ბს- 290-290 (კ-18) 07 თებერვალი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს "…ის" (უფლებამონაცვლე - სს "...ის") საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს "…ამ" 25.12.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების თანახმად, შპს "…ის" ხულოს რაიონულ საავადმყოფოში 2013 წლის 28 თებერვლიდან 2015 წლის 15 აპრილამდე პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.06.2015წ. N24 შერჩევითი შემოწმების აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 24.11.2015წ. N13 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.2016წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 09.06.2015წ. N24 შერჩევითი შემოწმების აქტის 5.3, 5.3.1, 5.3.2, 5.4, 5.5, 5.6, 5.7, 5.7.1, 5.7.2, 5.8, 5.8.1, 5.10, 5.11, 5.11.1-5.11.12, 5.12, 5.12.1-5.12.9, 5.13.1-5.13.30, 5.14.1-5.14.13 პუნქტების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.2016წ. გადაწყვეტილებით შპს "…ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს "…ამ".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2018წ. განჩინებით შპს "…ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.11.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს "…ის" მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ნორმატიული საფუძველი, რომელიც კასატორს დაავალდებულებს თითოეულ შემთხვევაზე ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის ჩატარებას. კასატორი ჰისტომორფოლოგიურ კვლევებს აწარმოებს იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს საჭიროდ ჩათვლის პაციენტის მკურნალი ექიმი, ვინაიდან "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. კასატორი აღნიშნავს, რომ "საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.12.2000წ. N242/ნ ბრძანება ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ პირთა წრეზე, რომელსაც კასატორი ცალსახად არ მიეკუთვნება. ამდენად სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად ჰისტომორფოლოგიური კვლევის წარმოების იმპერატიულად დადგენილი ვადლებულება. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნდა შემოწმების განხორციელების უფლებამოსილება, ხოლო ასეთი უფლებამოსილების არსებობის პირობებშიც, მას არ გააჩნდა შემოწმების ჩატარებისათვის საჭირო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ითვალისწინებს "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონის დანაწესი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენა არასწორი ნორმა შერჩევითი შემოწმების ჩატარებისას, კერძოდ "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 19.9. მუხლი, მაშინ როდესაც სახეზე იყო აღნიშნული დადგენილების 19.11. მუხლის გამოყენების წინაპირობები. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კასატორი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტის 5.1-5.1.117 პუნქტებით გათვალისწინებული შესაძლო დარღვევა ერთმნიშვნელოვნად არ წარმოადგენდა არასრულ ან არაჯეროვან სამედიცინო მომსახურებას. მორფოლოგიური კვლევის შედეგები რამდენიმე დღეს საჭიროებს, ხოლო მორფოლოგიური კვლევის შედეგების ლოდინი სამედიცინო დახმარების გასაწევად, მათ შორის ქირურგიული ჩარევის საკითხის გადასაწყვეტად, პაციენტის უფლებების დარღევა და მის მიმართ სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობა იქნება. ამდენად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ მორფოლოგიური კვლევის ჩაუტარებლობა წარმოადგენს არაჯეროვან ან არასრულ სამედიცინო მომსახურებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "…ის" (უფლებამონაცვლე - სს "...ის") საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. #36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-9 მუხლის მიხედვით პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხოლო პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორცილებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელს წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მუხ.3). მოცემულ შემთხვევაში ჩატარდა სამედიცინო დაწესებულების შერჩევითი შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავდა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების კონტროლს, რომელსაც ზედამხედველობის ფარგლებში აწარმოებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამდენად, ზემოაღნიშნული დადგენილების მიხედვით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ზედამხედველობის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების კონტროლისა და ინსპექტირების უფლებამოსილება. სადავო შემთხვევა მოწესრიგებულია სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც თავად განსაზღვრავს ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, შესაბამისად ურთიერთობის მოწესრიგებაც ექცევა ამავე კანონმდებლობის ფარგლებში და არ საჭიროებს დამატებით სხვა რეგულაციებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი შემოწმების აქტის 5.1-დან 5.1.117 პუნქტების მიხედვით პრეპარატი არ იყო გაგზავნილი ჰისტომორფოლოგიურ გამოკვლევაზე, ხოლო ჰისტომორფოლოგიური კვლევის სავალდებულოობა განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 05.12.2000წ. N242/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ბიოფსიური და ოპერაციული მასალის ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევის წესის შესახებ" დებულებით. ამდენად საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ კასატორის მიმართ მართებულად გამოიყენა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 19.9 მუხლით გათვალისწინებული სანქცია, რამეთუ ზემოაღნიშნულ შემთხვევებში სახეზეა დაწესებულების სამედიცინო მომსახურების არაჯეროვნად, არასრულად განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს "…ის" (უფლებამონაცვლე - სს "...ის") საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "…ის" (უფლებამონაცვლე - სს "…ის") საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.2018წ. განჩინება;
3. სს "...ს" (ს/კ ... ) დაუბრუნდეს შპს "…ის" (ს/კ ... ) მიერ საკასაციო საჩივარზე 05.03.2018წ. N: (ExcNo) 8542791 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარიდან 7700 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი და სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი