#ბს-1271(2კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 3 დეკემბერს ნ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მესამე პირის - მ. კ-ის მონაწილეობით.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, ასევე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) მ. კ-ის სახელზე 2008 წლის 26 აგვისტოს რეგისტრაციის, უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) მ. კ-ის სახელზე 2008 წლის 26 აგვისტოს რეგისტრაციის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისთვის წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, დედამისმა გაყიდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (მდებარე 47-ე კვარტალში, ფერმების ტერიტორიაზე, როგორც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტში). მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრმა არასწორად დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთები მისი მიწის ნაკვეთის კოორდინატებზე, საკადასტრო კოდებით 001, 002. დასახელებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს სხვაგან, კერძოდ, ფერმების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულით მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრების უფლება, ვინაიდან, ვეღარ შეძლო მის კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 ნოემბრის #... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... მ. კ-ის სახელზე 2008 წლის 26 აგვისტოს რეგისტრაცია; ბათილად იქნა ცნობილი უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... მ. კ-ის სახელზე 2008 წლის 26 აგვისტოს რეგისტრაცია; მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ ...ში და რომლის მახასიათებელია ..., ნ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურმა და მ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მარტის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ნა. მ-ა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრის და მ. კ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 9 ნოემბრის #... გადაწყვეტილება, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... მ. კ-ის სახელზე 2008 წლის 26 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაცია და უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... მ. კ-ის სახელზე 2008 წლის 26 აგვისტოს განხორციელებული რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, სადავო საკითხის მიმართ ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურმა ცენტრმა ისე გამოსცა გასაჩივრებული აქტები, რომ სრულყოფილად არ შეუსწავლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრი ვალდებულია ხელახლა გამოიკვლიოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, თუ საჭიროა დამატებით გამოითხოვოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, ადგილზე შეისწავლოს მოსარჩელისა და მესამე პირის მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა, მათი მახასიათებლები, ასევე ის, თუ ვინ ფლობს ფაქტობრივად სადავო მიწის ნაკვეთს, ამასთან, ადგილზე დაკითხოს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეები, შეისწავლოს მოსარჩელისა და მესამე პირის მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო აზომვითი ნახაზის როგორც ქაღალდის, ასევე ელექტრონული ვერსიები (მათი არსებობის შემთხვევაში), ასევე განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა სხვა ღონისძიება და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცეს დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის მიმართ.
სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არ დაუშვას ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრში დაცული მონაცემები შეიცავდა მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს (სარეგისტრაციო ზონის და სექტორის კოდები, ნაკვეთის ნომერს, კონტურს). სასამართლოს მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განაცხადით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - ნ. კ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს დავალებით მის მიერ წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულება ორთო ფოტოს სახით (ამოღებული საჯარო რეესტრის ბაზიდან ავტორიზებული პირის მიერ დამოწმებული ბეჭდით), საიდანაც თვალნათლივ დგინდება, რომ პირველად რეგისტრაცია განხორციელებულია ელექტრონული ნახაზის გარეშე 2005 წელს ე.წ. „ქაღალდის ვერსიის“ სახით ნ. კ-ის სახელზე საკადასტრო კოდით ...; ხოლო მასზე შემდგომ მ. კ-ის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული ორ ნაკვეთად, საკადასტრო კოდით ... და ... .
კასატორის მითითებით, მიუხედავად საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებისა, სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტილების მიღების გარეშე ბათილად ცნო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებები და მასვე დაავალა იმ საკითხების ხელახალი შესწავლა, რომლებიც როგორც რაიონული სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად იქნა მიჩნეული და სასამართლოების მიერ გამოკვლეული და დაგენილი ფაქტობრივი გარემოებების რევიზია დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უკანონო მოქმედებაც არის გასაჩივრებული.
კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მითითებით, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით ვერ შეიცვლებოდა სადავო უძრავი ნივთების ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია. შესაბამისად, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ რეგისტრაციების შესახებ მ. კ-ის სახელზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, სასამართლოს მიერ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვერ მიიღწევა მოსარჩელის ინტერესი და სადავო უძრავ ქონებაზე აღდგება ნასყიდობამდე განხორციელებული დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მდგომარეობა. ამასთან, სადავო უძრავი ქონება (ს/კ: ..., ...) მესამე პირის მიერ 2016 წლის 10 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისდა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა ნა. მ-ას სახელზე. აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ შეფასების გარეშე დარჩა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე დადგინდა, რომ სადავო უძრავი ნივთების (ს/კ: ..., ...) თავდაპირველი მესაკუთრე - ზ. კ-ე, რომლისგანაც მესამე პირმა - მ. კ-ემ შეიძინა უძრავი ნივთები, არის მოსარჩელის დედა.
კასატორის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული არ არის სადავო უძრავი ნივთების პირველადი რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 26 აგვისტოს #... და #... გადაწყვეტილებები და მის საფუძვლად არსებული დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტები), რომლითაც როგორც სასამართლო უთითებს ზუსტად დგინდება ნაკვეთების ადგილმდებარეობა, გაურკვეველია რა იურიდიული ინტერესი აქვს მოსარჩელეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მიმართ. მით უფრო, რომ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიც ძალაში მყოფ დოკუმენტებს წარმოადგენს და სადავო არ გამხდარა მოსარჩელის მიერ. მესამე პირის მიერ არ შეცვლილა სადავო უძრავი ნივთების ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია, ვინაიდან მან უკვე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით არსებული უძრავი ნივთები დაირეგისტრირა.
კასატორის განმარტებით, დავის საგნიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და ვერ შეაფასებს სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებულ პირველად რეგისტრაციებს, რომლებიც, იმთავითვე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა უფლებამოსილება ემსჯელა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების ადგილმდებარეობაზე, ვინაიდან მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული პირველადი რეგისტრაციები. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და შეაფასა კანონიერ ძალაში შესული ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც დავის საგანს არ წარმოადგენდა.
კასატორის მითითებით, სააგენტო და მისი შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციითა და ა.შ. კასატორი მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე, ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღებისას არც ერთ აღნიშნულ საფუძველს ადგილი არ ჰქონია და სააგენტოსა და შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრისა და 19 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. კ-ე 2005 წლის 24 მარტს აღირიცხა ქ. თელავში, სოფელ ...ში მდებარე 23468.10 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, სარეგისტრაციო ნომრით ...; რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2005 წლის 15 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის ნომრით 1-1063. მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ. კ-ემ ვ. კ-ისგან შეიძინა ქ. თელავში, სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის მახასიათებლებია: ა) სარეგისტრაციო ზონა - თელავის რაიონი, კოდი - …; ბ) სექტორი - სოფ. ...ი; კოდი - …; გ) კვარტალი - …, ნაკვეთის ნომერი - ..; დ) ფართობი - 23468.10 კვ.მ (დაზუსტებული).
ასევე დადგენილია, რომ ზი. გ-ეს (ზ. კ-ე ქორწინებამდელი გვარი) მიწის რეფორმის დროს გამოეყო 1 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე „მესაქონლეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე“, რაზეც გაიცა #661 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, იმ დროისათვის ზი. გ-ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთები იყო: ჩრდილოეთით - საურმე გზა, სამხრეთით - საურმე გზა, აღმოსავლეთით - ფერმის გზა, დასავლეთით - საურმე გზა. 2008 წლის 25 აგვისტოს ზ. კ-ე აღირიცხა თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 10091.1 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, სარეგისტრაციო კოდით .... 2008 წლის 25 აგვისტოს ზ. კ-ე აღირიცხა თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 10084.9 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, სარეგისტრაციო კოდით … .
დადგენილია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს ზ. კ-ესა და მ. კ-ის წარმომადგენელს ი. ჯ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მ. კ-ემ ზ. კ-ისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე თელავი, სოფელი ...ი, ფართი - 10091.1 კვ.მ, ს/კ - … . მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - თელავის რაიონი, კოდი - …; სექტორი - სოფ. ...ი; კოდი - …; კვარტალი …, ნაკვეთის ნომერი - …; დ) ფართობი - 10091.1 კვ.მ (დაზუსტებული). ასევე, 2008 წლის 26 აგვისტოს ზ. კ-ეს და მ. კ-ის წარმომადგენელს ი. ჯ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მ. კ-ემ ზ. კ-ისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: თელავი, სოფელი ...ი, ფართი - 10084.9 კვ.მ, ს/კ ... . მიწის ნაკვეთის მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა - თელავის რაიონი, კოდი - …; სექტორი - სოფ. ...ი; კოდი - …; კვარტალი - …, ნაკვეთის ნომერი - …; დ) ფართობი - 10084.9 კვ.მ. (დაზუსტებული). ამის შემდეგ, მ. კ-ე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, მდებარე თელავის რაიონი, სოფელი ...ი, ფართით 10084.9 კვ.მ, კოდით ... . მ. კ-ე აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ, მდებარე თელავის რაიონი, სოფელი ...ი, ფართით 10091.1 კვ.მ, კოდით ... .
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურმა ცენტრმა ისე გამოსცა გასაჩივრებული აქტები, რომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოპასუხეს არ გამოუკვლევია, თუ რატომ ხდება მოსარჩელისა და მესამე პირის მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება იმ პირობებში, როდესაც მათ ხელთ არსებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების თანახმად, ეს მიწის ნაკვეთები სხვადასხვა მიწის ნაკვეთებს წარმოადგენენ. კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, უფლების დამდგენი დოკუმენტებით არ ემთხვევა მოსარჩელისა და მესამე პირის მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა - ამ ნაკვეთების კვარტლის ნომრები და თვითონ ნაკვეთების ნომრები. ანუ, უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით, ნ. კ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ...ში, #03 კვარტალში და ნაკვეთის ნომერია …, ხოლო მ. კ-ის მიწის ნაკვეთები მდებარეობს სოფელ ...ში, მესაქონლეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, #... კვარტალში და ნაკვეთის ნომრებია … და … . განსხავებულია მათი ნაკვეთების ფართებიც.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. კ-ეს საკასაციო საჩივარზე 03.09.2018წ. საგადახდო დავალებით, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 06.11.2018წ. #... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. კ-ეს (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. ნ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 03.09.2018წ. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.11.2018წ. #31206 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი