#ბს-1347(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 29 მარტს ე. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 20 ივლისის #01-02/08/19439 და 2016 წლის 6 დეკემბრის #01-02/08/30174 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მოსარჩელის ქ. გორში, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის ომამდე მუდმივად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ...ში და მისი ოჯახი შედგებოდა ორი წევრისგან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დარეგისტრირებულია დევნილად; ე. თ-ე და მისი გარდაცვლილი მეუღლე ერთსა და იმავე ნომრით ფიქსირდებოდნენ დევნილად. მოსარჩელის მითითებით, მან არაერთხელ მოითხოვა ფულადი კომპენსაცია ან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელის განმარტებით, იგი არასწორად არის ჩათვლილი ი. ო-ის ოჯახის წევრად და ფულადი კომპენსაციის მიმღებად; ი. ო-ი არის ცალკე მცხოვრები მისი ყოფილი გერის, გარდაცვლილი გ. ბ-ის მეუღლე, რომლის ოჯახიც სამსულიანია და დაფიქსირებულია ცალკე სარეგისტრაციო ნომრით. მოსარჩელის მითითებით, მას არც დევნილობამდე და არც მას შემდეგ ი. ო-ის ოჯახთან ერთად არასდროს უცხოვრია, რასაც ადასტურებს ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის დასკვნა და ცნობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 20 ივლისის #01-02/08/19439 და 2016 წლის 6 დეკემბრის #01-02/08/30174 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ე. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ოჯახის ცნებაზე მითითებით და საქმეში არსებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე აღნიშნა, რომ ე. თ-ე ვერ ჩაითვლება ი. ო-ის ოჯახის წევრად. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სადავო აქტში იმაზე მითითება, რომ სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, მოსარჩელის ოჯახს (ოჯახის წარმომადგენელი - ი. ო-ი) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემების საფუძველზე, სს „...ას“ მიერ მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია 28310 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ე. თ-ე ი. ო-თან ერთად რეგისტრირებული იყო და ფაქტობრივად ცხოვრობდა მისამართზე ქ. რუსთავი, ...ის ქუჩა #35-ში. აღნიშნულ ობიექტში საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის #4 განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განახორციელა დევნილთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვა-რეგისტრაცია. კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობა აღნუსხა მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლისა და ოჯახის წევრთა შემადგენლობის მდგომარეობით, აღწერა კონკრეტულ ფართში მაცხოვრებელი დევნილების ვინაობა (მათი ოჯახის წევრები) და შესაბამისად, ფაქტობრივი მდგომარება დააფიქსირა სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. ქ. რუსთავში, ...ის ქუჩა #35-ში დაკავებული ფართის სანაცლოდ მოსარჩელის ოჯახს ფულადი კომპენსაცია გადასცა „...ამ“ სადავო პერიოდში არსებული სამოქალაქო რეესტრის მონაცემების საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღნუსხული მოსარჩელის ოჯახის შემადგენლობისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წერილით ცალსახად დასტურდება, რომ ე. თ-ე სადავო პერიოდში ფაქტობრივად ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო ი. ო-ის ოჯახში. ცალკე ოჯახად გამოყოფა და სხვა მისამართზე რეგისტრაცია განხორციელდა მხოლოდ 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ოჯახი უკვე დაკმაყოფილებული იყო საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციით.
კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 თებერვლის #240 განკარგულებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმასა“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულებაზე“ და აღნიშნავს, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ე. თ-ე დევნილად რეგისტრირებულია გორის რაიონში, სარეგისტრაციო #025-00253 და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია 28,310 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს, რომლის საფუძველზეც ე. თ-ის ოჯახს გადაეცა ფულადი კომპენსაცია, კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვარის #4 განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სადავო პერიოდში ეწეოდა დევნილთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვა-რეგისტრაციას, კონკრეტული მიზნის მისაღწევად (დევნილთათვის გაწეულიყო სხვადასხვა სახის მომსახურეობა). კერძოდ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი მოსახლეობა აღნუსხა მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფლისა და ოჯახის წევრთა შემადგენლობის მდგომარეობით, აღწერა კონკრეტულ ფართში მაცხოვრებელი დევნილების ვინაობა და შესაბამისად, დევნილი ოჯახების ფაქტობრივი მდგომარეობა დააფიქსირა სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში. სწორედ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე დაერიცხა მოსარჩელის ოჯახს ფულადი კომპენსაცია, კერძოდ კი, ოჯახის წარმომადგენელს - ი. ო-ს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი „...ას“ დირექტორის წერილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტებით ე. თ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის ოჯახს (ოჯახის წარმომადგენელი - ი. ო-ი) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემების საფუძველზე სს „...ას“ მიერ მიღებული აქვს საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია 28 310 ლარის ოდენობით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართის #1) მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომელიც სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან ერთჯერადი ფულადი დახმარებით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით კი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომამდე ე. თ-ე და ი. ო-ი ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სხვადასხვა საცხოვრებელ სახლში. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნით, ასევე, ერედვის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ერედვის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2016 წლის 22 აპრილს და 2016 წლის 12 დეკემბერს გაცემული ცნობებით დგინდება, რომ მითითებულ ომამდე, ე. თ-ის ოჯახი შედგებოდა 2 წევრისაგან და ესენი იყვნენ თავად - ე. თ-ე და მისი მეუღლე - გ. ბ-ი, რომელიც დაიღუპა ხსენებული ომის დროს, ხოლო ი. ო-ის ოჯახი - 3 წევრისაგან: თავად - ი. ო-ი და მისი 2 შვილი - გ. და მ. ბ-ები.
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2009 წლის 24 აგვისტოს #401 წერილით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და აცნობა, რომ გორის რაიონის სოფელ ...დან დევნილი ოჯახები: ი. ო-ი, მ. ბ-ი, გ. ბ-ი, გ. ბ-ი (01.10.1933წ.), ე. თ-ე - სს „...ამ“ დააკმაყოფილა საცხოვრებელი სახლით, მდებარე, ქ. რუსთავში, ...ის ქ. #35-ში. ამავე წერილით მან ითხოვა სამინისტროს ეშუამდგომლა სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან, მითითებული მისამართიდან გ. ბ-ისა (01.10.1933წ.) და ე. თ-ის ოჯახის რეგისტრაციიდან მოხსნა და ამავე დროს, მათი დროებით რეგისტრაცია ნათესავის საცხოვრებელ სახლში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისში, ...ის ქ. #61-ში.
ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 23 მარტის #04-13/2772 ცნობით დგინდება, რომ 2017 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ე. თ-ის ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია ქ. ქარელში, ...ას კორპ. #115, ბინა #24-ში, საიდენტიფიკაციო ნომერი არის *...*. 2014 წლის 26 ნოემბერს მისი სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 22070 ერთეულით, 2015 წლის 15 ივლისს - 67100 ერთეულით, ხოლო 2016 წლის 23 ივნისს - 5410 ერთეულით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმის გარემოებებით ვერ დასტურდება ე. თ-ის ი. ო-თან ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და მათ მიერ ერთობლივად შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი