#ბს-1292(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 13 დეკემბერს თ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის #4239 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის თ. ა-ის გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და თ. ა-ის სასარგებლოდ მისი გათავისუფლების დღიდან მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1200 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება მასზედ, თითქოს საატესტაციო კომისია არ იყო უფლებამოსილი დაესვა მისთვის შეკითხვები და კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო წინა გასაუბრების დროს მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული შეფასებისა და რეკომენდაციის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ატესტაციის ჩატარება სწორედ მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენას ემსახურება. კერძოდ, გასაუბრების კომპონენტი მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებასა და მისი პროფესიული კვალიფიკაციის შემოწმებას ისახავს მიზნად, ხოლო მოხელის მხრიდან მის მიმართ გასაუბრებისას დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაუცემლობით ვერ დადგინდება მისი პროფესიული დონე, მის მიერ დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისობის დადგენის კუთხით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისია არ იყო უფლებამოსილი მონაწილე თ. ა-ის მიმართ მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ერთხელ უკვე დადგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებანი თ. ა-ის ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ. კასატორის მოსაზრებით, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებისას და სადავო აქტის გამოცემისას სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე დადგენილ გარემოებებზე არ უნდა მოეხდინა განმეორებითი მსჯელობა/რევიზია. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლებზე.
კასატორის მოსაზრებით, თ. ა-ის მიმართ 2016 წლის 2 ნოემბერს გასაუბრების ეტაპის განმეორებითი შეფასება მოხდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #411 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესისა“ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ოქტომბრის #1182 ბრძანების გვერდის ავლით. განმეორებითი გასაუბრების ეტაპის „ბ“ ნაწილის შეფასებასთან დაკავშირებით, კასატორი აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, კომისიის წევრებმა რა კრიტერიუმებით განსაზღვრეს კითხვათა წრე და კონკრეტულად რომელმა კითხვის(ების) პასუხმა განაპირობა უარყოფითი შეფასება.
კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ოქმში არ მოხდა თ. ა-ისთვის დასმული კითხვებისა და პასუხების ფიქსაცია, იყო ერთ-ერთი და არა ერთადერთი საფუძველი 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ ბრძანების ბათილად ცნობისა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის #411 დადგენილების 5.3 მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა იდენტურ საქმეებზე სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 17 ოქტომბრის #1 სხდომის ოქმით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს შესათანხმებლად წარედგინა: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარების გრაფიკი, დანართი 1-ის შესაბამისად; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის ჩატარების ფორმები, პირობები და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, დანართი 2-ის თანახმად; გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთათვის ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარის თაობაზე ინფორმაცია, რომელიც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მოსაზრებით მიზანშეწონილია შეადგენდეს მოხელის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ს, კერძოდ, 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს. აღნიშნული ოქმის დანართი #1-ით განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ მოხელის ინდივიდუალური შეფასების ფორმა. შეფასების ფორმა ითვალისწინებდა ტესტირების ქულათა რაოდენობას: 56-60 ქულა - ძალიან კარგი, 51-55 ქულა - კარგი, 45-50 ქულა - დამაკმაყოფილებელი, 45 ქულის ქვემოთ - უარყოფითი. მითითებული ფორმით განისაზღვრა ასევე გასაუბრების ორი კრიტერიუმი: შეფასება „ა“ - გაწეული საქმიანობის შეფასება (შესაფასებლად გამოიყენება დადგენილი ფორმებით წარმოდგენილი მოხელის ხელმძღვანელის წერილობითი დახასიათება და მოხელის ინფორმაცია) და შეფასება „ბ“ - დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 17 ოქტომბრის #1182 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას მიეცა თანხმობა: ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირებისათვის მინიმალური გამსვლელი ზღვარის დადგენის თაობაზე, რომელიც შეადგენდა მოხელის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ს, კერძოდ, 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორ პასუხს; ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების ფორმებისა და პირობების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმის განსაზღვრაზე დანართი #1-ს შესაბამისად.
2014 წლის 10 ოქტომბერს, მოხელის მიმართ გაცემული დახასიათებით დგინდება, რომ თ. ა-ი არის ორგანიზებული და შეუძლია ადვილად შევიდეს კონტაქტში როგორც კოლეგებთან, ასევე სხვა პირებთან და სწორი კომუნიკაციის საშუალებით მიიღოს და გადასცეს საჭირო ინფორმაცია. 1-დან 10-მდე შკალაზე მისი თანამდებობის შესაბამისობა დაკავებულ პოზიციასთან შეფასდა 7 ქულით. ამასთან, თ. ა-ის მიმართ 2014 წლის 11 ნოემბერს შედგენილი ინდივიდუალური შეფასების ფორმებით დგინდება, რომ თ. ა-მა ტესტირების ნაწილში მიიღო 50 - დამაკმაყოფილებელი შეფასება. რაც შეეხება გასაუბრების კომპონენტს, კომისიის 4 წევრისგან გასაუბრების ორივე ნაწილში მიიღო უარყოფითი შეფასება, კომისიის 2 წევრისგან გასაუბრების ორივე ნაწილში მიიღო დამაკმაყოფილებელი შეფასება, ხოლო კომისიის 1 წევრისგან მიიღო დამაკმაყოფილებელი შეფასება გასაუბრების „ა“ შეფასების გრაფაში (გაწეული საქმიანობის შეფასება), ხოლო უარყოფითი შეფასება გასაუბრების „ბ“ შეფასების გრაფაში (დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის #3/4826-14 გადაწყვეტილებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თ. ა-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 17 ნოემბრის #1783 ბრძანება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, რომელმაც 2016 წლის 2 ნოემბერს ჩაატარა ხელახალი გასაუბრება თ. ა-თან. გასაუბრების დროს მონაწილეს დაესვა კითხვები პროფესიული დონის შეფასების მიზნით, რომელთა პასუხის გაცემაზეც მონაწილემ უარი განაცხადა. შესაბამისად, კომისიის ექვსმა წევრმა გასაუბრების ორივე ნაწილში (შეფასების გრაფა „ა“- გაწეული საქმიანობის შეფასება და შეფასების გრაფა „ბ“ - დასმულ შეკითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება) მისცა უარყოფითი შეფასება და მიიღო დასკვნა, რომ თ. ა-ი არ შეესაბამებოდა დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობას.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 ნოემბრის #4239 ბრძანების კანონიერება, რომლითაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ... - თ. ა-ი, 2014 წლის 17 ნოემბრიდან, ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 ნოემბრის #1783 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა სწორედ ის გარემოება, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ოქმში არ მოხდა თ. ა-ისთვის დასმული კითხვების და პასუხების ფიქსაცია, რის გამოც სასამართლოსთვის შეუძლებელი გახდა მისი შეფასება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ატესტაციის ჩატარება სწორედ მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენას ემსახურება. კერძოდ, გასაუბრების კომპონენტი მოხელის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასებას და მისი პროფესიული კვალიფიკაციის შემოწმებას ისახავს მიზნად, ხოლო მოხელის მხრიდან მის მიმართ გასაუბრებისას დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაუცემლობით ვერ დადგინდება მისი პროფესიული დონე, მის მიერ დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისობის დადგენის კუთხით. შესაბამისად, კომისია არ იყო უფლებამოსილი მონაწილე თ. ა-ის მიმართ მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი