#ბს-1286(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 15 აგვისტოს ნ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის #CB658623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის #CB658627 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პირველი აგვისტოს #22152 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 3 ივნისს მის კუთვნილ მარკეტში, სადაც გამყიდველი ნი. ბ-ე მუშაობდა, შევიდა ორი ახალგაზრდა, რომელთაგანაც ერთ-ერთმა გამყიდველს უთხრა, რომ იყო საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელი და ქუჩიდან აკვირდებოდა მას. მოსარჩელის მოსაზრებით, ი/მ ნ. ყ-ის ობიექტში ზემოაღნიშნული პირების მიერ განხორციელდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლის პროცედურა კანონით განსაზღვრული წესების დაცვის გარეშე - რა დროსაც, თითქოს მომხმარებლის მიერ შეძენილ იქნა 3.00 ლარის ღირებულების საქონელი (სიგარეტი „...ი“ 1 ცალი). საქონლის შეძენისას, როგორც პროცედურის ჩატარების შედეგად მონიტორინგის თანამშრომელმა გამოარკვია, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი და არ იქნა ამობეჭდილი ჩეკი. გარდა ამისა, მოსარჩელის მითითებით, მონიტორინგის სამსახურმა გამოარკვია, რომ თითქოს ობიექტში თვალსაჩინო ადგილზე არ იყო გამოკრული გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის #CB658623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის პირველი აგვისტოს #22152 ბრძანება 2016 წლის 3 ივნისის #CB658623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხმარებელთან ნაღდი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობას. მხოლოდ ოქმის შემდგენელთა ახსნა-განმარტება კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება ნ. ყ-ის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტი. კასატორის მითითებით, პირველ ინსტანციაში სამართალწარმოების პროცესში წარდგენილი მტკიცებულებებისა და წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ ნ. ყ-ის მიერ რეალიზებულ იქნა 3,00 ლარის ღირებულების საქონელი, თუმცა ნაღდი ფულით ანგარიშსწორების მიუხედავად, მის მიერ არ შესრულდა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება, არ იქნა გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი, შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის #CB658623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონიერება, რომელიც შედგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და მეწარმეს, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გამოეცხადა გაფრთხილება. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.05.2016 წლის #15349 ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. მომხმარებლის მიერ შეძენილ იქნა 3.00 ლარის ღირებულების საქონელი (სიგარეტი „…ი“ 1 ცალი x 3.00 ლარი), რა დროსაც გამოვლინდა, რომ დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა). მაიდენტიფიცირებელი ჩეკის ნომერი #... . საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მითითებულია, რომ პირმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 31 მაისის #15349 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჰქონდათ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება, რაც არ გამოიხატება მხოლოდ უშუალოდ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საკონტროლო შესყიდვის განხორციელებაში. უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ დააკვირდნენ თუ რამდენად ხდება სხვა მომხმარებლებთან ანგარიშსწორებისას ჩეკის გაცემა, რისი განუხორციელებლობის დროსაც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება გამოვლენილ სამართალდარღვევაზე და შეადგინონ შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
მიუხედავად ზემოაღნიშნული გარემოებებისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საგადასახადო სამართალდარღვევების ოქმების კანონიერების შემოწმებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რამდენად ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევის ჩადენას, რაც კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. სადავო #CB658623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენთა ახსნა-განმარტებით, მათ დაინახეს, როგორ შეიძინა პირმა სიგარეტი „...ი“, რაზეც ჩეკი გაცემული არ არის. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენთა მიერ განხორციელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მყიდველის მაღაზიიდან გამოსვლა, თუმცა არ ჩანს, რა პროდუქტი შეიძინა მან, რამდენად იყო ეს „...ის“ სიგარეტი და ასევე, არ არის დაფიქსირებული გამყიდველის მოქმედება, ჰქონდა თუ არა ადგილი ჩეკის გაცემას, რაც ვერ გადამოწმდებოდა იმ პირობებში, როდესაც ცნობილი არ არის, თუ რა სახეობის და ღირებულების პროდუქტი შეიძინა პირმა. ამასთან, მოწმედ დაკითხულმა გამყიდველმა ნი. ბ-ემ განმარტა, რომ ადგილი არ ჰქონია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მომხმარებელთან ნაღდი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობას. მხოლოდ ოქმის შემდგენთა ახსნა-განმარტება კი, ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი