საქმე ბს-711-711 (გ-18) 21 მარტი, 2019წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 08.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს ,,...ს’’ მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 77 500 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,დ...ს“ შორის 02.09.2015წ. ელექტრონული აუქციონის გამართვის შემდეგ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. თბილისში, … მდებარე 11 057 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის, მათ შორის, მიწის ქვეშ არსებულ ნაწილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღებ მეორად სამშენებლო მასალებზე. ქონების საპრივატიზებო საფასური 39 000 ლარის ოდენობით მყიდველს უნდა გადაეხადა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მყიდველს აღნიშნული ნარჩენები ტერიტორიიდან უნდა გაეტანა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო. მოსარჩელის განმარტებით, 11.09.2015წ. შპს ,,დ...სა’’ და შპს ,,...ს’’ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,...ზე’’ გადავიდა 02.09.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება იმავე პირობით. შესაბამისად, შპს ,,დ...ს’’ ჩაენაცვლა შპს ,,...’’. 25.07.2016წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მოსარჩელემ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის 6.61 მუხლის, საფუძველზე აღნიშნა, რომ აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ 4.10 მუხლის თანახმად, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 07.09.2010წ. ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ’’ დებულების 8.8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით. სწორედ ამიტომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თვლის, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ელექტრონული აუქციონის გამართვის შედეგად მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 77 500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.08.2016წ. განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,დ...ს’’ შორის 02.09.2015წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისთვის არსებითია დადებული ხელშეკრულების ხასიათი. ხელშეკრულების შესრულებასთან ან/და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადად, თუ ხელშეკრულება ადმინისტრაციულია. სასამართლომ სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევისათვის საჭიროა მასში იკვეთებოდეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, ამიტომ ხელშეკრულება სამოქალაქო-სამართლებრივია, რის გამოც მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. აღნიშნული შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018წ. განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმე გადმოგზავნილია არაუფლებამოსილ კოლეგიაში, რადგან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არასწორად ჩათვალა დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავად. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე, სასკ-ის 26.1 მუხლის მიხედვით, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. სასკ-ის 2.3 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნის საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებზე დაფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათი. სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანების, ,,ქ. თბილისში, ... მდებარე 11 057 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის, მათ შორის, მიწის ქვეშ არსებულ ნაწილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 10.08.2015წ. N1/1-3134 ბრძანების და 25.08.2015წ. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ N1635 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების’’ საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ სახეზეა პრივატიზებიდან წარმოშობილი დავა, სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რადგან პრივატიზების პროცესი არ განეკუთვნება კერძოსამართლებრივ ურთიერთობას და სახელმწიფო ამ ურთიერთობებში არ გამოდის კერძო პირად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეხება კერძო სამართლებრივ სუბიექტსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის არსებული საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას და ის წარმოადგენს არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ. სასკ-ის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, აღნიშნული მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის იმ სამართალურთიერთობიდან წარმოშობა, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საგნობრივი განსჯადობის დასადგენად, კონკრეტული დავის ადმინისტრაციული კატეგორიის საქმისადმი კუთვნილების მაჩვენებელია სადავო ურთიერთობებში ერთ-ერთ მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა, სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე წარმოშობა და ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. ვინაიდან სადავო სამართალურთიერთობა მოცემულ შემთხვევაში გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, დავის განსჯადობის გადაწყვეტა საჭიროებს ამ ხელშეკრულების ბუნების გარკვევას, რადგანაც სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. სზაკ-ის 65.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლია ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით, ხოლო სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული სამოქალაქო - სამართლებრივი ხელშეკრულება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „დ...ს“ შორის 02.09.2015წ. გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც საპრივატიზებო ქონებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... მდებარე 11057 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N1-ზე (ნანგრევი), მათ შორის მიწის ქვეშ არსებულ ნაწილზე, ჩასატარებელი სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალები. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა. სახელმწიფო პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს. სზაკ-ი გარკვეულწილად აღიარებს სუბიექტების თეორიას, სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტში მოცემული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება. ამდენად, პრივატიზების ხელშეკრულებაში სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი სავალდებულო ნიშანი - მასში ყოველთვის მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზეა.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების სავალდებულო კომპონენტს წარმოადგენს აგრეთვე ხელშეკრულების საჯარო-სამართლებრივი მიზანი (სზაკ-ის 2.1 მუხ. „ზ“ ქვ.პ.). „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი მაშინაა სახეზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მისთვის კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უკანასკნელის შესრულების მიზნით. ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვა/განკარგვა, პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციათა რიგს განეკუთვნება, ამდენად, სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს მისთვის კანონით დადგენილ საჯარო უფლებამოსილებას და აქედან გამომდინარე, დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას სახელმწიფო ცალმხრივად ადგენს სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებს, მაშინაც კი როდესაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ინიცირება ხდება დაინტერესებული პირისაგან, რაც განაპირობებს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დომინირებულ მდგომარეობას და დამატებით ადასტურებს ურთიერთობის საჯარო-სამართლებრივ ხასიათს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის ადმინისტრაციული განსჯადობის დასადგენად, ყველა სხვა ელემენტთან ერთად, უნდა განისაზღვროს თავად ხელშეკრულების მატერიალურ-სამართლებრივი ბუნება, ხელშეკრულება უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა პრივატიზების გზით. ასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული წაროების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულება იდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებს ხელშეკრულების საპრივატიზებო პირობების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესს კომპლექსური ხასიათი აქვს, ამ პროცესის დამაგვირგვინებელია პრივატიზების შესახებ ხელშეკრულების დადება, თუმცა ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს (ობიექტის პრივატიზების ფორმების შესახებ), უხდება საჯარო მოქმედებების (რეალაქტების) განხორციელება (მაგ. აუქციონის გამოცხადება, განცხადებების მიღება, შედეგების შეჯამება და სხვ.).
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზება არის სახელმწიფო ქონებაზე ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონით, პირდაპირი მიყიდვით ან ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა ფორმებით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით გათვალისწინებული წესით. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს ადგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი’’, რომლის 1.11 მუხლის თანახმად, ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობით. ამავე მუხლით განსაზღვრულია პირობებიანი აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის ვალდებულებები. სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ 1.2 მუხლი). ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია - საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და სახელმწიფო ქონების პრივატიზების უფლებით გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს (,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ 1.5 მუხლი). ელექტრონული აუქციონი (პირობებით) ცხადდება პრივატიზების უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით (,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’ 1.10 მუხლი).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „დ...ს“ შორის 02.09.2015წ. ხელშეკრულება, რომლიდანაც გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა, გაფორმებდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის’’, ,,ქ. თბილისში, ... მდებარე 11 057 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის, მათ შორის მიწის ქვეშ არსებულ ნაწილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად მისაღები მეორადი სამშენებლო მასალების ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 10.08.2015წ. N1/1-3134 ბრძანების, ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ N1635 ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დადასტურების შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 25.08.2015წ, ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული თავად მხარეთა შორის გაფორმებული 02.09.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული. ამდენად, ხელშეკრულების საგანი ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ წარმოებას. ვინაიდან ხელშეკრულება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე იდება, სახეზეა საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა.
ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავები საერთო სასამართლოების მიერ განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251.2 მუხ.). მართალია დავის საგანია - მხარეთა შორის 02.09.2015წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო მოპასუხისათვის 77 500 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, მაგრამ თავად ნასყიდობის ხელშეკრულებით ხდება სახელმწიფო ქონების (მეორადი სამშენებლო მასალების) პრივატიზება, რაც მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავის ადმინისტრაციულ ხასიათს განაპირობებს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის 61 პუნქტის თანახმად, აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011წ. N1/172 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის“ 4.10 პუნქტის მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევეაში დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 07.09.2010წ. N1-1/1487 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების“ 8.8 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის 02.09.2015წ. დადებული ხელშეკრულების 6.3 მუხლით ვალდებულებების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია აგრეთვე შპს „დ...ს“ და შპს „...ს“ შორის 11.09.2015წ. დადებულ ხელშეკრულებაში (მე-7 მუხ.), რომლითაც შპს „...მ“ იკისრა სააგენტოსა და შპს „დ...ს“ შორის 02.09.2015წ. დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული მოთხოვნის ვალდებულებით-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალება, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება (სკ-ის 405-ე მუხ.), აღნიშნული არ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დავის განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს იმ ხელშეკრულებიდან, რომელიც დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით. განსახილველი დავის შინაარსს არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლიანობას ასაბუთებს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარის მიერ მითითებული სამართლებრივი დასაბუთება არ ზღუდავს სასამართლოს განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტაში. ამასთანავე, სასამართლო კომპეტენციის სისრულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს ძალუძს გაერკვეს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დავის გადაწყვეტისას გამოიყენოს არამხოლოდ საჯარო-სამართლებრივი, არამედ კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმები, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავა კომპლექსური ხასიათისაა და საჯარო-სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეიცავს დამატებით კერძო-სამართლებრივი რეგულაციის ელემენტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოში მოქმედებს ერთიანი სასამართლო სისტემა. მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. მთავარი საკითხის გადამწყვეტ მოსამართლეს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკითხთა მთელი ერთობლიობა. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებული საკითხები ზოგადად სამოქალაქო, კერძო სამართლის მოწესრიგების სფეროს წარმოადგენს, არ ქმნის განსჯადობის საქმის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარების საფუძველს, რადგან თავად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რომელიც საჯარო კანონმდებლობით მოწესრიგებას მოითხოვს. სწორედ ხელშეკრულების საგანი, მისი დადების საფუძვლები, მიზანი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად უფლება-მოვალეობათა შინაარსი განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის საგნობრივ განსჯადობას.
ამდენად, სასკ-ის 251, 26.3 მუხლების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 251, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე შპს ,,...ს“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი