#ბს-1278(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 27 ოქტომბერს მ. ჯ-მა და ზ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელეებმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის 2009 წლიდან 2015 წლის 7 ოქტომბრამდე სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის (მ. ჯ-ისთვის 5 124.00 ლარის, ხოლო ზ. ე-ის მიმართ 5 342.00 ლარის) დაკისრება მოითხოვეს.
მოსარჩელეების განმარტებით, მ. ჯ-ი 2004-2009 წლებში, ხოლო ზ. ე-ე 2002-2009 წლებში მუშაობდნენ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ...ის განყოფილებაში. 2008-2009 წლებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მ. ჯ-ის მიმართ 3 346,14 ლარის, ხოლო ზ. ე-ის მიმართ 3 485,29 ლარის ოდენობით დავალიანება ჰქონდა, რაც გადახდილ იქნა დაგვიანებით 2015 წლის 7 ოქტომბერს. შესაბამისად, მოსარჩელეებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07% მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მ. ჯ-ისა და ზ. ე-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ისა და ზ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-მა და ზ. ე-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ზ. ე-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მ. ჯ-ისათვის განხორციელდა 2008-2009 წლების სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.
სასამართლოს განმარტებით, მიუღებელი სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოთხოვნის თაობაზე სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 27 ოქტომბერს მაშინ, როდესაც გასული იყო სარჩელის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა ასეთი მოთხოვნის წარმოშობისათვის ითვალისწინებს ხანდაზმულობის სამწლიან ვადას, რომელიც იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე დგინდება, რომ 2008-2009 წლებში მოსარჩელისათვის უკვე ცნობილი იყო იმ გარემოების შესახებ, რომ მას არ ჰქონდა მიღებული კუთვნილი ხელფასი, რის გამოც, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რაც სარჩელის წარდგენის დროისათვის დარღვეული იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 31.3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სახეზეა მოცემული მუხლის წინაპირობები. კასატორის მითითებით, მოთხოვნა გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ძირითადი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნიდან, რაც აღიარებულ იქნა მოპასუხის მიერ 2015 წელს. კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 153-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ძირითადი დავალიანება აღიარებულ და გადახდილ იქნა მოპასუხის მიერ, შესაბამისად, მთავარი უფლებიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა აქცესორული უფლება უნდა იქნეს დაცული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სახელფასო ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურება 2009 წლიდან 2015 წლის 7 ოქტომბრამდე. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ მ. ჯ-ისათვის მოხდა დარიცხული სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 2015 წლის 4 მარტის #473588 ცნობა, სადაც მითითებულია, რომ მ. ჯ-ის 2008-2009 წლების სახელფასო დავალიანება შეადგენს 3 346.14 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, მ. ჯ-ისთვის უკვე 2008-2009 წლებში გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ მას კუთვნილი ხელფასი არ ჰქონდა მიღებული. ამდენად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვნილი პირი სამსახურიდან და როდის აუნაზღაურდა მას ძირითადი სახელფასო დავალიანება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ამ ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ურთიერთდამოკიდებული უფლებებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადა ათვლილი უნდა იყოს ძირითადი ანაზღაურების გადახდის მომენტიდან, არამედ მისი ათვლის წერტილია პერიოდი, როდესაც პირს დაუგვიანეს ყოველთვიური ანაზღაურება და ამდენად, სახეზეა პერიოდული ვალდებულების შეუსრულებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მართებულად გადაწყვიტა საკითხი იმის თაობაზე, რომ მ. ჯ-ის მოთხოვნა - მიუღებელი სახელფასო დავალიანების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი