Facebook Twitter

#ბს-1350(2კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 13 ნოემბერს ლ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ლ. ლ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1595177 ბრძანებისა და ლ. ლ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის #2594117 ბრძანების არარად აღიარება, მოპასუხისათვის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე ლ. ლ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, აგრეთვე, 2015 წლის სექტემბრის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ლ. ლ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1595177 ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის #2594117 ბრძანების შესაბამისად, იგი დაითხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მითითებული ბრძანებები გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც მათი არარად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელის აღნიშვნით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის გათავისუფლება არ შედის უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შსს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

მოსარჩელის მითითებით, იგი დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეს. შესაბამისად, იგი იმავდროულად ვერ იქნებოდა სამინისტროს მოსამსახურე. აქედან გამომდინარე, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის #56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1595177 ბრძანება ლ. ლ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 20 ნოემბრის #2594117 ბრძანება ლ. ლ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ. ლ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს დაევალა ლ. ლ-ისათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის გასამრჯელოს ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების მე-2 მუხლი ახდენს დიფერენცირებას და განასხვავებს ერთმანეთისაგან „სამინისტროს მოსამსახურეს“ და „სსიპ-ის მოსამსახურეს“. ამასთან, ამავე ბრძანების 74.1 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება, თავისი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლება (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ხდება სსიპ-ის ხელმძღვანელის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ; ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა) (სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ლ. ლ-ე დანიშნული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ და წარმოადგენდა სსიპ-ის მოსამსახურეს, შესაბამისად, ასეთი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის #56 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, სამხედრო მოსამსახურეს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ვერ დგინდება, სასამართლოს არგუმენტები, ერთი მხრივ, რატომ გამორიცხავს მინისტრის უფლებამოსილებას, პირი გაათავისუფლოს სამსახურიდან და, მეორე მხრივ, თუ აღნიშნული ნორმა სასამართლოს მიაჩნია მინისტრის უფლებამოსილების სსიპ-ის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში შეზღუდვად, რატომ ვრცელდება იგი კადრების განკარგულებაში აყვანაზე, ვინაიდან იგი წარმოადგენს თვისობრივად სხვა სამართლებრივ ურთიერთობას. კერძოდ, კადრების განკარგულებაში პირის აყვანის საკითხს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლი, ხოლო სამსახურიდან დათხოვნას 35-ე და ეს ურთიერთობები არ არის გაიგივებული.

ამასთან, კასატორის განმარტებით, არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმთავითვე, გამოცემისთანავე ითვლება არარად, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არავისთვის და, პირველ რიგში, აღნიშნული აქტის ადრესატ(ებ)ისთვის არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა, იგი ითვლება არარად და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ბრძანებათა არარად აღიარების დაშვების შემთხვევაშიც კი, აღნიშნულ აქტებს არ შეეძლო უარყოფითი სამართლებრივი შედეგები გამოეწვია მოსარჩელისათვის. უარყოფითი შედეგები შესაძლოა გამოეწვია არა სამართლებრივი ძალის არმქონე არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას, რომელიც არ უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

კასატორი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნავს, რომ კანონმდებელი მოხელის სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას უკავშირებს გადაწყვეტილების (აქტის) გაუქმებას, ხოლო საქართველოს კანონმდებლობა ადგენს აქტის გაუქმების ორ მექანიზმს - აქტის ბათილად ცნობასა და აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, რასაც განსახილველ დავასთან მიმართებით, არ აქვს ადგილი.

კასატორის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები. პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

კასატორი ასევე მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს.

კასატორი აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო სამსახურის გავლა თავისთავად გულისხმობს თანამდებობაზე დანიშვნას და თანამდებობიდან გათავისუფლებას.

ამასთან, კასატორი მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ამავე წესის 72-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, მინისტრის საკურატორო სფეროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეების - მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით, ხოლო დაცვის პოლიციის მოსამსახურეების შემთხვევაში - მათი ხელმძღვანელის ბრძანებით. ამავე წესის 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის #1595177 და 2015 წლის 20 ნოემბრის #2594117 ბრძანებების არარად აღიარება, მოპასუხისათვის - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელე ლ. ლ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, აგრეთვე, 2015 წლის სექტემბრის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ლ. ლ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომლებიც ცალსახად მიჯნავს ერთმანეთისაგან სამინისტროს მოსამსახურისა და სსიპ-ის მოსამსახურის მნიშვნელობებს, კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურე არის პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე, ხოლო სსიპ-ის მოსამსახურე კი - სსიპ-ის პოლიციელი, სამოქალაქო პირი, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურე.

საქმის მასალებით, კერძოდ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა 3 სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 21 სექტემბრის #1863735 ბრძანების ამონაწერის თანახმად, დადგენილია, რომ შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი ლ. თ. ლ-ე დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ლ. ლ-ე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, კერძოდ, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პოლიციელს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის #337 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს დასახელებული დებულების მე-9 და მე-10 მუხლებზე, რომლებიც, ერთი მხრივ, განსაზღვრავს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ხოლო, მეორე მხრივ, ასეთი განცალკევებული განსაზღვრით ერთმანეთისაგან მიჯნავს მათ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. ამასთან, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მართავს ხელმძღვანელი, რომელიც შესაბამისი კანონის, საქართველოს მთავრობის დადგენილების (ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მიერ დაფუძნების შემთხვევაში – მისი სათანადო ნორმატიული აქტის), წესდების (დებულების) და წევრთა გადაწყვეტილებების (თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი წევრობაზეა დაფუძნებული) ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე.

ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, მართალია შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში და, შესაბამისად, ექვემდებარება მისი მხრიდან სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას, თუმცა იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც მაკონტროლებელი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას და, ამავდროულად, დამოუკიდებლად წყვეტს საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ სსიპ-ის მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან კონტროლის განხორციელება გულისხმობს სსიპ-ის საქმიანობის კონტროლს და არა სსიპ-ის უფლებამოსილებებისა თუ ვალდებულებების მის მიერ უშუალოდ განხორციელების შესაძლებლობას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის #199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულება არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება. თავის მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი საჯარო დაწესებულებად მოიაზრებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც. ზემოხსენებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის ფუნქცია, იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება. თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგის ან/და კატეგორიის ცვლილების გარეშე რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ვაკანტური შტატების გადაადგილება (როდესაც იცვლება თანამდებობ(ებ)ის იერარქიული რანგი ან/და კატეგორია) ან/და შემცირება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების ინიცირება ხდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, ერთი მხრივ, თავად განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ მისი ხელმძღვანელის ინიციატივით თავად არის უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 74-ე მუხლით გათვალისწინებულია სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. სსიპ „112“-ის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.

გასაჩივრებული ბრძანებების გამოცემის პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 17 იანვრის #56 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანდართული დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან სხვა უფლებამოსილი პირი, ხოლო 71-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, თანამდებობაზე დანიშვნა, თანამდებობიდან გათავისუფლება, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭება ფორმდება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, თუ არ განხორციელდა ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

მითითებული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული წესი ერთმანეთისაგან მკვეთრად მიჯნავს როგორც სამინისტროს მოსამსახურისა და სსიპ-ის მოსამსახურის ცნებებს, ასევე, ერთმანეთისაგან განცალკევებულად აწესრიგებს მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია, თავად განსაზღვროს მისი მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების ოდენობა, მიიღოს გადაწყვეტილება მათი დაარსებისა თუ ლიკვიდაციის შესახებ, აგრეთვე, აკონტროლოს ისინი, თუმცა სსიპ-ის საქმიანობა სრულიად დამოუკიდებლად მიმდინარეობს და მისი შიდა საკადრო პოლიტიკაც სწორედ სსიპ-ის ხელმძღვანელის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით განისაზღვრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე, კერძოდ, კასატორი - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესებზე, კერძოდ, პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის უფლებამოსილი პირის ბრძანებით გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს, რომ ზემოხსენებული დანაწესის უმთავრეს მითითებას სწორედ ტერმინი „უფლებამოსილი პირი“ წარმოადგენს. კანონმდებლობა ერთნამეთისგან ცალსახად მიჯნავს „სამინისტროს მოსამსახურისა“ და „სსიპ-ის მოსამსახურის“ ტერმინებს, ამასთან, აღნიშნულ მოსამსახურეთა დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების უფლებამოსილებას სხვადასხვა პირებს მიაკუთვნებს. თავის მხრივ, პოლიციელი შესაძლოა როგორც სსიპ-ის, ასევე, სამინისტროს მოსამსახურეს წარმოადგენდეს. შესაბამისად, პოლიციელის განთავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი უნდა განისაზღვროს აღნიშნული პირის დასაქმების ადგილისა და მისი კონკრეტული დაწესებულების მოსამსახურედ განსაზღვრის მიხედვით, კერძოდ, თუკი პირი სსიპ-ის მოსამსახურეა, მაშინ ზემოხსენებულ დანაწესთა თანახმად, მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილი სწორედ სსიპ-ის ხელმძღვანელია, ხოლო თუკი იგი „სამინისტროს მოსამსახურეთა“ პოლიციელთა რიგებში შედის, მაშინ მისი გათავისუფლების უფლებამოსილებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია აღჭურვილი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, #ბს-473-468(2კ-16) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება. სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის #ბს-815(2კ-18) განჩინებით ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი