Facebook Twitter

ბს-700-700(კ-18) 21 თებერვალი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2018წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…მა“ 02.06.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ კომისიის 19.02.2016წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.06.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.03.2017 წ. გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „…ის“ მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, კომისიის მოსაზრებები სასამართლოებმა დაუსაბუთებლად გაიზიარეს. ს. ა-ე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდეც მოიხმარდა წყალს არასაყოფაცხოვრებო მიზნით. ს. ა-ის მიერ შპს „N...-ის“ დაფუძნებამდე თბილისში, …ის ქ. N1-ში ფუნქციონირებდა ს.ა-ის მიერ დაფუძნებული შპს „1…“, რომელმაც ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა უძრავი ქონების ერთ-ერთ მესაკუთრესთან, თუმცა საჯარო რეესტრმა ეს ხელშეკრულება არ დაარეგისტრირა თანამესაკუთრის თანხმობის არარსებობის გამო. ს. ა-ეს ფართი დაქირავებული ჰქონდა 2014 წლიდან და ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. ს. ა-ემ თავად აღიარა წყლის უმრიცხველო მოხმარება, ამასთან, 2015 წლის დეკემბერში იგი აღირიცხა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დასტურდება წყლის უმრიცხველოდ მოხმარება, აღნიშნული ფაქტის დადგენა არ შეადგენს განსახილველი დავის საგანს. სადავოა უმრიცხველოდ მოხმარებული წყლის ღირებულების დაანგარიშების მეთოდიკა. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა შემოწმების განხორციელების მომენტში - 2015 წლის ნოემბერში ს. ა-ის მიერ წყლის არასაყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენება. მართალია, შენობაზე განთავსებული იყო აბრა, თუმცა აღნიშნული გარემოება დამოუკიდებლად იმთავითვე არ ადასტურებს სასტუმროს ფუნქციონირებას, რადგან საქმის მასალების მიხედვით, შპს „N…“ დაარსდა 05.01.2016წ., ხოლო მასსა და რ. ა…ს შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო 06.01.2016წ.. ფოტოები ან სხვა რაიმე მასალა, რომელიც სადავო პერიოდში სასტუმროს ფუნქციონირებას დაადასტურებდა წარმოდგენილი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი შედგენილია სასტუმრო „N…-ის“ მიმართ, რომელიც სადავო პერიოდში ცალკე სუბიექტად არ არსებობდა.

კასატორის მითითება, რომ ს. ა-ემ 2014 წ. დააფუძნა შპს „1…“, რომლის მეშვეობითაც იგი ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, არ ასაბუთებს დარიცხვის კანონიერებას, რადგან შპს არის დამოუკიდებელი სამართალსუბიექტი, მისი უფლებები და ვალდებულებები გამიჯნულია დამფუძნებელთა და დირექტორთა უფლება-მოვალეობებისაგან. ამდენად, უკეთუ შპს „1…“ სარგებლობდა ფართით და არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარდა წყალს, მაშინ გაურკვეველია ს. ა-ისათვის უმრიცხველოდ მოხმარებული წყლის ღირებულების დაკისრების საფუძველი.

ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დასარიცხი თანხის ოდენობის განსაზღვრისას შპს „…მა“ უნდა გაითვალისწინოს არსებული მილის გამტარუნარიანობა, წყლის დანადგარების ოდენობა, სავარაუდო დღიული ხარჯი, მათი მუშაობის რეჟიმი და სხვ..

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.03.2018წ. განჩინება;

3. შპს „…ს“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.07.2018წ. N76 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი