ბს-806 (კ-18) 07 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. კ-ემ 20.06.2017წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 13.12.2016წ. №492052 ბრძანების ბათილად ცნობის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის არქიტექტურულ სამშენებლო განყოფილების …ის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 06.10.2017წ. გადაწყვეტილებით ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ განთავისუფლების შესახებ ბრძანება არ შეიცავს განთავისუფლების კონკრეტულ მიზეზს, სააპელაციო სასამართლომ ბრძანება კანონის დაცვით მიღებულად ჩათვალა ყველანაირი დასაბუთებულობისა და ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, არ იმსჯელა მტკიცებულებებზე, არ მისცა მათ სათანადო შეფასება და არ გამოიყენა ისინი საქმეში არსებული გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისათვის. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული ბრძანება შეესაბამება მისი გამოცემის დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99.4 მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. კ-ის სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მიერ შედგა #1190-49 მოხსენებითი ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ ა. კ-ე სამსახურში არ ცხადდებოდა და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა 24.11.2016-13.12.2016წ. პერიოდში (ს.ფ.61). აღნიშნული გარემოება მართებულად გახდა ა. კ-ის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, ვინაიდან იმ დროისათვის მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99.4 მუხლი ითვალისწინებდა მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლებას მის მიერ სამსახურის თვითნებურად 5 დღეზე მეტი ხნით მიტოვების შემთხვევაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად კასატორი არ უარყოფს მის მიერ 5 დღეზე მეტი ვადით სამსახურის მიტოვების ფაქტს. ამასთანავე, კასატორს სადავოდ არ გაუხდია ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის #1190-49 მოხსენებითი ბარათი, რაც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა. საქმეში წარმოდგენილი არ არის ა. კ-ის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საკასაციო საჩივარში გადმოცემულია ზოგადი მითითებები გასაჩივრებული განჩინების უსწორობაზე, რაც არ ადასტურებს განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია როგორც სააპელაციო საჩივრის არგუმენტები, ასევე სასამართლოს მსჯელობა ყველა სადავო საკითხთან დაკავშირებით. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ა. კ-ის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი