Facebook Twitter

ბს-550-550(კ-18) 07 თებერვალი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ტ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. მ-მა 15.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მინისტრის 30.10.2015წ. ბრძანების ბათილად ცნობის და სამინისტროსათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქურთის მუნიციპალიტეტის ქემერტის თვითმმართველი ერთეული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.10.2017 წ. გადაწყვეტილებით ტ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ტ. მ-ის მიერ.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 25.08.2015წ. დასკვნა და ქურთის მუნიციპალიტეტის ქემერტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის პოზიცია, რომელიც ადასტურებს 2008 წლის ომამდე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქ. თბილისში ტ. მ-ის რეგისტრაცია არ ადასტურებს მის ცხოვრებას ამ მისამართზე, სასამართლომ თავადვე აღნიშნა, რომ რეგისტრაციისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ასევე არ ადასტურებს ტ. მ-ის ქ. თბილისში ცხოვრებას მისი მეუღლისა და შვილის ქ. თბილისში ყოფნა, რადგან სკ-ის 1157-ე მუხლის თანახმად, მეუღლეებს უფლება აქვთ თავისუფლად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი. ტ. მ-ი ეწეოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ოჯახისათვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, რის გამო ცხოვრობდა მეუღლისაგან განცალკევებით, მისი ცოლ-შვილი პერიოდულად ჩადიოდა სოფ. …ში. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ 20.05.2009წ. ცნობის მიხედვით მოსარჩელის ერთ-ერთი შვილი მუდმივად ცხოვრობდა სოფ. …ში. კასატორი თვლის, რომ შსს-ს ცნობა არასარწმუნოა, რადგან გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთანავე, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსკ-ის 105-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებები ურთიერთსაპირისპირო გარემოებებზე უთითებენ. ერთი მხრივ საქმეში დაცულია ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 25.08.2015წ. დასკვნა და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქემერტის თვითმმართველი ერთეულის 03.07.2015წ. ცნობა, რომელთა თანახმად, ტ. მ-ი 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა სოფ. ...ში. მეორე მხრივ საქმეში დაცულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20.08.2015წ. ცნობა, 17.07.2015წ. დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქემერტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 20.05.2009წ. გაცემული ცნობა, ტ. მ-ის სახელზე 13.04.2006წ. გაცემული პირადობის მოწმობა, საიდანაც დასტურდება, რომ ტ. მ-ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში, მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა ქ. თბილისში, მისმა შვილებმა განათლება მიიღეს ქ. თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე ტ. მ-ს სოფ. ...ში მუდმივად არ უცხოვრია, სოფელში ცხოვრობდნენ მხოლოდ მისი მშობლები და ერთი შვილი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე იყო ის პირი, რომლის მიერაც 03.07.2015წ. გაიცა ცნობა მუდმივი საცხოვრებლის შესახებ, ამდენად, სოფ. ...ში მოსარჩელის ცხოვრების დამდგენი ორივე მტკიცებულება ერთი პირის მიერ არის გაცემული. დასკვნა მართალია ადასტურებს ტ. მ-ის სოფ. …ში მუდმივად ცხოვრებას, თუმცა არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, არ დგინდება საკითხის გამოკვლევის მიზნით რაიმე ქმედებების განხორციელება. აღნიშნულ დასკვნას, როგორც საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებს, არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, მისი შეფასება ხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი იძლევა განსხვავებული დასკვნის გაკეთების საფუძველს.

თავად კასატორი ადასტურებს, რომ 2008 წლის მოვლენებამდე მისი ცოლ-შვილი ქ. თბილისში ცხოვრობდა. მხოლოდ სკ-ის 1157-ე მუხლზე მითითება არ ასაბუთებს კასატორის განცალკევებით ცხოვრებას, რადგან ოჯახის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურდება, ივარაუდება, რომ მეუღლეები ერთად ცხოვრობენ. ამ დაშვების უარსაყოფად, მეუღლეების მიერ სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილის არჩევის დასადასტურებლად, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთანავე, შსს-ს 20.08.2015წ. ცნობით დასტურდება 2008 წლამდე კასატორის ქ. თბილისში ცხოვრება, მისი რეგისტრაციის ადგილიც ქ. თბილისია. მართალია რეგისტრაციის ადგილი იმთავითვე არ გულისხმობს პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრებას, თუმცა მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით დასტურდება რეგისტრაციისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის დამთხვევა. მტკიცებულებათა შეფასებისას გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ ტ. მ-ს 2015 წლამდე დევნილის სტატუსის მინიჭება არ მოუთხოვია იმის მიუხედავად, რომ მის მამას მინიჭებული ჰქონდა დევნილის სტატუსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი