Facebook Twitter

212-აპ 24 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ოშხარელი,

ლ. მურუსიძე

განიხილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განაჩენზე, რომლითაც რ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით რ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 6 აპრილიდან.

განაჩენის მიხედვით, რ. მ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის 21 მარტს, მუსულმანური დღესასწაულის _ „ნოვრუზ-ბაირამის» დღეს, დაახლოებით 11 საათზე, ქ. მარნეულში, --- ტერიტორიაზე ერთმანეთს შეხვდნენ ე. ა-ვი და მ. ი-ვი. მ. ი-მა, რომელიც ბაზრის ერთ-ერთ სასადილოში დამხმარედ მუშაობდა, ე. ა-ვს უთხრა, რომ არსად წასულიყო, რადგან სამუშაოს შემდეგ უნდოდა მისი სახლში დაპატიჟება დღესასწაულის აღსანიშნავად. დაახლოებით 16 საათზე ე. ა-ვი მივიდა მ. ი-თან სასადილოში, დალიეს ერთი ბოთლი არაყი და წავიდნენ. ამის შემდეგ მ. ი-მა ე. ა-ვი მიიპატიჟა სახლში, სადაც დალიეს ორ ლიტრამდე ღვინო და დაახლოებით 22.00 საათზე ორივენი ქეიფის გასაგრძელებლად ფეხით წავიდნენ ე. ა-თან. მ-ის ქუჩაზე შეკრებილი იყო ახალგაზრდობა, მათ შორის _ მთვრალი რ. მ-ვი. მათ დანთებული ჰქონდათ კოცონი. მ. ი-ვი და ე. ა-ვი გაჩერდნენ კოცონთან, მიესალმნენ იქ მყოფთ და მიულოცეს „ნოვრუზ-ბაირამის» დღესასწაული. მცირე ხანში ე. ა-სა და რ. მ-ვს, რომელსაც ხელში ეჭირა გახსნილი დანა, ე.წ. „ბაბოჩკა», მოუვიდათ ჩხუბი, რომელშიც ჩაერია მ. ი-ვი. მან გააშველა ისინი და არ მისცა ჩხუბის გაგრძელების საშუალება. ამის შემდეგ რ. მ-ვი რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად წავიდა ---ის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა მისი სიძე _ ე. ნ-ვი, რომელსაც, გარდა მუსულმანური დღესასწაულისა, ჰქონდა ბავშვის დაბადების დღე და ოჯახში მიწვეული ჰყავდა სტუმრები, მათ შორის სიმამრი _ ს. მ-ვი და მისი მეუღლე _ მ. ა-აც. რ. მ-ის წასვლის შემდეგ რამდენიმე წუთში იმავე მიმართულებით წავიდნენ მ. ი-ვი და ე. ა-ვი, რადგანაც ეს უკანასკნელი ცხოვრობდა იმავე ქუჩაზე, ე. ნ-ის სახლიდან დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით. მსვლელობისას ე. ა-ვი ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას რ. მ-ის მიმართ, რომელიც მას უმიზეზოდ წაეჩხუბა და უნდოდა დანის დარტყმაც. როდესაც გაიარეს ე. ნ-ის სახლთან, რომლის ჭიშკარი ღია იყო და ეზოდან სინათლე გამოდიოდა, მთვრალი რ. მ-ვი გახსნილი დანით გამოვარდა ქუჩაში და კვლავ დაუწყო ჩხუბი ე. ა-ვს. ჩხუბისას რ. მ-მა განიზრახა ე. ა-ის მოკვლა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მას რამდენჯერმე დაარტყა დანა თავის არეში და გულმკერდის ღრუში, რითაც მიაყენა სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება. დაჭრილი ე. ა-ვი იმავე ღამეს მიიყვანეს მარნეულის რაიონის საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება. რ. მ-ვი მიიმალა.

განაჩენთან ერთად რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა კერძო დადგენილება, რომლის თანახმად, რ. მ-ის მიმართ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისთანავე მარნეულის რაიონის პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს წინასწარი გამოძიების დაწყების საკითხი ქ. მარნეულში, --- ქ. ¹9-ში მცხოვრებ ე. ა-ის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებით.

განაჩენი და კერძო დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ქ-მა და მოითხოვა რ. მ-ის გამართლება იმ მოტივით, რომ წინასწარმა და სასამართლო გამოძიებამ არ გაითვალისწინა ე. ა-ის ჩვენება იმის შესახებ, რომ მან დაზიანება მიიღო სიმთვრალეში, თავისივე დაუდევრობით. გარდა ამისა, ი. ქ-მა მოითხოვა კერძო დადგენილების გაუქმებაც იმ მოტივით, რომ მასში მოყვანილი არგუმენტები მოგონილია. მოწმე თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინასწარი გამოძიების პროცესში ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებაყოფლობით განაცხადებს მის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის შესახებ.

საქმის სააპელაციო განხილვისას მსჯავრდებულმა რ. მ-მა და მისმა ადვოკატმა _ ი. ქ-მა შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, ითხოვეს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო პალატის 2006 წლის 17 მარტის განაჩენით საჩივარი დაკმაყოფილდა. რ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

სააპელაციო სასამართლომ კვალიფიკაციისა და სასჯელის შეცვლისას მიუთითა შემდეგ მოტივებზე:

სასამართლო დაეთანხმა დაცვის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, მხოლოდ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე, მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. წინასწარ გამოძიებაში რ. მ-ვს დანაშაულის ჩადენაში ამხელდნენ დაზარალებული ე. ა-ვი, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, და აწ გარდაცვლილი მოწმე მ. ი-ვი, ხოლო დაზარალებულის დედა, მოწმე რ. ა-ვა არ არის ფაქტის შემსწრე, მომხდარის თაობაზე იცის გადმოცემით, იგი დაავადებულია და ბევრი რამ არ ახსოვს. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა დაცვის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა ე. ა-ის სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით არ უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად, რადგან ექსპერტიზა ჩატარებულია სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე არ შეიძლებოდა არც ერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, ჩხრეკის, ამოღებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების გარდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც პალატამ გაიზიარა რ. მ-ის ჩვენება იმის შესახებ, რომ მას არ ჰქონია ე. ა-ის მოკვლის განზრახვა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დანაშაულის მცდელობა შეიძლება ჩადენილი იყოს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლს კი მკვლელობის მცდელობისაგან სწორედ განზრახვის მიმართულება განასხვავებს. ჯანმრთელობის დაზიანების დროს განზრახვა შეიძლება იყოს როგორც კონკრეტიზირებული, ისე არაკონკრეტიზირებული. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის აზრით, სახეზეა არაკონკრეტიზირებული პირდაპირი განზრახვა, რის გამოც რ. მ-ის ქმედება სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რადგან თავად მსჯავრდებული რ. მ-ვი აღიარებს ე. ა-ის დაჭრის ფაქტს, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაც. სააპელაციო პალატის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ადვოკატ ი. ქ-ის კერძო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ოქტომბრის კერძო დადგენილება ე. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

პროკურორი ს. ფ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებას და რ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ რ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მთლიანადაა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მსჯავრდებული გამოძიების არც ერთ ეტაპზე არ იყო გულწრფელი, გავლენას ახდენდა დაზარალებულზე, მისი ჩვენებები მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლომ კი კრიტიკის გარეშე გაიზიარა მსჯავრდებულის არათანმიმდევრული, დამაჯერებლობას მოკლებული და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები და მხოლოდ მათზე დაყრდნობით შეცვალა რ. მ-ის ქმედების კვალიფიკაცია.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ნ-ემ მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ რ. მ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება მთლიანადაა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ხოლო სააპელაციო პალატამ უკანონოდ გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის მე-19,108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ადვოკატმა ნ. ა-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ რ. მ-ის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა. ამასთან, იშუამდგომლა მისი დაცვის ქვეშ მყოფისათვის სასჯელის შემსუბუქება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა რ. მ-მა განმარტა, რომ ე. ა-თან ჩხუბისას თავს იცავდა, იქნევდა დანას, რა დროსაც დაზარალებული დაიჭრა, თავად კი გაიქცა.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ ე. ა-ის დაკითხვა ვერ მოხერხდა მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო, ხოლო წინასწარი გამოძიებისას მან განმარტა, რომ 2002 წლის 21 მარტს იმყოფებოდა მ. ი-ის სახლში, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი და გადაწყვიტეს ქეიფის გაგრძელება. ფეხით გაემართნენ ე. ა-ის სახლისაკენ. მ-ის ქუჩაზე შეკრებილი იყო ახალგაზრდობა და დანთებული ჰქონდათ კოცონი. ე. ა-ვი და მ. ი-ვი გაჩერდნენ და იქ მყოფთ დღესასწაული მიულოცეს. დაახლოებით 10-15 წუთში ორ ახალგაზრდას შორის კამათი დაიწყო და ისინი გააშველა. ამ დროს მასთან მივიდა უცნობი პირი, როგორც შემდეგ გაირკვა _ რ. მ-ვი, რომელსაც ე.წ. «ბაბოჩკა» ეკავა. ამ უკანასკნელმა იფიქრა, რომ აღნიშნულ ორ პირს ე. ა-ვი ეჩხუბებოდა და მისთვის დანის დარტყმა სცადა, მაგრამ იქ მყოფებმა ისინი გააშველეს. მან და მ. ი-მა გზა განაგრძეს. როდესაც მიახლოვდნენ ე. ნ-ის სახლს, მოულოდნელად მ. ი-ვი დაეცა და, იმავდროულად, უკნიდან იგრძნო დარტყმა, რის გამოც წაიქცა და გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, მარჯვენა გვერდზე გრძნობდა ტკივილს და სისხლი სდიოდა. იგი წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მეორე დღეს ე. ნ-მა უთხრა, რომ მას დანა დაარტყა რ. მ-მა.

აღნიშნული ჩვენება ე. ა-მა დაადასტურა დამსწრეთა მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობისას.

ანალოგიური ჩვენებები მისცა წინასწარი გამოძიებისას მოწმე მ. ი-მა, რომელმაც ასევე განმარტა, რომ ე. ნ-ის სახლთან გავლისას მოესმა სირბილის ხმა. დაინახა, რომ ეზოდან გამოვარდა რ. მ-ვი, რომელსაც ხელთ დანა _ ე.წ. «ბაბოჩკა» ეკავა. მას ვიღაცამ უბიძგა და წაიქცა, ხოლო რ. მ-ვი გაიქცა ე. ა-საკენ და რამდენჯერმე მოუქნია დანა. აღნიშნული ჩვენებები მ. ი-მა დაადასტურა დამსწრეთა მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობისას და რ. მ-თან დაპირისპირებისას.

სასამართლო სხდომაზე მ. ი-ის დაკითხვა ვერ მოხერხდა მისი გარდაცვალების გამო.

მოგვიანებით დაზარალებულმა ე. ა-მა განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და განმარტა, რომ რ. მ-ვს მისთვის დანა არ დაურტყამს. შემთხვევის დღეს იყო მთვრალი, წაიქცა და ამის შედეგად მიიღო დაზიანებები.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, «ე. ა-ვს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები სახის, კეფის, ნიკაპის, მარჯვენა წინა მხრის, მხრის, გულმკერდისა და წარბზედა მიდამოებში, რომლებიც განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით». დაზიანებათა ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, «მათი განვითარება ე. ა-ის საკუთარი სხეულის სიმაღლიდან დაცემით, ისე, როგორც მის განცხადებაშია ასახული, ექსპერტიზას შეუძლებლად მიაჩნია».

სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ე. ა-სა და მოწმე მ. ი-ის მიერ მიცემული ჩვენებები, მაგრამ ისინი სათანადოდ არ გამოკვლეულა და არ შეფასებულა. საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმის გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს მსჯავრდებულის არა მხოლოდ გამამართლებელი, არამედ მამხილებელი გარემოებანი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ «დანაშაულის მცდელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ასეთი კი საქმის მასალებით არ დასტურდება. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არაკონკრეტიზირებული პირდაპირი განზრახვა, რომლის დროსაც პასუხისმგებლობა დგება ფაქტიურად დამდგარი ზიანის მიხედვით».

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ იგი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის ქმედებისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა, ითვალისწინებდა თუ არა რ. მუსაევი მართლსაწინააღმდეგო შედეგის (ე. ა-ის გარდაცვალების) დადგომის შესაძლებლობას და შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა თუ არა მის დადგომას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია და სწორად არ შეაფასა საქმეში არსებული მასალები, რის გამოც ჩასატარებელია ხელახალი სასამართლო გამოძიება. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული გარემოებები, სრულყოფილად შეისწავლოს საქმეში არსებული მასალები, სათანადოდ გამოიკვლიოს და შეაფასოს რ. მ-ის არა მხოლოდ გამამართლებელი, არამედ მამხილებელი გარემოებანი, რის შემდეგაც მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ ს. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 მარტის განაჩენი რ. მ-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.