Facebook Twitter

№ბს-1331(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. და ნ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 დეკემბერს მ. და ნ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, მშობლები - მამა - ბ. რ-ა დაბადებული 1965 წლის 10 მარტს, აფხაზეთში, გაგრის რ-ნი, სოფ. ლესელიძეში, დედა - ნე. ჯ-ე, დაბადებული 1974 წლის 25 ოქტომბერს, შუახევის რაიონის სოფ. ...ში, დაქორწიდნენ 1992 წელს. მ. რ-ა დაიბადა 1994 წელს, ნ. რ-ა - 1996 წელს შუახევის რაიონის სოფ. ...ში, ხოლო რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1995 წლიდან. მამის - ბ. რ-ას ოჯახი რუსეთ-საქართველოს ომის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა გალის რაიონის სოფ. ლესელიძეში. საომარი მოქმედების შედეგად 1992 წლიდან მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და იძულებული იყვნენ ეცხოვრათ საქართველოს სხვა რაიონებში. თავად მოსარჩელეების მამა - ბ. რ-ა წლების განმავლობაში ცხოვრობდა შუახევის რაიონში, რა დროსაც შექმნა ოჯახი. ლესელიძეში დარჩათ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. დევნილობის შემდეგ შესაბამისი სტატუსის მისაღებად არ მიუმართავს არც ბ. რ-ას და არც მის დედას - ნა. ს-ეს. 1997 წლიდან მოსარჩელეების მამა წავიდა რუსეთის ფედერაციაში და დაუდგენელია მისი საცხოვრებელი მისამართი. მოსარჩელეები გაზარდა დედამ, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ხან შუახევის რ/ნ, სოფ. ...ში, ხან ამავე რაიონის სოფ. ...ში. ამჟამად ცხოვრობენ ბათუმში ნათესავთან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის #2323 და #2326 ბრძანებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2323 ბრძანებისა და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2326 ბრძანების ბათილად ცნობა და მ. და ნ. რ-ებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. და ნ. რ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. რ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით მ. რ-ასა და ნ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით აპელანტთა რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს გაგრა, ..., ...ის ქ. №75, ამასთანავე, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული 2017 წლის 6 ივლისის ცნობის თანახმად, მ. რ-ასა და ნ. რ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია მშობლის - მამის ბ. რ-ას მუდმივი საცხოვრებელი მისამართი - გაგრა, ..., ...ის ქ. №75, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მუდმივი საცხოვრებელი მისამართის დადგენა მხოლოდ რეგისტრაციის მისამართით და 2017 წლის 6 ივლისის ცნობით ვერ მოხდება, არამედ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ მ. რ-ა დაიბადა 1994 წელს შუახევში, ხოლო ნ. რ-ა დაიბადა 1996 წელს ასევე შუახევში, მათ დაამთავრეს შუახევის რაიონის სოფ. ...ის საჯარო სკოლა, შემდეგ კი სწავლა განაგრძეს ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში. მათი დედის - ნე. ჯ-ის განმარტებით, რომელიც ასევე ესწრებოდა გასაუბრებას, მისი შვილების მამა - ბ. რ-ა ცხოვრობდა ...ში მშობლებთან ერთად, თუმცა აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებამდე მან დაამთავრა სამხედრო აკადემია მოსკოვში და განაწილებით მუშაობდა შუახევის რაიონში. ნე. ჯ-ე და ბ. რ-ა ფაქტობრივად დაოჯახდნენ 1992 წლის დასაწყისში და 1993 წლამდე ცხოვრობდნენ შუახევის რაიონის სოფ. ...ში, ხოლო ბ. რ-ა 1998 წლიდან გაემგზავრა რუსეთში. ამჟამად, მათ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ნე. ჯ-ის დის ბინა - ქ. ბათუმი, ...ის ქ. №74/24. ამასთან, სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეები დაიბადნენ რა 1994 და 1996 წლებში, ისინი მოკლებული არიან იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტები ვერ აკმაყოფილებენ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილსა და მისი დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება აპელანტთა მითითებას, რომ მათი მამის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო გაგრა და ბ. რ-ას სწორედ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლით მოუწია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, სააპელაციო პალატის მითითებით, მშობლის უფლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შვილისათვის სტატუსის მინიჭებას აწესრიგებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. მითითებული ნორმით სრულწლოვან პირს, პირადი განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია მიენიჭოს დევნილის სტატუსი, მაგრამ თუკი მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეების მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დევნილის სტატუსი და არ არიან რეგისტრირებული დევნილთა მონაცემთა ბაზაში, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის გამო, მოსარჩელეებს საფუძვლიანად ეთქვათ უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. რ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება და მსჯელობა ცნებებზე „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ და „რეგისტრაციის ადგილი“ მათ მოთხოვნასთან მიმართებაში არის იმდენად დაუსაბუთებელი, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, არასწორად არის განმარტებული და გამოყენებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის ნორმები. ამ ნორმების მიხედვით, საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით. ნ. და მ. რ-ებს აფხაზეთში ...ში აქვთ აწ. გარდაცვლილი მამის ორსართულიანი სახლი და მიწის ნაკვეთი, რაც მთავარი ფაქტორია იმისათვის, რომ საცხოვრებელ ადგილად შერჩეულ იქნეს ..., მაგრამ ისინი დაიბადნენ აფხაზეთის ომის შემდეგ და იქ არ უცხოვრიათ, ვინაიდან, მათ სხვაგან, არც აჭარაში და არც საქართველოს რომელიმე კუთხეში არ აქვთ სახლი, მათი ნება არის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყოს ... . აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული კანონის ნორმების განმარტება არის არასწორი და არასრული. სწორი განმარტებით, მიჩნეული უნდა იქნეს, რომ კასატორების მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის აფხაზეთი, ..., ...ის ქ. №75.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. და ნ. რ-ების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ნ. რ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2323 ბრძანებისა და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 16 ნოემბრის №2326 ბრძანების ბათილად ცნობა და მ. და ნ. რ-ებისთვის იძულებით გადაადგილებულ პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება. მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ მამამ და ბებიამ აფხაზეთში საომარი მოქმედებების გამო დატოვეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გაგრის რ/ნ სოფ. ლესელიძეში და იმის გამო, რომ მამამ და ბებიამ მცირეწლოვნობის ასაკში მიატოვეს, მათ ვერ შეძლეს დევნილის სტატუსის მოპოვება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისაღებად განმსაზღვრელია მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიტოვება, ხოლო არასრულწლოვანმა პირმა შესაძლებელია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე,

საკასაციო სასამართლო „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ ცნების განსაზღვრასთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის #ბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამავე კანონში ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

საქმის მასალებიდან გამომდინარე კი, მართალია, სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით კასატორების რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს გაგრა, ..., ...ის ქ. №75, ამასთან, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული 2017 წლის 6 ივლისის ცნობის თანახმად კი, მ. რ-ასა და ნ. რ-ას მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია მშობლის - მამის ბ. რ-ას მუდმივი საცხოვრებელი მისამართი - გაგრა, ..., ...ის ქ. №75, თუმცა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მუდმივი საცხოვრებელი მისამართის დადგენა მხოლოდ რეგისტრაციის მისამართით და 2017 წლის 6 ივლისის ცნობით ვერ მოხდება. კასატორები დაიბადნენ შუახევის რ/ნ სოფ. ...ში, დაამთავრეს შუახევის რაიონის სოფ. ...ის საჯარო სკოლა, შემდეგ კი სწავლა განაგრძეს ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში. მათ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის - ნე. ჯ-ის დის ბინა - ქ. ბათუმი, ...ის ქ. №74/24. ამასთან, მოსარჩელეები დაიბადნენ რა 1994 და 1996 წლებში, ისინი მოკლებული არიან იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში ასევე დადგენილია და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელეების მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დევნილის სტატუსი და არ არიან რეგისტრირებული დევნილთა მონაცემთა ბაზაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ სწორად იქნა შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები და დევნილის სტატუსის მინიჭების კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის გამო, მოსარჩელეებს მართებულად ეთქვათ უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და ნ. რ-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი