#ბს-1243(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 თებერვალს ბ. შ-ემ და მ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის #04/88747 წერილისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის #0517 ოჯახის დეკლარაციის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის ხელახალი გადამოწმების დავალება მოითხოვეს.
მოსარჩელეების წარმომადგენლის განმარტებით, ოჯახში ცხოვრობენ 80 წლის ბ. და მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი შვილი, ბავშვობიდან მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 48 წლის მ. შ-ე. 2005 წლიდან ბ. შ-ე არის უმუშევარი, პენსიონერი, რამდენიმე წელია აქვს თირკმლის მძიმე დაავადება, მე-3 ხარისხის, ხოლო მ. შ-ე არის ცერებრალური დამბლით დაავადებული, მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობით, არტერიული ჰიპერტენზიით. ისინი საჭიროებენ მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას. ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მათი პენსიაა.
2016 წლის აგვისტოს შემოწმდა ოჯახი და 2016 წლის 19 ოქტომბერს მიენიჭა 113 690 ქულა. 2016 წლის 25 ნოემბერს მოსარჩელემ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა იმის გარკვევა, თუ რატომ იმატებდა მისი ოჯახის შეფასების ქულები მაშინ, როდესაც ოჯახის სოციალური მდგომარეობა ისევე, როგორც ჯანმრთელობა, წლების განმავლობაში სასიკეთოდ არ შეცვლილა, პირიქით - გაუარესდა. მოსარჩელის განმარტებით, დოკუმენტის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა წლის დეკლარაციებში შეყვანილი მონაცემები იყო არაზუსტი, მაგალითად, 2016 წლის დეკლარაციაში არ იყო აღწერილი მ. შ-ის ფიზიკური მდგომარეობა, კერძოდ, არ იქნა აღნიშნული ოჯახის დეკლარაციის B3 კოდით გათვალისწინებულ გრაფაში, რომ მ. შ-ე არის პირი, რომელიც საჭიროებს მომვლელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ. შ-ისა და მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის #04/88747 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის #0517 ოჯახის დეკლარაცია; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით ოჯახის ხელახალი გადამოწმება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება. მოპასუხე მხარის მიერ სადავო აქტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის #0517 ოჯახის დეკლარაციის შევსებისას არ იქნა გამოკვლეული ის ძირითადი გარემოებები, რაც განაპირობებდა შემდგომ ოჯახის სარეიტინგო ქულის განსაზღვრას. კერძოდ, დეკლარაციაში არ იქნა მითითებული სრულყოფილად ოჯახის ერთი წევრის - მ. შ-ის მონაცემები, უფრო კონკრეტულად კი, B3 გრაფაში არ იქნა მითითებული - დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს, ასევე არ იქნა მითითებული - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკომენტოზურ/ამბულატორიულად მკურნალობას, რაც თითოეული გრაფის კოეფიციენტების გათვალისწინებით შეცვლიდა ქულათა რაოდენობას. პალატის მოსაზრებით, ოჯახის დეკლარაციაში ასახულმა არაზუსტმა ინფორმაციამ იმოქმედა ქულათა საერთო რაოდენობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს, ბ. და მ. შ-ეების ოჯახში განხორციელდა ვიზიტი. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული და მიწოდებული ინფორმაცია უფლებამოსილი პირის მიერ ასახულია სწორად და შეესაბამება რეალობას. კასატორის მოსაზრებით, სოციალური სამსახურის სააგენტოს კონტროლის მონიტორების მიერ 2016 წლის 2 დეკემბერს განხორციელებული ვიზიტის დროს, 19 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული, მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომლის საფუძველზეც, ოჯახს მიენიჭა 113690 სარეიტინგო ქულა. კასატორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ შევსებული დეკლარაციის B3 გრაფაში მითითებული პირის - მ. შ-ის ფიზიკური მდგომარეობა ასახულია არასწორად, მოკლებულია საფუძველს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ოჯახის გადამოწმება განხორციელდა 2017 წლის 18 აგვისტოს და მის საფუძველზე 2017 წლის 19 სექტემბერს ოჯახს განესაზღვრა ახალი სარეიტინგო ქულა - 101 610 ოდენობით, რომლითაც ოჯახმა ისევ ვერ მოიპოვა ფულადი დახმარების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ ჩოხატაურის რაიონში, სოფ. ...ში მცხოვრებ ოჯახს, რომლის წევრები არიან ბ. შ-ე და მ. შ-ე, 2016 წლის 19 ოქტომბერს მიენიჭა 113 690 სარეიტინგო ქულა. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული მონაცემების გადამოწმების მიზნით მოსარჩელე მხარემ 2016 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 2 დეკემბერს სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის კონტროლის მონიტორების მიერ განხორციელდა ვიზიტი. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის #04/88747 წერილი) კი მოსარჩელეს განემარტა, რომ მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ სხვადასხვა დროს გადამოწმდა 5-ჯერ, აქედან ბოლო გადამოწმება განხორციელდა სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ 2016 წლის 19 სექტემბერს, რა დროსაც შევსებულ იქნა „ოჯახის დეკლარაცია“ 2 წევრზე. დეკლარაციის დამუშავების შედეგად კი, სარეიტინგო ქულამ შეადგინა - 113 690 ერთეული.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის #141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-16 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტოს უფლებამოსილი პირი, „F2“ კითხვაში „ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ აფიქსირებს ოჯახის მხრიდან ფაქტების დამალვა-დამახინჯებას, შესაძლებელია ოჯახის დეკლარაციის განმეორებითი შევსება დადგენილი წესის შესაბამისად. დეკლარაციის განმეორებითი შევსება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახის შესახებ დეკლარირებული სუბიექტური და დადგენილი ობიექტური ინფორმაციის ურთიერთშედარების შედეგად ფიქსირდება არსებითი განსხვავება. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად პერიოდულად ხორციელდება შერჩევითი გადამოწმება.
2016 წლის 19 სექტემბერს შევსებულ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების სისწორესთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე მიუთითეს, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიწოდებული ინფორმაციის სანდოობა და არა დეკლარაციაში ასახული მონაცემების სისწორე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების 2012 წლის 24 აგვისტოს #04-08-03/647 გადაწყვეტილების მიხედვით, ბ. შ-ე დაინიშნა სრულწლოვანი, ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის - მ. შ-ის მეურვედ. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 27 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად კი, მ. ბ. შ-ეს დაუდგინდა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის რითმის დარღვევა და საჭიროებს პერმანენტულად მედიკამენტოზურ მკურნალობას ნევროლოგიურ და კარდიოლოგიურ კაბინეტებში.
2016 წლის 19 სექტემბერს შევსებული ოჯახის დეკლარაციის B3 გრაფაში მითითებული ოჯახის ერთ-ერთი წევრის - მ. შ-ის ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ მონაცემებში მითითებულია, რომ მ. შ-ის ფიზიკური მდგომარეობა არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება. საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით კი სადავო დეკლარაციაში მ. შ-ესთან მიმართებით უნდა დაფიქსირებულიყო გრაფა - „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს“. ასევე, უნდა დაფიქსირებულიყო - „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკომენტოზურ/ამბულატორიულად მკურნალობას“. აღნიშნული კი, სოციალური აგენტის მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ არასრულყოფილად ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი