ბს-476-476 (კ-18) 21 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ჭ-ემ 01.06.2016წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირების: შპს „…ის“, ა. ჭ-ის (...), რ. დ-ის (პ/ნ …), რ. დ-ის (პ/ნ …), ჯ. ზ-ის (...) და მ. ბ-ის (პ/ნ ...) მიმართ (ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 23.09.2016წ., 01.12.2016წ. განჩინებები) და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის „...” -ის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მოსარგებლეების დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის 12.08.2015წ. N4 საოქმო გადაწყვეტილების 57-ე ნაწილის გაუქმება, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ს. ჭ-ის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ ფართად მიეთითება 22012 კვ.მ., ნაცვლად 4499 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა, აგრეთვე ამავე კომისიის 15.04.2016წ. N7 საოქმო გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც ს.ჭ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე კომისიის 12.08.2015 წ. N4 საოქმო გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მესამე პირებს: ა. ჭ-ეს, რ. დ-ეს, მ. ბ-ეს, ჯ. ზ-ეს და რ. დ-ეს დაუდგინდათ მიწის ნაკვეთის მოსარგებლეობა იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ზედდებაშია ს. ჭ-ის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 24.05.2017წ. გადაწყვეტილებით ს. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჭ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2018წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჭ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ს. ჭ-ეს არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების კომისიისათვის წარდგენის შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1992 წლიდან ს. ჭ-ე ფლობდა სადავო ტერიტორიას, აგრეთვე საქმის განხილვისას მესამე პირების მიერ აღიარებული იქნა, რომ ს. ჭ-ე ფლობდა სადავო ტერიტორიას, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ. კომისია შექმნილი იყო დროებით, რის გამოც სასამართლო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას საკითხის განმეორებით შესასწავლად კომისიისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, რაც არასწორია, ვინაიდან სასამართლო უფლებამოსილი იყო თავად მიეღო სადავო საკითხზე გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ჭ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები. ს. ჭ-ის მიერ ვერ იქნა მითითებული რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. კომისიის 12.08.2015წ. #4 და 15.04.2016წ. #7 გადაწყვეტილები გასაჩივრებულ ნაწილში დასაბუთებულია. კომისიის 12.08.2015წ. #4 გადაწყვეტილება შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ კომისიამ ადგილზე დათვალიერებით, მოსახლეობის გამოკითხვისა და დამატებით მოპოვებული ინფორმაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. ამდენად, არ დასტურდება საქმის გარემოებების გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილების მიღება. უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მას არ მიეცა კომისიისთვის საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ს. ჭ-ემ მიიღო შეტყობინება მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულების თაობაზე, მან არაერთი განცხადებით მიმართა კომისიას და მიუთითა დამატებითი ფართობის მის სარგებლობაში არსებობაზე, რაზეც კომისიის მიერ მიღებული იქნა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტ.1.ს.ფ.35-36). ამდენად, არ დასტურდება კომისიის მხრიდან ს. ჭ-ის უფლების იმგვარი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (სზაკ-ის 6012 მუხ.).
საკასაციო საჩივარში ასახული მითითებები გასაჩივრებული განჩინების უსწორობაზე არ ადასტურებს განჩინების გაუქმების საფუძვლების არსებობას. სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია როგორც სააპელაციო საჩივრის არგუმენტები, ასევე სასამართლოს მსჯელობა სადავო საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის
თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ს. ჭ-ის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2018წ. განჩინება;
3. ტ. ჭ-ეს (პ/ნ …) დაუბრუნდეს მის მიერ ს. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 05.07.2018წ. N17080397 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი