Facebook Twitter

№ბს-1303(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 16 დეკემბერს შპს „…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ზ. წ-ის, ასევე მესამე პირის - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 8 დეკემბრის №1-1/1929 ბრძანების საფუძველზე შპს „...ზე“ გაცემულ იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის №0000102 ლიცენზია 11,36 ჰა მინაკუთვნი ფართობით 20. ამ ლიცენზიის გაცემის პერიოდში სალიცენზიო ტერიტორიაზე კერძო საკუთრება არ ფიქსირდებოდა. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაცია 2011 წლის 25 მაისს განხორციელდა. ამავე სამინისტრომ 2011 წლის 27 ოქტომბერს ფიზიკურ პირ ზ. წ-თან დადო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №479უ, რომლის საფუძველზე მიწის ნაკვეთი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 2 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ზ. წ-ის საკუთრებად (ს/კ ...).

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში, პრივატიზებულმა მიწის ნაკვეთმა მოიცვა ბუნებრივი რესუსრებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული მინაკუთვნი მიწის ფართობი, შპს „...ი“ არ იყო ჩამბული პრვატიზების პროცესში და არ არსებობდა პრივატიზაციაზე მისი წერილობითი თანხმობა.

მოსარჩელის მითითებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ისეთი სახელმწიფო ქონება, როგორიც წიაღია პრივატიზებიას არ ექვემდებარება. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 2010 წელს მოქმედი რედაქციის თანახმად, მე-8 მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, სამინისტროს მიერ დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება), როგორც წიაღის ფონდის მიწები. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა სამინისტროსთან, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, ზ. წ-ის მიერ განხორციელებული პრივატიზაცია კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემას გამორიცხავს ლიცენზიის მფლობელის თანხმობის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. წ-ს შორის 2011 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.11.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.

მოსარჩელე ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით მოპასუხე - ზ. წ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) ყადაღის დადებას.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა; შპს „...ის“ მიერ აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ზ. წ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი ...). განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. წ-ს შორის 2011 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №479/უ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.11.2014 №... გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. წ-ს შორის 2011 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება №479/უ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.11.2014 №... გადაწყვეტილება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ზ. წ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ზ. წ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ დარეგისტრირებულა. რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ხოლო საკადასტრო გეგმის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ შეუძლია განსაზღვროს უძრავი ქონების კოორდინატები. სასამართლო განჩინებაში მიუთითებს, რომ სამთო მინაკუთვნი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის აღრიცხული, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სამთო მინაკუთვნი რეგისტრაციას დაქვემდებარებული მონაცემია, პრივატიზების ხელშეკრულება ასეთი მონაცემის არსებობის მიუხედავად ბათილად იქნა ცნობილი. დადგენილი არ არის შპს „...სათვის“ ლიცენზიით გადაცემული მინაკუთვნისა და ზ. წ-ზე გასხვისებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა; ლიცენზიით გაცემული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ..., ხოლო გასხვისებული მიწის ნაკვეთი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ … . კასატორის განმარტებით, სამთო მინაკუთვნისა და 2011 წლის 27 ოქტომბერს პრივატიზებული ქონების იდენტურობა რომც იყოს დადგენილი, უძრავი ქონება და წიაღისეული დამოუკიდებელი უფლების ობიექტს წარმოადგენს და უძრავი ქონების სამართლებრივი რეჟიმი არ ვრცელდება აღნიშნული ქონების ქვეშ განთავსებულ წიაღისეულზე.

კასატორის მითითებით, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს წიაღი სახელმწიფოს საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას. ამდენად, მიწის საკუთრების უფლება არ ვრცელდება წიაღისეულზე. ამასთან, თუკი ლიცენზიატი ვერ განახორციელებს თავის უფლებას, აღნიშნული არის არა პრივატიზების ბათილად ცნობის, არამედ ხელშეშლის აღკვეთის მიზნით სასარჩელო წარმოების საფუძველი.

კასატორმა ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონზე, რომლითაც გათვალისწინებულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და რომელიც მისი მოსაზრებით, 2011 წლიდან უნდა იქნეს ათვლილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ზ. წ-ს შორის 2011 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 02.11.2014წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით პრივატიზებულმა მიწის ნაკვეთმა მოიცვა ბუნებრივი რესუსრებით სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული მინაკუთვნი მიწის ფართობი, ამასთან, შპს „...ი“ არ იყო ჩამბული პრვატიზების პროცესში და არ არსებობდა პრივატიზაციაზე მისი წერილობითი თანხმობა.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წიაღი პრივატიზებას არ ექვემდებარება.

სადავო პერიოდში მოქმედი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მიერ დაწესებული მიწის მინაკუთვნი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში და აღირიცხება (რეგისტრირდება) როგორც წიაღის ფონდის მიწები. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა სამინისტროსთან, ხოლო ლიცენზირებული ობიექტის შემთხვევაში აგრეთვე მფლობელთან შეთანხმების გარეშე.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 27 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ. წ-ს ისე გადასცა საკუთრებაში მიწის ნაკვეთი, რომ უგულვებელყო შპს „...ის“ უფლება, რომელსაც ასევე, ამავე სამინისტროს 2010 წლის 8 დეკემბრის ლიცენზიის საფუძველზე სარგებლობაში ჰქონდა გადაცემული ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ ზ. წ-თან 2011 წელს ისე გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება, არ გაითვალისწინა, რომ 2010 წელს ამავე სამინისტროს შპს „...ზე“ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია ჰქონდა გაცემული, რაც „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მფლობელთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელი იყო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებაშიც და ამ საკითხშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „...მა“ სადავო 2011 წლის 27 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე 2015 წელს შეიტყო და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით 2015 წელს წარადგინა სარჩელი სასამართლოში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი