ბს-639-639(კ-18) 21 თებერვალი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. კ-ემ და დ. ა-ემ 23.03.2017წ. სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის და მესამე პირების რ. გ-ისა და მ. გ-ის მიმართ მოპასუხის 10.03.2017წ. დადგენილების ნაწილობრივ - ჯ. კ-ისა და დ. ა-ის დაჯარიმების ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 28.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის 10.03.2017წ. N2 დადგენილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ზესტაფონში, ... ქ. N2-ში მდებარე ... სახლზე განხორციელებულ უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ ნაწილში უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მოახდინა საპროცესო ხარჯების განაწილება, რადგან კასატორი, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლე, „სახელწმიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და ადმინისტრაციული ორგანო, აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმით, დაეთანხმა სადავო აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის, მოსარჩელეთა ინტერესების გათვალისწინების გარეშე გამოცემას. ადმინისტრაციულმა ორგანომ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები მის მიერ დამატებით კვლევას საჭიროებდა. სასკ-ის 10.2 მუხლის მიხედვით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებას აკისრებს დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, უკეთუ დადასტურდება გასაჩივრებული აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემა. განსახილველ შემთხვევაში არამარტო სადავო აქტის საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემა დადასტურდა, არამედ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტი. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (სსკ-ის 53.1 მუხ.). ამდენად, მოსაზრება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რადგან იგი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან, არ არის დასაბუთებული და მოკლებულია სათანადო სამართლებრივ საფუძვლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს, რომელიც სასამართლო წესით დაადასტურებს გასაჩივრებული აქტის უკანონობას, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გამოცემას და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს არამართლზომიერ ქმედებას, არ მიეცემა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესაძლებლობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობის პრინციპებსა და არსებულ ნორმატიულ მოწესრიგებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი