ბინის დაცლა და იგი 2010 წლის აგვისტოში გამოასახლეს ბინიდან.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2016 წლის 7 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 ოქტომბრის განცხადებაზე პასუხი აცნობა 2016 წლის 28 ოქტომბრის 5/55785 წერილით, კერძოდ გაუგზავნა სსიპ „ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წერილი. აღნიშნული გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, რომლის 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის №1-1/680 ბრძანებით საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და განხილვის ვადად განისაზღვრა 2 თვე. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ბრძანებით განსაზღვრულ ორთვიან ვადაში საჩივართან დაკავშირებით არანაირი პასუხი არ მიუღია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა ბ. გ-ის მოთხოვნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით განსაზღვრული წესით აბასთუმანში ან/და საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ბ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვა და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. გ-ემ 2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით განსაზღვრული წესით საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. 2016 წლის 13 დეკემბერს ბ. გ-ემ სამინისტროს დაზუსტებული საჩივარი წარუდგინა, რომლითაც დამატებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის №1-1/680 ბრძანებით ბ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. სამინისტრომ განსახილველ საკითხზე დამატებითი ინფორმაცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოითხოვა, თუმცა ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში სწორედ სამინისტროს ე.წ. „ვირტუალური უარის“ კანონიერება უნდა შემოწმებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილ საჩივარზე რეაგირება და სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, თუმცა კანონი აწესრიგებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ასეთ ვალდებულებას არ ასრულებს. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება მიზნად ისახავს პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობამ არ გამოიწვიოს პირთა მიერ დავის გაგრძელების შეუძლებლობა და პირი დაუსრულებლად არ ელოდოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღნიშნული დანაწესი არ ნიშნავს, რომ ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ ჩაატარონ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და არ გამოსცენ დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც, ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანონიერ მოლოდინს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის კანონიერების პრინციპის საფუძველზე განხორციელებაზე. ამდენად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს მიერ არ მომხდარა რეაგირება ბ. გ-ის წარდგენილ საჩივარზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გადაუწყვეტია არსებითად სადავო საკითხი, ამასთანავე, ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა ასეთ შემთხვევაში უტოლდება „ვირტუალურ“ უარს, მისი ბათილად ცნობა იმთავითვე გულისხმობს წარდგენილი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას. აღნიშნულთან და აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე (საქმე ბს-1031-1002(კ-10)), სადაც განმარტებულია, რომ „მოსარჩელისათვის აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაში სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები, არამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი. აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო უფლებამოსილია აგრეთვე თავად მოაწესრიგოს სადავო საკითხი, უკეთუ სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად არარის საჭირო საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხი დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს არ განეკუთვნება. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას სასამართლო ახდენს იმ შემთვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ასეთ ვითარებას მით უფრო აქვს ადგილი განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის ანუ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაინტერესებული პირის განცხადებაზე უმოქმედობის შემთხვევაში, რაც ნათლად ადასტურებს, რომ ორგანოს არ აქვს შესწავლილი აქტის გამოცემის ფაქტიური და სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის სადავო საკითხის გადასაჭრელად საჭირო გარემოებების გამოკვლევის შემდეგ აქტის გამოცემის დავალებას. სასამართლოს ეს უფლებამოსილება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ემყარება, რაც გამორიცხავს მმართველობითი ფუნქციების სასამართლო ორგანოებისათვის გადაკისრების შესაძლებლობას, მოაქცევს სასამართლოს იურისდიქციული, დავის გადამწყვეტი საქმიანობის საზღვრებში.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველობა უნდა ჩაითვალოს მისი კანონიერი უფლებისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მომტან ქმედებად. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა, ამდენად, მითითებული აქტის კანონიერებაზე მოცემულ ეტაპზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა და სადავო აქტის კანონიერების შემოწმება მხოლოდ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შეიძლება განხორციელებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენდა საქმის წარმოების შეწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით, ვინაიდან სარჩელი არ აკმაყოფილებდა ამ კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. კასატორის მითითებით, სასამართლომ ამავე საკითხზე წარდგენილ შუამდგომლობაზე საერთოდ არ იმსჯელა, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და პროცესის დაჩქარების მიზნით არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება - დახმარებოდა მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ამდენად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადის ფარგლებში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იგულისხმება, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე; ადმინისტრაციული ორგანოს უარი აქტის გამოცემაზე, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლისა, განიხილება განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად (ე.წ. ვირტუალური უარი). მოცემული წარმოადგენს შესაბამისი შინაარსის იურიდიულ ფაქტს მასზედ, რომ ასეთი უარის ადრესატმა (დაინტერესებულმა პირმა) გამოიყენოს ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენის უფლება.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანისას განისაზღვრა დავის საგანი, რომელიც ეხებოდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას და არა ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულებას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაევალდებულებინა ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენდა სასარჩელო მოთხოვნას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 8 დეკემბრის №5/62731 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც დაკმაყოფილდება ბ. გ-ის მოთხოვნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით განსაზღვრული წესით აბასთუმანში ან/და საქართველოს სხვა დასახლებულ პუნქტში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ბ. გ-ის ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვა და საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ. მოსარჩელე ბ. გ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება მის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ე.წ. „ვირტუალური უარის“ კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინებაში ჩამოყალიბებულ მსჯელობებსა და დასკვნებზე, კერძოდ: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, და 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. ეს სამართლებრივი დანაწესი არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში (რაც შეუძლებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ტენდენციის ხასიათს ატარებდეს) მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით სასამართლო ორგანოებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს მიერ არ მომხდარა რეაგირება ბ. გ-ის წარდგენილ საჩივარზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არ გადაუწყვეტია არსებითად სადავო საკითხი, ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა ასეთ შემთხვევაში უტოლდება „ვირტუალურ“ უარს, მისი ბათილად ცნობა იმთავითვე გულისხმობს წარდგენილი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმასთან მიმართებაში, რომ სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა აქტის გამოცემა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლო მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე (საქმე ბს-1031-1002(კ-10)), რომლის შესაბამისად, მოსარჩელისათვის აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაში სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის კანონიერების დასადგენად მოწმდება არა უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები, არამედ აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველი. აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლოა დაევალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სასამართლო უფლებამოსილია აგრეთვე თავად მოაწესრიგოს სადავო საკითხი, უკეთუ სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად არარის საჭირო საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა და საკითხი დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს არ განეკუთვნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი