Facebook Twitter

ბს-191-191 (კ-18) 07 თებერვალი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...იმ“ 03.07.2015წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მესამე პირის ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 11.07.2015წ. №480 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...იმ“, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შპს „...ის“ არგუმენტი იმის შესახებ, რომ შპს „...ის“ მიერ სამუშაოთა უმეტესი ნაწილი შესრულებული იყო, ხოლო ვალდებულებების სრულად შესრულება შეუძლებელი იყო გამგეობის ბრალეული და უპასუხისმგებლო ქმედებებით და არა შპს „...ის“ ბრალეულობით. სასამართლომ არ შეაფასა შპს „...ის“ კეთილსინდისიერების საკითხი, რაც მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, ვინაიდან შავ სიაში მეწარმის დარეგისტრირების მიზანია შემსყიდველის დაცვა არაკეთილსინდისიერი მიმწოდებილისაგან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ის“ მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობა გამოიწვია ქარელის მუნიციპალიტეტის არასწორმა მოთხოვნამ, კერძოდ, სოფ. … სტადიონის მოწყობა შეუძლებელი იყო მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, შეთანხმებული პარამეტრების და ფასის გათვალისწინებით. აღნიშნული გარემოება ადასტურებს შპს „...ის“ კეთილსინდისიერებას და გარემოებათა გამოკვლევის გარეშე გასაჩივრებული განკარგულების გამოცემას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განკარგულება შეესაბამება მისი გამოცემის დროისათვის მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მოთხოვნებს. შპს „...ი“ აღიარებს ვალდებულებათა ნაწილის შეუსრულებლობას, თუმცა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის მიზეზად ასახელებს ტერიტორიის, პარამეტრების და თანხის შეუსაბამობას შესასრულებელ სამუშაოსთან და აღნიშნავს, რომ მითითებული პირობებით შეუძლებელი იყო სამუშოების შესრულება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 9.1 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავდა სატენდერო დოკუმენტაციის ჩამონათვალს, მათ შორის დადგენილი იყო ისეთ სავალდებულო პირობებზე მითითება, როგორიცაა შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადა, ადგილი და ფორმა, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრული აღწერა, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები და ესკიზები („ბ“ და „გ“ ქვპ.). შპს „...ი“ სადავოდ არ ხდის ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობის საკითხს. ამდენად, მისთვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობისას ცნობილი უნდა ყოფილიყო ყველა ზემოთმითითებული პირობა, რაზეც მან გამოთქვა თანხმობა და იკისრა აღნიშნული პირობებით სამუშაოების შესრულების ვალდებულება.

დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განკარგულება კანონშესაბამისად მიიჩნია შპს „...ის“ ბრალეულობის საკითხის გამოკვლევის გარეშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 07.04.2011წ. #9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ ავალდებულებს შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა (24.2 მუხ. „გ“ ქვეპ.). ამდენად, გასაჩივრებული განკარგულების კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ თავად შპს „...ი“ აღიარებს ხელშეკრულების შეუსრულებლობას, რაც შავ სიაში დარეგისტრირების უპირობო საფუძველს წარმოადგენდა. ამასთან, შპს „...ის“ მხრიდან სატენდერო პირობების გაცნობის და სათანადოდ შეფასების გარეშე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა და შემდგომში მისთვის უცნობი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება ვერ იქნება მიჩნეული შპს „...ის“ ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად.

ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შპს „...ის“ საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.2017წ. განჩინება;

3. შპს „...ის“ (ს/ნ …) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 15.02.2018წ. №0412 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი