211-აპ 5 ივლისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ლ. მურუსიძე,
ზ. მეიშვილი
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და ზ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის განაჩენით:
1. დ. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით;
2. ზ. ხ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ» ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2004 წლის 18 აპრილიდან. დ. გ-სა და ზ. ხ-ლს დაზარალებულების _ ა. და ს. ხ-ების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 500 აშშ დოლარისა და 100 ლარის გადახდა.
განაჩენის მიხედვით, დ. გ-სა და ზ. ხ-ლს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს ყაჩაღობა. ზ. ხ-ლს ასევე მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
დ. გ-ვი და ზ. ხ-ლი 2004 წლის 17 აპრილს დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ დაუდგენელ მესამე პირს და მოილაპარაკეს, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ გორის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ა. ხ-ის ოჯახს და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინათ მათი ნივთები, რასაც გაყიდდნენ, ხოლო აღებულ თანხას გაინაწილებდნენ.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი იმავე ღამეს, დაახლოებით 02.30 საათზე, სახეზე ნიღაბაფარებულები, ფეხით მივიდნენ სოფელ ---ში, უკანონოდ შეაღწიეს ა. ხ-ის ბინაში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ა. ხ-სა და მის მეუღლეს _ ს. ხ-ლს, რომელთა მიმართ გამოყენებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარითა და ასეთი ძალადობით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ოჯახის წევრთა კუთვნილი 500 აშშ დოლარი, 100 ლარი და 18 ლარად ღირებული, 4 ლიტრი თეთრი ღვინო დოქით.
დ. გ-ვი და ზ. ხ-ლი 2004 წლის 18 აპრილს დააკავეს გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ დ. გ-მა და ზ. ხ-მა და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ემ.
მსჯავრდებულები _ დ. გ-ვი და ზ. ხ-ლი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებას, გამართლებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას.
ადვოკატი მ. ნ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ორივე მსჯავრდებულის გამართლებასა და უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ საქმეში არ არსებობს მათი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი უტყუარი მტკიცებულება, გარდა მოწმე ჯ. ს-ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისა, რომელმაც საქმის სასამართლო განხილვის დროს უარყო თავისი ჩვენება და განმარტა, რომ იგი მოისყიდეს _ დაჰპირდნენ გარკვეულ სურსათ-სანოვაგესა და შეშას, რის გამოც მისცა დ. გ-სა და ზ. ხ-ის მამხილებელი ჩვენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი დ. გ-სა და ზ. ხ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებულები ზ. ხ-ლი და დ. გ-ვი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ უდანაშაულოები არიან, ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და უკანონო პატიმრობიდან განთავისუფლებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირა საჩივრებს და იშუამდგომლა მათი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება დ. გ-სა და ზ. ხ-ის მამხილებელი რაიმე მტკიცებულება.
მსჯავრდებულებმა _ დ. გ-მა და ზ. ხ-მა მხარი დაუჭირეს საჩივრებისა და ადვოკატ მ. ყ-ის მოთხოვნას, იშუამდგომლეს მათი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ბ-ემ საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადგენილი დ. გ-სა და ზ. ხ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაული ჩადენა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე _ მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საჩივრები _ დაუკმაყოფილებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა კანონიერი განაჩენი, რომლის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
სააპელაციო პალატის სხდომაზე მოწმე ჯ. ს-მა არ დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები, რაც იმით ახსნა, რომ მას პოლიციის თანამშრომლები ასეთი ჩვენებების სანაცვლოდ შეპირდნენ სურსათსა და შეშას. ჯ. ს-მა ასევე განმარტა, რომ დ. გ-ის დაკავების შემდეგ თავისმა დამ მიიყვანა მსჯავრდებულების ადვოკატთან.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ჯ. ს-ის თანხმობით გამოქვეყნდა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებები.
წინასწარი გამოძიებისას ჯ. ს-მა განმარტა, რომ 2004 წლის 18 აპრილს, დილით შეხვდა დ. გ-ვს, რომელიც მთვრალი იყო. ამ უკანასკნელმა უამბო, რომ წინა ღამით ზ. ხ-თან ერთად მივიდა ხ-ების სახლში, სადაც ა. და ს. ხ-ებს ფული მოსთხოვეს. როდესაც უარი მიიღეს, უთოს გამოყენებით აიძულებდნენ დაზარალებულებს, მიეცათ თანხა. დაზარალებულებს ფული ვერ გასტაცეს, მაგრამ წამოიღეს ღვინო.
ანალოგიური ჩვენება მისცა ჯ. ს-მა დ. გ-თან დაპირისპირებისას, რასაც ესწრებოდა ბრალდებულის ადვოკატიც.
მოწმე ჯ. ს-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ჩხრეკისა და დათვალიერების ოქმებით, საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათი ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიიჩნია დადგენილად ზ. ხ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით, ხოლო დ. გუდიევის მიერ ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულთა მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, სასამართლომ დ. გ-სა და ზ. ხ-ლს განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და ზ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 მარტის განაჩენი დ. გ-სა და ზ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.