Facebook Twitter

49-კოლ 13 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი,

დ. სულაქველიძე

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის, დაზარალებულ ნ. კ-სა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 9 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით გ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის «კ» პუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; 109-ე მუხლის «კ» და «ო» პუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მას საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, გ. გ-ნი ბიძაშვილთან ა. ს-თან და ნაცნობებთან _ ა. ვ-თან და შ. ვ-თან ერთად თბილისში, ---ის მოედანზე, მეტროს სადგურ «---ის» გვერდით, სავაჭრო ჯიხურთან სვამდა ლუდსა და არაყს. დაახლოებით 23 საათზე მასთან მყოფმა პირებმა სუფრასთან მიიპატიჟეს კ. ა-ძე, ი. კ-ნი და ე. ო-ნი. გ. გ-მა მოსულები სუფრასთან გაიცნო. მოგვიანებით გ. გ-ნი და ე. ო-ნი შელაპარაკდნენ. გ. გ-მა ე. ო-ნი გაიყვანა იქვე, მეტროს სადგურის უკან მდებარე ცხრასართულიანი სახლის თაღქვეშ და სრულიად უმიზეზოდ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, მოკვლის განზრახვით ჩაარტყა მას მომარჯვებული ჯიბის საკეცი დანა გულმკერდის არეში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება. ე. ო-მა შემთხვევის ადგილიდან გაქცევით აიცილა შემდეგი დარტყმა. იგი მიყენებული დაზიანებით მოთავსებულ იქნა ქალაქის ¹-- კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც აღმოჩენილი დახმარების შედეგად სიკვდილს გადარჩა.

გ. გ-ნი დაბრუნდა სუფრასთან და განაგრძო ალკოჰოლური სასმლის მიღება. რამდენიმე წუთის შემდეგ იგი შელაპარაკდა კ. ა-სთან, სრულიად უმიზეზოდ გაარტყა მას ხელი სახის არეში, ხოლო შემდეგ ცდილობდა ჩაერტყა მისთვის მაგიდიდან აღებული ბოთლი, მაგრამ იქ მყოფმა პირებმა არ მისცეს ამის საშუალება. ი. კ-ნი შეეცადა დაემშვიდებინა გ. გ-ნი, რამაც ის გაანაწყენა და მოკვლის მიზნით, ხულიგნური ქვენაგრძნობით, ი. კ-ნს ძლიერად დაარტყა დანა მუცლის არეში, რითაც მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა. ი. კ-ნი მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პროკურორი ლ. კ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც აშკარად უსამართლოს, გაუქმებასა და გ. გ-სათვის უვადო პატიმრობის დანიშვნას.

დაზარალებული ნ. კ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმებასა და გ. გ-სათვის უვადო პატიმრობის შეფარდებას.

მსჯავრდებული გ. გ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ იგი არის უდანაშაულო, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასამტკიცებლად, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, რომლებიც 3-4-ჯერ შეიცვალა.

პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. ს-მა დააზუსტა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად სასჯელის გამკაცრების მიზნით.

პალატის სხდომაზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. კ-მა დააზუსტა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად სასჯელის გამკაცრების მიზნით.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა შეცვალა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

მსჯავრდებულმა გ. გ-მა მხარი დაუჭირა ადვოკატის მოთხოვნას, მან აღნიშნა, რომ თავს არ ცნობს დამნაშავედ, არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.

გამოძიებით შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადგენილია მსჯავრდებულ გ. გ-ის ბრალეულობა განაჩენით მასზე შერაცხულ დანაშაულში. საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

პალატა მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოსაზრება მტკიცებულებათა უკმარისობის თაობაზე. სასამართლო კოლეგიას საკმაო მტკიცებულება გააჩნდა გ. გ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

განაჩენით გ. გ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება დადასტურებულია დაზარალებულ ე. ო-ის ჩვენებებით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. კ-ის ჩვენებით, მოწმეების _ ა. ვ-ის, შ. ვ-ის, კ. ა-ის, ვ. ე-ის, ა. ს-ის, ვ. ლ-ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. კ-სა და პროკურორის მოთხოვნას საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნების შესახებ იმ მოტივით, რომ, თითქოს განაჩენი გ. გ-ის მიმართ არის აშკარად ლმობიერი, სასჯელის ზომა არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა გ. გ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სასჯელი.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 9 მარტის განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა გ. გ-ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სასჯელის ღონისძიებაც სამართლიანად არის განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 9 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.