ბს-277(კ-19) 21 მარტი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა 30.06.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2017წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 30 000 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.03.2018წ. განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა გ. გ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2018წ. განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2018წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მორალური ზიანის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, მსგავს შემთხვევებში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა დადგინდა 3000, 5000 და 10000 ლარით (ბს-154-154(კ-18), ბს-972-932(კ-07), ბს-239-237(2კ-16)). კასატორი სზაკ-ის 208-ე, სკ-ის 1005-ე, მე-18, 412-ე, 413-ე მუხლებზე მითითებით თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს აგრეთვე, რომ მორალურ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, მისი ანაზღაურების მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლების რესტიტუცია. სახელმწიფოს ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, აღნიშნული ოდენობით ზიანის ანაზღაურება მნიშვნელოვან ტვირთად დააწვება ბიუჯეტს. ის, რომ გამოძიების ეტაპზე გ. გ-ი ცნობილ იქნა დაზარალებულად, იმთავითვე არ ადასტურებს მორალური ზიანის არსებობას, მოსარჩელე ვალდებულია დაადასტუროს ასეთი ზიანის არსებობა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სტაციონარში მოთავსებისას მოსარჩელის მდგომარეობა იყო სტაბილური, თუმცა მისი მდგომარეობა გაუარესდა თვითდაზიანების შედეგად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, სკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, რაც განსახილველ დავაში სახეზეა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. გ-ი იყო 26.05.2011წ. ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ განხორციელდა აქციის დაშლა. კანონიერ ძალაში მყოფი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 27.02.2014წ. განაჩენით ი. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ ძალადობისა და იარაღის გამოყენებით პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსაილებათა გადამეტებისათვის. განაჩენით დადგინდა, რომ აქციის დაშლისას სამართალდამცავები მინისტრის ბრძანების შესაბამისად მოქმედებდნენ, პოლიციამ აბსოლუტური ალყა შემოარტყა რუსთაველის გამზირს და მომიტინგეების მიმართ გამოიყენა ერთდროულად და ინტენსიურად, ობიექტურად არასაჭირო რაოდენობის სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი, მხუთავი აირი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები. ისინი მომიტინგეებს სასტიკად სცემდნენ მას შემდეგ რაც მომიტინგეები ხელებ, ზოგჯერ ფეხებშეკრულებიც მიწაზე წყლის გუბეში ვარდებოდბნენ. პოლიციის მიერ ფიზიკური იძულებისა და სპეციალური საშუალებების განურჩევლად გამოყენების შედეგად მრავალმა ადამიანმა, რომლებსაც არ მიეცათ მიტინგის ტერიტორიის დატოვების საშუალება, მიიღეს სხეულის მძიმე დაზიანებები, განიცადეს ძლიერი სულიერი ტანჯვა, ხოლო ორი ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს მთავარი პოკურატურის 22.07.2013წ. დადგენილებით გ. გ-ი აღნიშნულ საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად. დადგენილებაში მიეთითა, რომ გ. გ-ს შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციულად გამოყენების შედეგად მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი. საქმეში დაცული სამედიცინო ცნობების მიხედვით, გ. გ-მა 26.05.2011წ. მიმართა სტაციონარს, დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, ექსკორიაცია შუბლზე, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, დაჟეჟილობა, ჭრილობა ბარძაყზე, ჭრილობა კისრის არეში, მოგვიანებით დაუდგინდა ასევე ბოდვითი განწყობა, ფსიქომეტრული აგზნება. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ გ. გ-მა ვერ შეძლო გამოჯანმრთელება, 2013 წ. გ. გ-ს კვლავ დაესვა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა, ქალა-ტვინის დაზიანების შემდგომი მდგომარეობა, ნარჩენი მოვლენები, ავადმყოფობის აღწერილობის მიხედვით მოსარჩელე შეპყრობილია დევნის სინდრომით, კონტაქტში პასიურია, არ ენდობა ოჯახის წევრებსაც კი. 2017წ. სამედიცინო ცნობების მიხედვით, გ. გ-ს კვლავ აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებები, პოსტტრავმული ფსიქოზი, ავადმყოფობის მიმდინარეობა ქრონიკულია. ამდენად, მართალია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენსა და დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის დადგენილებას ადმინისტრაციულ პროცესში არ ენიჭებათ პრეიუდიციული ძალა, თუმცა ისინი წარმოადგენენ წერილობით მტკიცებულებებს, რომელთა შეფასება ხორციელდება საქმეში დაცულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. საქმის მასალების: სამედიცინო დოკუმენტაციის, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების, კანონიერ ძალაში მყოფი განაჩენის, მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ. გ-ი ნამდვილად მონაწილეობდა ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე 26.05.2011წ. გამართულ საპროტესტო აქციაში, რა დროსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მხრიდან ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არათანაზომიერი გამოყენების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი დაზიანება, ამ დაზიანებების შედეგად არსებითად შეიცვალა მისი ცხოვრების წესი. კასატორის მოსაზრება, რომ სტაციონარში მოთავსებისას გ. გ-ის მდგომარეობა იყო სტაბილური, არ დასტურდება საქმეში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციით. პირიქით, სამედიცინო ცნობებში ასახული გ. გ-ის ავადმყოფობის განვითარების ისტორიის ანალიზი ადასტურებს, რომ გ. გ-მა მიიღო დაზიანებები, მათ შორის ქალა-ტვინის ტრავმა და მას ამჟამადაც აქვს მძიმე ფსიქიკური პრობლემები.
სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. საქმეზე დადგენილი ფაქტობივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მორალური ზიანის გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მართებულად განისაზღვრა 30 000 ლარი.
კასატორის მითითება უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე არ ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას, რადგან მორალური ზიანის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, პირის სუბიექტური მახასიათებელების, დაზიანების ხარისხის მიხედვით განისაზღვრება. კასატორის მიერ მითითებული და განსახილველი საქმის გარემოებები არ არის არსებითად მსგავსი, მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და თანამდევი შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება კასატორის მიერ მითითებულ საქმეებში დაზარალებულებისათვის მიყენებული დაზიანებებისაგან. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არაერთ დავაში საკასაციო პალატას მოპასუხისათვის დაკისრებული აქვს მორალური ზიანის ანაზღაურება უფრო მეტი ოდენობითაც (იხ. მაგ.25.07.2013წ. ბს-494-488(2კ-12), 08.04.2009წ. ბს-972-936(2კ-08) გადაწყვეტილებები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი