Facebook Twitter

საქმე Nბს-167(კს-19) 12 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ი-ის წარმომადგენელი ზ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი

მესამე პირები: გორის მუნიციპალიტეტის მერია, ნ. ა-ი, მ. ლ-ე, თ. ა-ი, ნა. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - დამატები გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ი-მა 2018 წლის 5 აპრილს სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და მესამე პირების გორის მუნიციპალიტეტის მერიის, თ. ა-ის, მ. ლ-ის, ნ. ა-ის, ნა. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ საერთო სარგებლობის საუბნო გზისა და მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ. ლ-ის, თ., ნ., ნა. ა-ების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ. ლ-ის, თ., ნ., ნა. ა-ების სახელზე № ... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნული საერთო სარგებლობის გზის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3228 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის მ. ლ-ის, თ., ნ., ნა. ა-ების სახელზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2016 წლის 11 თებერვლის №... გადაწყვეტილება სისტემური რეგისტრაციის მონაცემებით აღნიშნული საერთო სარგებლობის გზის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში (მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ნ. ი-ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება დაეკისრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს ნ. ი-ის სასარგებლოდ; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის - 350 ლარის ანაზღაურება; აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის ნახევარი - 75 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ნახევარი - 75 ლარი, დაუბრუნდა უკან.

ნ. ი-ის წარმომადგენელმა - ზ. მ-მა 2018 წლის 12 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. ი-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის N3ბ/1911-18 გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საჭიროება და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა - განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმა ცალსახად მიუთითებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ მხარის მიერ სათანადო მტკიცებულების წარდგენასთან ერთად წარდგენილია ახსნა - განმარტება მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელზე, რომელსაც მართალია, თან ერთვის 2018 წლის 7 ოქტომბერს გაფორმებული N130ა ხელშეკრულება მომსახურების შესახებ და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა წარმოდგენილ სააპელაციო შესაგებელში მხარე არ მიუთითებს და არ შუამდგომლობს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეს აღნიშნული შუამდგომლობა არც საქმის განხილვის ეტაპზე - სასამართლო სხდომაზე არ დაუყენებია. სააპელაციო პალატამ ეს ხელშეკრულება მიიჩნია მხოლოდ საპროცესო წარმომადგენლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ნოემბრის N3ბ/1911-18 გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საჭიროება.

სააპელაცი პალატამ ასევე მიუთითა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადაზე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამოცხადდა 2018 წლის 16 ნოემბერს. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა როგორც ნ. ი-ის მეურვე ნ. ი-ი, ასევე თავად წარმომადგენელი ზ. მ-ი. განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2018 წლის 12 დეკემბერს. ამდენად, მხარის არგუმენტი, რომ გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის 7 დეკემბერს და შესაბამისად, 2018 წლის 12 დეკემბერს აქვს აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების პროცესუალური შესაძლებლობა, არ იქნა გაზიარებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული საფუძვლითაც არ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის N3ბ/1911-18 გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საჭიროება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ი-ის წარმომადგენელმა ზ. მ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურების შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ნოემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის 7 დეკემბრის და მისი გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მის სასარგებლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ მითითებას (მომსახურების ხელშეკრულება და თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ერთვოდა 2018 წლის 17 ოქტომბერს წარდგენილ სააპელაციო შესაგებელს).

კერძო საჩივრის მოსაზრებით სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, „თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით „პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები“. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც“. იმავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილით „გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე“.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს სააპელაციო სასამართლომ განმარტა მხოლოდ ის, რომ საპროცესო ხარჯები გადანაწილდებოდა კანონის შესაბამისად, რაც თავის მხრივ, ასახვას პოვებდა გადაწყვეტილების დასაბუთებაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდა 2018 წლის 16 ნოემბერს, ხოლო განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ წარდგენილ იქნა 2018 წლის 12 დეკემბერს მაშინ, როცა გასული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული 7 - დღიანი ვადა, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია, რადგან ხარჯების ამგვარი განაწილების შესახებ შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიიჩნია ის, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო რეგისტრაციის განხორციელების დროს არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები (საერთო სარგებლობის გზის ნაწილში), რასაც შესაბამისად არასწორი შეფასება მისცა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაეკისრებინა პროცესის ხარჯების სრულად ანაზღაურების ვალდებულება, სააპელაციო სასამართლომ რატომღაც, მხოლოდ ნაწილობრივი ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა მოპასუხე მხარეს. თუმცა აღნიშნული საბოლოო შედეგის გათვალისწინებით მხარის მიერ არ იქნა მიჩნეული იმ სახის დარღვევად, რომ გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში, მაგრამ როდესაც აღმოაჩინა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავდა მსჯელობას მის სასარგებლოდ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე, აღნიშნული მიიჩნია მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევად და მდგომარეობის გამოსწორებას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით შეეცადა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატა ფორმალურად მიუდგა საკითხის გადაწყვეტას, რადგან სხვა რისთვის უნდა დაერთო მხარეს ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმისთვის თუ არა აღნიშნული თანხის ანაზღაურების მიზნით. ამასთან, სარჩელი შეიცავდა მოთხოვნას მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დავალდებულების შესახებ და ამ გარემოების გათვალისწინებით, მაინც უნდა გამოეტანა სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნ. ი-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ნ. ი-ის წარმომადგენელი ზ. მ-ი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენელზე გაწეული ხარჯის ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებამდე უნდა დადგინდეს მხარის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონისა და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გასაჩივრების კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, ე.ი. ვადის ათვლა იწყება გამოცხადებიდან, ამასთანავე, საყურადღებოა ის საკითხი, რომ ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებას უნდა ესწრებოდეს მხარე (განმცხადებელი) და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყება 7 - დღიანი ვადის დენა გამოცხადების დღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებიან მხარეები ან არ ესწრება ერთ-ერთი საპროცესო სუბიექტი, მაშინ 7 - დღიანი ვადის დენა ამ სუბიექტის მიმართ უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც მას ჩაბარდა მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება/განჩინება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როდესაც გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება მხარე, მისთვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, შესაბამისად, ცნობილია რაიმე საკითხზე ხომ არ გამორჩა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა, სრულყოფილად არის თუ არა ყველა საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილება. ამდენად, სარეზოლუციო ნაწილში ყველა მოთხოვნაზე დასკვნის არარსებობა ადასტურებს საქმის არასრულყოფილად გადაწყვეტას.

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ ნ. ი-ის მეურვე - ნ. ი-ი და წარმომადგენელი - ზ. მ-ი (იხ. ტ. II, ს.ფ. 62-78), შესაბამისად, მათ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოსათვის უნდა მიემართათ 2018 წლის 23 ნოემბერს 24 საათამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმის მასალების თანახმად, ნ. ი-ის წარმომადგენელმა - ზ. მ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით 2018 წლის 12 დეკემბერს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი, კანონისმიერი 7 - დღიანი ვადის დარღვევით მიმართა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად სწორად უთხრა უარი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე და წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ი-ის წარმომადგენლის - ზ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე