Facebook Twitter

#ბს-1306(2კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 9 ნოემბერს შპს „…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის #000212 დადგენილების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს #000435 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 2 მარტის #124 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.03.2012წ. #66281 ბრძანებით ნებადართული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2013 წლის 25 მარტს შეუდგინა მითითება, მითითების აქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა დაფიქსირდა 2008 წლის 8 აპრილის შემოწმების აქტში, საბოლოოდ კი, 2013 წლის 23 დადგენილებით დაჯარიმდა 2000 ლარით. დადგენილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაზეც პასუხი არ მიუღია. თუმცა, დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო, იგი დაჯარიმდა სამმაგი ოდენობით - 6 000 ლარით. ამ აქტების კანონიერების თაობაზე 2014 წლის 10 სექტემბერს წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 2 მარტის #124 ბრძანების ნაწილში განუხილველი დარჩა იმ მოტივით, რომ ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან საჩივრის განხილვისთვის კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ დავა უნდა გაეგრძელებინა სასამართლო წესით. მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის #00212 დადგენილების კანონიერების თაობაზე ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილების არარსებობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო ახალი გადაწყვეტილება ამ დადგენილების შეუსრულებლობის საფუძვლით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რის გამოც ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს #000435 დადგენილება; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 2 მარტის #124 ბრძანება. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის #000212 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, შპს „...ის“ 2014 წლის 10 სექტემბრის #12/14253277-1 ადმინისტრაციული საჩივრის კანონით დადგენილი წესით განხილვა დაევალა; შპს „...ის“ სარჩელი ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის #000212 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მეერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სასამართლოს განმარტებით, სასამართლო ფუნქციაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება, მისი შესაბამისობის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობასთან. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი დაინტერესებულ მხარეს (მოსარჩელე) აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა საპროცესო კოდექსი აწესებს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების (სასარჩელო ხანდაზმულობის) ერთთვიან ვადას. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის, მისი დასაშვებობის საკითხის შეფასება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 262 მუხლების შესაბამისად, მიეკუთვნება არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ სასამართლოს უფლებამოსილებას.

სასამართლოს მითითებით, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი 2013 წლის 23 აპრილის #4-1/დ204-13 #000212 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვადის დარღვევის გამო, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირის უფლებას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში 2013 წლის 23 აპრილის #4-1/დ204-13 #000212 დადგენილების კანონიერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დასრულებამდე, როდესაც 2013 წლის 23 აპრილის #4-1/დ204-13 #000212 დადგენილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, მის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს #000435 დადგენილების გამოცემა და მოსარჩელისათვის სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკირება ეწინააღმდეგება კანონს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 183-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს 2013 წლის 29 მაისს წარდგენილი საჩივრის განხილვის ვადა არ გაუგრძელებია და ამის შესახებ სათანადო წესით არ უცნობებია შპს „…თვის“. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გადაწყვეტილება მიეღო საჩივრის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. კასატორი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შპს უფლებამოსილი იყო სათანადო მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის და საკითხთან დაკავშირებით გაეგრძელებინა დავა სასამართლო წესით, რაც სახეზე არ ყოფილა.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის განმარტებით, საქმისათვის მნიშვნელოვანს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2013 წლის 29 მაისს, შპს „...ის“ წარმომადგეენლმა დ. ტ-ემ ქ. თბილისის მერიაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის #000212 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, რასთან დაკავშირებითაც შპს „…ს“ ქ. თბილისის მერისაგან პასუხი არ მიუღია. აღნიშნული კი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, რაც სამართლებრივ საფუძველს აცლის მის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნას სადავოდ გახადოს სარჩელით, როგორც 2013 წლის 23 აპრილის #000212, ასევე 2014 წლის 14 აგვისტოს #000435 დადგენილებები. საქართველოში მოქმედი პროცესუალური კანონმდებლობით, თუ ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე მხარე არ იღებს პასუხს ადმინისტრაციული ორგანოსგან, მან ეს სადავოდ უნდა გახადოს სასამართლოში, რაც შპს „…ს“ არ გაუკეთებია. კასატორი უსაფუძვლოს მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც ის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ხელმეორედ ავალებს იმსჯელოს #000212 დადგენილების კანონიერების შესახებ, რადგან აღნიშნული ადმინისტრაციული საჩივარი მხარის მიერ უკვე ერთხელ იქნა წარდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოს უარი მის მიერ არ გასაჩივრებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის #00212 დადგენილებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძვლეზე შპს „...“ დაჯარიმდა 2000 ლარით, პროექტის დარღვევით მეორე კლასის შენობანაგებობის მშენებლობისთვის; ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს განემარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცეევის კოდექსის 26-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ დაჯარიმდებოდა წინა ჯარიმით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეიძლებოდა დაკისრებოდა არაუმეტეს სამჯერ.

ასევე დადგენილია, რომ ხსენებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე 2013 წლის 29 მაისს შპს „…მა“ ქ. თბილისის მერიაში წარადგინა #12/15156291-17 ადმინისტრაციული საჩივარი. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტების შესაბამისად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშრებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოება არ განუხორციელებია.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს #000435 დადგენილებით შპს „…“ დაჯარიმდა 6 000 ლარით ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 23 აპრილის #4-1/დ204-13 #000212 „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის სამართლებრივი საფუძვლებს აღმოუფხვრელობის გამო.

2014 წლის 10 სექტემბერს წარდგენილი #12/14253277-1 ადმინისტრაციული საჩივრით შპს „...მა“ სადავოდ გახადა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს #00435 დადგენილება. ამასთანავე, კვლავ მოითხოვა 2013 წლის 23 აპრილის #002212 დადგენილების კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილ ვადაში საჩივრის წარდგენის, მით უფრო იმავე აქტის კანონიერების თაობაზე განმეორებით 2014 წლის 10 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო განეხილა შპს „…ის“ ადმინისტრაციული საჩივარი და რეალურად ემსჯელა არსებობდა თუ არა მისი დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი 2013 წლის 23 აპრილის #4-1/დ204-13 #000212 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვება, თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვადის დარღვევის გამო, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნებიდან და უსაფუძვლოდ ზღუდავს პირის უფლებას. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია იმსჯელოს შპს „…ის“ მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს წარდგენილ ადმინისტრაციული საჩივარზე და საქმის გარემოებათა შესწავლის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოში 2013 წლის 23 აპრილის #4-1/დ204- 13 #000212 დადგენილების კანონიერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესის დასრულებამდე, როდესაც 2013 წლის 23 აპრილის #4-1/დ204-13 #000212 დადგენილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, მის საფუძველზე ახალი გადაწყვეტილების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 14 აგვისტოს #000435 დადგენილების გამოცემა და მოსარჩელისათვის სამმაგი ოდენობის ჯარიმის დაკირება ეწინააღმდეგება კანონს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი