ბს-131-131 (კ-18) 07 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი.მ. ი. ჯ-ის, ი.მ. დ. ჯ-ის, ხ. გ-ის, მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 01.03.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ი.მ. ი. ჯ-ის, ი.მ. დ. ჯ-ის, ხ. გ-ის, მ. გ-ის მიმართ, მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 04.05.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.მ.ი. ჯ-ემ, ი.მ. დ. ჯ-ემ, ხ. გ-მა და მ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.მ. ი. ჯ-ემ, ი.მ. დ. ჯ-ემ, ხ. გ-მა და მ. გ-მა, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ ცრუმაგიერობა დაადგინა მხოლოდ ორი ტრანზაქციის გამო, კერძოდ, ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის გადაფორმების გამო, რაც არასწორია, ვინაიდან შესაძლებელია ინდ.მეწარმეს ჰყავდეს ოჯახი, მასზე რეგისრტირებული იყოს რაიმე ქონება და ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე მან ქონება გაასხვისოს ან გააჩუქოს ოჯახის წევრზე. აღნიშნული გარემოება არ უნდა იქნას მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მცდელობად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ. ი. ჯ-ის, ი.მ. დ. ჯ-ის, ხ. გ-ის, მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
საქმის მასალებით დადასტურებულია ი.მ. ი. ჯ-ეს, ი.მ. დ. ჯ-ეს, ხ. გ-სა და მ. გ-ს შორის ავტომანქანასა და უძრავ ქონებაზე გარიგებების გაფორმება, აგრეთვე ი.მ. ი. ჯ-ისა და მ. გ-ის განქორწინების რეგისტრაცია, რაც დროში ემთხვევა საგადასახადო შემოწმების დაწყების პერიოდს. მოპასუხეთა შორის განხორციელებული მოქმედებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ისინი მოქმედებდნენ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის თანახმად ი.მ. ი. ჯ-ის, ი.მ. დ. ჯ-ის, ხ. გ-ისა და მ. გ-ის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველს ქმნის.
საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების დადასტურების მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს სხვა პირის ცრუმაგიერ პირს, სავალდებულოა დადასტურდეს, რომ გადასახადის გადამხდელის გამიჯვნა ამ სხვა პირისაგან რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია და კონკრეტული ერთი პირი ამ სხვა პირის მხრიდან გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით. (სუს №ბს-351-351 (კ-18) 16.10.2018წ. გადაწყვეტილება). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების არსებობა დადასტურებულია საქმეში დაცული 17.05.2013წ. საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის №21051 ბრძანებით (ტ.1. ს.ფ.28). ი.მ. ი. ჯ-ის მიერ 15.08.2013წ. მეუღლესთან - მ. გ-თან გაფორმებული საცხოვრებელი ბინის ჩუქების ხელშეკრულებით (ტ.1.ს.ფ. 38-41), ამავე უძრავ ნივთზე მ. გ-ის მიერ 20.08.2013წ. საკუთარ დასთან - ხ. გ-თან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით, ი.მ. ი. ჯ-ის მიერ 16.08.2013წ. მეუღლისთვის - მ. გ-ისთვის ავტომანქანის საკუთრებაში გადაცემით (ტ.1. ს.ფ.45, 86), ი. ჯ-ისა და მ. გ-ის შორის განქორწინების რეგისტრაციით (ტ.1. ს.ფ. 42). ხოლო ი.მ. ი. ჯ-ის საგადასახადო ვალდებულების არსებობა დადასტურებულია 07.04.2015წ. №040-4 საგადასახადო მოთხოვნით, რომლის თანახმად მას გადასახდელად დაეკისრა 187 509.84 ლ. (ტ.1. ს.ფ.36). მითითებული მოქმედებების განხორციელებამდე ი.მ. ი. ჯ-ის მიერ სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში იმავე მისამართზე, იდენტური საქმიანობის განხორციელება განაგრძო ი.მ. ი. ჯ-ის დედამ, ი.მ. დ. ჯ-ემ. უძრავი ქონება, სადაც სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდებოდა მითითებულ პერიოდში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ხ. გ-ზე, რომელიც გადასახადის გადამხდელად არ იყო რეგისტრირებული და ი.მ. დ. ჯ-ეს მასთან არ ჰქონდა გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, შესაბამისად, ი.მ. დ. ჯ-ე ფართს იყენებდა, როგორც საკუთარს. ამდენად, მართებულია მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ უძრავი თუ მოძრავი ქონების გადაცემის ოპერაციები შედეგობრივად მიმართული იყო ი.მ. ი. ჯ-ის საგადასახადო ვალდებულებების გამო გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან გარიდებისაკენ, რის გამოც არსებობდა ი.მ. ი. ჯ-ის, ი.მ. დ. ჯ-ის, მ. გ-ის და ხ. გ-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძვლები.
დაუსაბუთებელია კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მოქმედებები გამოწვეული იყო ცხოვრებისეული სიტუაციით და არა საგადასახადო დავალიანების თავიდან არიდების მცდელობით. კასატორები ვერ უთითებენ კონკრეტულად რა გარემოებამ განაპირობა ი.მ. ი. ჯ-ის მიერ საგადასახადო საქმიანობის შეწყვეტა და ამავე დროს იდენტური საქმიანობის გაგრძელება ი.მ. დ. ჯ-ის მიერ, აგრეთვე საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან დროის მცირე მონაკვეთში, საგადასახადო ვალდებულების მქონე პირის - ი.მ. ი. ჯ-ის სახელზე არსებული ქონების ოჯახის წევრზე - მეუღლეზე გადასვლა და ამავე პერიოდში მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ი.მ. ი. ჯ-ის, ი.მ. დ. ჯ-ის, ხ. გ-ის, მ. გ-ის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.მ. ი. ჯ-ის, ი.მ. დ. ჯ-ის, ხ. გ-ის, მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინება;
3. კ. ჩ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 29.03.2018წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი