Facebook Twitter

ბს-1100(2კ-18) 21 მარტი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. გ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-მა 28.11.2016წ. სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ მოპასუხის 18.10.2016წ. განკარგულების ბათილად ცნობისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ …ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1434.51 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 14.12.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს "…", რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა სს "…ის" მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სს "…ის" კერძო საჩივარი, გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 14.12.2016წ. განჩინება.

ნ. გ-მა 29.05.2017წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბ. გ-ის მიმართ ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 18.10.2016წ. განკარგულების ბათილად ცნობის, ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების განყოფილების …ის ა. მ-ის მიერ 21.03.2017წ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შედგენილი N00172 ადგილზე დათვალიერების ოქმის, ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 03.04.2017წ. N347 ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2017წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ …ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1434.51 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ნ. გ-ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 29.05.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ბ. გ-ს (პ/ნ …) აეკრძალა ონის რაიონის სოფელ …ში (ს/კ …) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება, იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთვა.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 08.08.2017წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ბ. გ-ის წარმომადგენლის ბ. ბ-ის შუამდგომლობა და მოპასუხე ბ. გ-ი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ, ამავე განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბ. გ-ი.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 30.08.2017წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 18.10.2016წ. განკარგულება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 29.05.2017წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. გ-ისა და ნ. გ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.2018წ. განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 30.08.2017წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.06.2018წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 30.08.2017წ. გადაწყვეტილება ნ. გ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და საქმისწარმოების განყოფილების …ის ა. მ-ის მიერ 21.03.2017წ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შედგენილი N00172 ადგილზე დათვალიერების ოქმი, ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 03.04.2017წ. N347 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2017წ. N… გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით (განაცხადის რეგისტრაციის N… 18.11.2016წ.). აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-ისა და ბ. გ-ის მიერ.

კასატორი - ნ. გ-ი აღნიშნავს, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია სოფელ …ში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1434.51 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის კანონიერებაზე. სასამართლოს ობიექტურად არ გამოუკვლევია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიაში ნ. გ-ის მიერ შეტანილი განცხადება და თანდართული მასალები. სააპელაციო პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც დაადასტურეს კასატორის მიერ სადავო უძრავი ქონების თვითნებურად დაუფლების ფაქტი 1992 წლიდან, ხოლო შემდეგ წლებში ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში დაასაბუთა ნ. გ-ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის იურიდიული და ფაქტობრივი საფუძველი, რაც თავის მხრივ უნდა გამხდარიყო ნ. გ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 08.11.2016წ. წერილის თანახმად 1999-2003 წ.წ. და 2001-2015 წ.წ. საკომლო წიგნებში ბ. გ-ის კომლი არ ფიქსირდება, ასევე ბ. გ-ი არ ფიქსირდება მიწის გადამხდელთა სიაში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაციისათვის წარდგენილ დოკუმენტებზე თანდართულ საკადასტრო რუკაზე მიწის ნაკვეთი თავისუფალია და მასზე შენობა-ნაგებობა არ არის დატანილი, ხოლო 06.04.2017წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით ბ. გ-ის საკუთრებაში არსებულ დაზუსტებულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ორი ერთეული შენობა-ნაგებობა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2017წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა რეგისტრირებულ იქნა ბ. გ-ის სახელზე არის უკანონო. ამდენად ბ. გ-ს არანაირი უფლება სადავო უძრავი ნივთის მიმართ არ გააჩნია. ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი აშკარად სახეზეა, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო ბათილად ეცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.04.2017წ. გადაწყვეტილება. შესაბამისად არ არსებობს არანაირი საფუძველი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბ. გ-ის განცხადებაზე განმეორებით მიიღოს გადაწყვეტილება.

კასატორი - ბ. გ-ი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია სადავო აქტების მიმართ მესამე პირის კანონიერი ნდობის ფაქტორზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მიწაზე არსებულ შენობაში მოსარჩელე თვითნებურად არ შესულა, სადავო უძრავი ქონება ბ. გ-ის საკუთრებად არის რეგისტრირებული 2001 წლიდან, ამდენად ნ. გ-ი ვერ იქნება მიტაცებულ მიწაზე საკუთრების უფლების მაძიებელი 2007 წლიდან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. გ-ს სადავოდ არ გაუხდია ბ. გ-ის სახელზე განხორციელებული დაუზუსტებელი რეგისტრაციის ფაქტი. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაზუსტებული საზღვრებით მიწის რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს განაშენიანების ფართის მონაცემებს. ადგილზე დათვალიერების დროს შედგენილ ოქმში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ დასაზუსტებელი მიწის ნაკვეთის მონაცემები შეესაბამება დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახულ მიწის ნაკვეთს. კანონი არ განსაზღვრავს ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების ვინაობას. მოცემულ შემთხვევაში ადგილზე დათვალიერების ოქმს და ასევე საკადასტრო აზომვით ნახაზს ხელს აწერს გ. გ-ის მეზობელი გ. გ-ი. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ ოქმში ასახული მონაცემები გაყალბებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ამდენად სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად მიიღო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 16.1 მუხლის "ა" ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას (16.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში ბ. გ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად სადავო 03.04.2017წ. N347 ბრძანებაში მითითებულია სააღრიცხვო ბარათი …, განაცხადის რეგისტრაციის N…, თარიღი 23.11.01 და სალაროს შემოსავლის ორდერი N5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 23.11.01წ. სააღრიცხვო ბარათის მიხედვით დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ბ. გ-ის ოჯახი, რომლის უფლების დამდეგ დოკუმენტს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N321, მაშინ როდესაც ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 04.11.2016წ. N04-3030 წერილით ბ. გ-ი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში 28.02.2000წ. მდგომარეობით არ ფიქსირდება, ხოლო საქართველოს ეროვნული არქივის 08.11.2016წ. N13/68474 წერილის მიხედვით 1993-2003წ.წ. და 2001-2005წ.წ. საკომლო წიგნებში ბ. გ-ის კომლი რეგისტრირებული არ არის. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის 06.04.2017წ. N… განაცხადზე მომზადებული ამონაწერის მიხედვით ბ. გ-ის დაზუსტებული საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ზემოაღნიშნული დოკუმენტები, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N321 და საქართველოს ეროვნული არქივის 08.11.2016წ. N13/68474 წერილი. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არ მომხდარა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა-გამოკვლევა და სააგენტოში დაცული ინფორმაციის სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციასთან შედარება.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის 6.1 მუხლის თანახმად სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში ახორციელებს დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების დროს ნ. გ-ი არ იმყოფებოდა დათვალიერების ადგილას, შესაბამისად იგი არ იყო ჩართული ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის სტატუსით. ასევე აღსანიშნავია, რომ დათვალიერების ოქმი არ არის სათანადო წესით დამოწმებული და შეიცავს არასაკმარის ინფორმაციას მიწის ნაკვეთის იდენტურობის დასადასტურებლად. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ზემოაღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად, N00172 ადგილზე დათვალიერების ოქმისა და ონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 03.04.2017წ. N347 ბრძანების საფუძველზე ერთპიროვნულად მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების განსაზღვრა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მესაკუთრეები, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი ინფორმაცია საარქივო მონაცემებთან, დაედგინა დაინტერესებული პირის ვინაობა, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც გაუარესდებოდა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, ჩაერთო იგი ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნული გარემოებების დადგენა, საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციას განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ბ. გ-ის განცხადება განიხილოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარდგენილი და წარმოების პროცესში მოძიებული დოკუმენტაციის ურთიერშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიღოს შესაბამის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. გ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ისა და ბ. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2018წ. გადაწყვეტილება;

3. ბ. ბ-ეს (პ/ნ …) დაუბრუნდეს ბ. გ-ის საკასაციო საჩივარზე 27.10.2018წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე