Facebook Twitter

№ბს-1325(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 28 მარტს ე. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა საქართველოში და 2013 წლის 22 იანვრამდე იყო საქართველოს მოქალაქე. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 22 იანვრის №25 ბრძანებულებით, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

მოსარჩელემ 2013 წლის 13 ივნისს №... განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ე. დ-ის განცხადება და უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

2014 წლის 15 მაისს მან კვლავ მიმართა განცხადებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ამჯერად საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 28 მაისის №... დასკვნით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს ახმეტის რ/ნ სოფ. ...ში. საქართველოში ჰყავს ოჯახი და იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქე ა. (ი.) მ-თან 1981 წლის 2 აპრილიდან. შვილები - მ., მა., მარ., მად. და მუ. მ-ები არიან საქართველოს მოქალაქეები, განათლება მიღებული აქვთ საქართველოში და ცხოვრობენ ახმეტის რაიონის სოფელ ...ში, ასევე აქვთ როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონება და საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. მისი მშობლებიც - ეს. დ-ი და ძ. დ-ი, და - ძა. დ-ი ასევე არიან სოფ. ...ის მცხოვრებნი.

მოსარჩელის მითითებით, მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 3 ივლისის №... გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. დ-ის მიმართ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მიუხედავად სასამართლოს მითითების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. მოსარჩელის განმარტებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იგი მიწვეული არ იყო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრა სასარჩელო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის №3/3050-16 გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 31 მარტის №... გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. დ-ისთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ამჯერადაც უარი ეთქვა საქართველოში მუდმივი ცხოვრების გაცემის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ დგინდება, თუ რომელი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არსებობს და თუ არსებობს, რა არის ამ დასკვნაში მითითებული ან რატომ არის მისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა სახელმწიფო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფასთან შეუსაბამობაში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოსათვის ე. დ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 სექტემბრის განჩინება.

სააპელაციო პალატის მითითებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მუდმივი ცხოვრების ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2017 წლის 27 თებერვლის N MIA 4 17 00474042 წერილით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე. დ-ისთვის მიზანშეუწონლად მიაჩნია მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოთ მითითებული წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენტური ორგანოს დასკვნას, რომელსაც საფუძვლად უდევს გასაიდუმლოებული საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავდროულად, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს კონტროლი მოცემული დასკვნის შეფასებაზე დაშვებულია და გაეცნო რა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციას (სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პალატისათვის დამატებით წარდგენილ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 9 თებერვლის N 7/03/9/3-334-სს წერილი) გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №...გადაწყვეტილებას, რომლითაც ე. დ-ს უარი ეთქვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, საფუძვლად უდევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. დ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში და მიუთითებს, რომ ამასთან აღსანიშნავია, რომ უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებშიც აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს უფლებას დადებითად გადაწყვიტოს ბინადრობის მინიჭების საკითხი, შესაბამისად, „უარყოფითი დასკვნა“ ყოველთვის არ ქმნის მუდმივი ბინადრობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელმა სააგენტოს მიანიჭა უფლება, თავად გადაწყვიტოს პირისთვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების საკითხი უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებშიც. ამგვარი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სააგენტოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ბალანსი პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების მიყენებულ ზიანსა და იმ სიკეთეს შორის, რომლის დასაცავადაც შეიძლება მიღებულ იყოს გადაწყვეტილება. კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით.

კასატორის მითითებით, მისი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები და სხვა ნათესავები არიან საქართველოს მოქალაქეები და ცხოვრობენ საქართველოში. ე. დ-ი წლების განმავლობაში იყო საქართველოს მოქალაქე. იგი დაბადებულია საქართველოში, აქვს კერძო საკუთრება, არასოდეს ყოფილა ნასამართლევი. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება ბინადრობის უფლება, იგი დაექვემდებარება საქართველოდან გაძევებას იმ ქვეყანაში (რუსეთში), სადაც მოქალაქეობის მიუხედავად თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. მისთვის მუდმივი ბინადრობის უფლებაზე უარის თქმა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ არსებობს ე.წ „უარყოფითი დასკვნა“. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ მიიღო ისე, რომ არ შეუფასებია საჯარო და კერძო ინტერესები. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად „უარყოფითი დასკვნა“ სააგენტოსთვის საკმარისი საფუძველია მუდმივი ბინადრობის უფლების გამოყენებაზე, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს. ამდენად, სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, რადგანაც სააგენტო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნებისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. დ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2017 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოსათვის ე. დ-ისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია: ა) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები; ბ) დაიცვას უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა; გ) ხელი შეუწყოს საქართველოსა და სხვა სახელმწიფოებს შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას; დ) განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, აგრეთვე საქმიანობისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის უფლებები; ე) განამტკიცოს უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებთან და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობა; ვ) ხელი შეუწყოს უკანონო მიგრაციის პრევენციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, თავიდან აიცილოს სტიქიური და მოუწესრიგებელი მიგრაცია, უზრუნველყოს მიზანმიმართული მიგრაციული პოლიტიკის განხორციელება. ამავე კანონის IV თავი არეგულირებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს, კერძოდ, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი; ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.

ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები რეგულირდება აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონზე, რომლის 1-ლი მუხლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით გამოთხოვილ იქნა საიდუმლო ინფორმაცია, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ კიდევ ერთხელ გადამოწმდა ე. დ-ისათვის მუდმივი ბინადრობის მინიჭების თაობაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვიდან წარმოდგენილი ინფორმაცია და მასში ასახული გარემოებები ქმნიან დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს საიმისოდ, რომ ე. დ-ისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევა საფუძვლიანი იყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. დ-ის საკასაციო საჩივარზე …ას 18.10.2018წ. №1539854303 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ...ას (ს/კ …) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განჩინება;

3. …ას (ს/კ …) დაუბრუნდეს ე. დ-ის საკასაციო საჩივარზე 18.10.2018წ. №1539854303 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი