# ბს-575-575 (2კ-18) 07 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
08.09.14წ. გ. კ-მა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, მდებარე დუშეთის რაიონში, სოფ. … (ს.კ....) ყადაღის დადება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 09.09.2014წ. განჩინებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობა და ყადაღა დაედო შპს „...ის“ საკუთრებაში არსებულ 3282 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მდებარე დუშეთის რაიონში, სოფ. ... (ს.კ....).
17.09.14წ. გ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს ,,...ის” მიმართ, გ. კ-ის კუთვნილი 0.09 ჰა მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 22.05.2014წ. №1/1-904 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2014წ. №... გადაწყვეტილების და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ას” შორის 03.07.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 23.03.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გ. კ-ის კუთვნილი 0.09 ჰა მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (900 კვ.მ.) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 22.05.2014წ. №1/1-904 ბრძანება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 27.05.2014წ. №... გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ას” შორის 03.07.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 540 ლარის გადახდა თანაბარწილად გადასახდელად დაეკისრათ მოპასუხეებს.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა, სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს ,,...ამ”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და შპს ,,...ამ”, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორი სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გ. კ-ის სახელზე არსებული დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ იძლეოდა მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რის გამოც შეუძლებელი იყო ელექტრონულ აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელ მონაცემებთან შედარება. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირის ჩვენების საფუძველზე დაადგინა, რომ შპს ,,...ის” სახელზე აღრიცხულმა მიწის ნაკვეთმა მოიცვა გ. კ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი - 900 კვ.მ., რაც არასწორია, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისასთვის. ამასთან, მოწმის სახით დაკითხული პირი გ. კ-ის ოჯახთან დაახლოებული პირია, ხოლო აზომვითი ნახაზი მოსარჩელის მითითებით არის შედგენილი. სადავო მიწის ნაკვეთისა და გ. კ-ის მიწის ნაკვეთების იდენტურობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელის მიერ საქმეში არ წარმოდგენილა. შპს ,,...ას”, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს, საკუთრებაში გადაეცა უფლებრივად უნაკლო ნივთი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. სააპელაციო სასამართლოს განჩინება წინააღმდეგობაში მოდის კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის ნორმებთან, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მოთხოვნებთან.
კასატორი შპს ,,...ა” საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კეთილსინდისერი შემძენის უფლებების უგულებელყოფა. კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევისთვის სავალდებულოა შეფასდეს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება შპს ,,...ასთან” მიმართებაში არ მომხდარა. კერძოდ, ობიექტურ ფაქტორებში იგულისხმება, რომ უძრავი ქონების გამსხვისებელი რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში მესაკუთრედ და რეესტრის ჩანაწერის მიმართ შეტანილი არ უნდა ყოფილიყო საჩივარი. ხოლო სუბიექტურ ფაქტორში იგულისხმება, რომ გარიგების დადების მომენტისათვის შემძენისათვის უცნობი უნდა იყოს რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე. შპს ,,...ამ” სახელმწიფოსაგან ისე შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთი, რომ მისთვის ცნობილი არ ყოფილა აღნიშნული უძრავი ნივთის სხვა მესაკუთრის შესახებ. მოსარჩელის პრეტენზიების შესახებ შპს ,,...ამ” შეიტყო სადავო უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებით. აღნიშნული გარემოებები არ იქნა გამოკვლეული და მათ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცემია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის განხორციელება დაუზუსტებელი მონაცემებით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე, არ გამორიცხავს მის, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებების დაცვის საჭიროებას. გ. კ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა, მის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია. დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და დაუშვებელია მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია მისი უფლების ობიექტის გარეშე - აბსტრაქტული სახით არსებობა, ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ამასთან, დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული. სახელმწიფოს სახელზე საკუთრების აღრიცხვისას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გაითვალისწინეს გ. კ-ის საკუთრების უფლების არსებობა და აღნიშნული გარემოების უგულებელყოფით გამოსცეს გასაჩივრებული აქტები, რაც მართებულად გახდა გ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სზაკ-ის 6014 მუხლი ითვალისწინებს კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ადმინისტრაციული აქტი, როგორც სამართლის ნორმის (გენერალური მოწესრიგების) კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელისათვის – გ. კ-ისათვის არის შემზღუდავი, ვინაიდან ისინი ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას, პირის უფლების და ინტერესების არსებითად დარღვევა სზაკ-ის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი მიუხედავად აქტების მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობისა, მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი უკეთუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესი, რაც სადავო მიწის ნაკვეთთან მიმართებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების არსებობის გათვალისწინებით, სახეზეა.
უსაფუძვლოა კასატორების მითითება კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვისკენ მიმართული ნორმების დარღვევებზე, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ას” შორის 03.07.2014წ. გაფორმებული სადავო ხელშეკრულებით გ. კ-მა დაკარგა კუთვნილ 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულება იყო შემზღუდავი ხასიათის, რომლის გაფორმებამდე ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა გ. კ-ისაგან წერილობითი თანხმობის წარდგენის ვალდებულება (სზაკ-ის 67.1 მუხ.), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სზაკ-ის მეხუთე თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები გათვალისწინებულია არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით, არამედ დამატებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითაც. ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები ვლინდება სზაკ-ის ისეთ დანაწესებში, როგორიცაა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭების ფარგლებში, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის დაუშვებლობა და სხვ.. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერება, ბრუნვის სტაბილურობის მოსაზრებები არ წარმოადგენს ერთადერთ მოთხოვნას ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მიმართ, სამართალურთიერთობის ყველა მონაწილის პატივსადები ინტერესის სამართლიანი ბალანსის მიღწევა შესაძლებელია არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული მოთხოვნების გათვალისწინების პირობებში (სუს საქმეზე ბს-359-349(4კ-13) 24.04.2014წ. გადაწყვეტილება).
ამდენად, ადმინისტრაციული კანონმდებლობის უგულებელყოფით სადავო ხელშეკრულების გაფორმება ადასტურებს 900 კვ.მ.-ის ნაწილში გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. ამდენად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,...ას” შორის 03.07.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულების 900 კვ.მ.-ის ნაწილში ბათილად ცნობა არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ვინაიდან არ იკვეთება გარიგების დადების შეუძლებლობა აღნიშნული ნაწილის (900 კვ.მ.) გარეშე.
დაუსაბუთებელია კასატორის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა ექსპერტიზის დასკვნა, რაც უტყუარად დაადასტურებდა გ. კ-ისა და შპს ,,...ის” სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთების იდენტურობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც განსახილველ საქმეში გ. კ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმეში არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაადასტურებდა გ. კ-ის მოსაზრების უსწორობას. ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე არ მიუთითებია ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე გარემოებაზე, ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. კ-მა მისი მტკიცების ფარგლებში წარადგინა სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „...ის“ საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.2018წ. განჩინება;
3. შპს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 05.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი 1375 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 475 ლარი და საკასაციო სასამართლოში გადასახდელი ბაჟის 900 ლარის 70 % - 630 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი