Facebook Twitter

ბს-119 (კს-19) 28 მარტი, 2019წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

განიხილა რ. ს-ის წარმომადგენლის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2018წ. განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რ. ს-ემ 03.02.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, „თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.09.2016წ. და „განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017წ. ბრძანებების ბათილად ცნობის, აგრეთვე თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017წ. ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ს-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.07.2017წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 29.05.2017წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „განთავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 05.01.2017წ. ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. ს-ის იმავე თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, ხოლო იმავე შტატის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა აგრეთვე რ. ს-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 05 სექტემბრიდან, თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რ. ს-ის მიერ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული ფულადი თანხის გამოკლებით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქ.).

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

საკასაციო სასამართლოს 09.01.2018წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.06.2018წ. განცხადებით მიმართა რ. ს-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 27.07.2017წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში მითითებული სიტყვების: „თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით“ განმარტება. განმცხადებელმა მოითხოვა განმარტებულიყო აღნიშნული მითითება გულისხმობდა თუ არა ხელფასის შემადგენელი ყველა კომპონენტის (თანამდებობრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, წელთა ნამსახურობის და საიდუმლო დაშვების დანამატის, კვების კომპენსაციის) გათვალისწინებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალებას თავდაცვის სამინისტროსათვის. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ნაწილობრივ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, მას აუნაზღაურდა თანხა იმ ოდენობით, რაც შეესაბამებოდა მის თანამდებობრივ სარგოს და არ იქნა გათვალისწინებული ხელფასის შემადგენელი სხვა კომპონენტები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.08.2018წ. განჩინებით რ. ს-ეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე. სააპელაციო პალატის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტი არ იყო ბუნდოვანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.11.2018წ. შუამდგომლობით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ განმარტებულიყო სააპელაციო სასამართლოს 27.07.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რ. ს-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება გულისხმობდა მხოლოდ თანამდებობრივ სარგოს, თუ ხელფასს მასში შემავალი ყველა კომპონენტით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.12.2018წ. განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე. სააპელაციო პალატის მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი არ იყო ბუნდოვანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.08.2018წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა რ. ს-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტების დავალება. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით რ. ს-ეს აუნაზღაურა მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი თანხა, რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით არასწორია, ვინაიდან ხელფასი თანამდებობრივი სარგოს გარდა მოიცავს სხვა კომპონენტებსაც. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბუნდოვანების გამო სააღსრულებო ბიურო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების გარეშე დამატებით სხვა სააღსრულებო მოქმედებებს ვერ ახორციელებდა. აღნიშნული გარემოებების გამო აუცილებლობას წარმოადგენდა გადაწყვეტილების აღსრულება.

საკასაციო სასამართლოს 31.01.2019წ. განჩინებით რ. ს-ის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

რ. ს-ის წარმომადგენელმა ჟ. ჩ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ რ. ს-ეს აღარ გააჩნია კერძო საჩივრის განხილვის ინტერესი, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების განმარტების გარეშე აღსრულდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე რ. ს-ის წარმომადგენელმა ჟ. ჩ-მა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის ავტორის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

25.03.2019 წ. განცხადება წარმოდგენილია რ. ს-ის წარმომადგენლის ჟ. ჩ-ის მიერ, რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება საქმეში (ტ.1.ს.ფ.42) დაცული რწმუნებულებით. რწმუნებულებით წარმომადგენელს განუსაზღვრელი ვადით აქვს მინიჭებული სსსკ-ის 98-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებანი, მათ შორის სარჩელზე უარის თქმის უფლება, რაც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას უარი თქვას კერძო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის რ. ს-ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 25.03.2019წ. წარმოდგენილი განცხადებით განახორციელა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვას კერძო საჩივარზე, რაც სსკ-ის 272-ე მუხლის `გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ 25.03.2019წ. განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (ასკ-ის 3.2 მუხ.), არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ზემოთმითითებული გარემოებისა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 25.03.2019წ. წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება დავის საგნის არარსებობა, ვინაიდან განმცხადებლის განმარტებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად, რაც სსსკ-ის 272-ე მუხლის ა1 პუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ამდენად, არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან აღარ არსებობს დავის საგანი (სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქ.) და კერძო საჩივრის ავტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე (სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ და `გ~ ქვეპუნქტისა და სსკ-ის 3.2 მუხლის საფუძველზე კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, დავის საგნის არარსებობისა და რ. ს-ის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. რ. ს-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, დავის საგნის არარსებობისა და კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი