Facebook Twitter

#ბს-1161(კ-18) 7 მარტი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური; წარმომადგენლები - ე. ა-ა; ნ. წ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ. შ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 8 თებერვალს ლ. შ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, აგრეთვე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ლ. შ-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992-1993 წლებში ირიცხებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში - საკუთრების დაცვის პოლიციაში, სამოქალაქო პირად, ... .

2018 წლის 9 იანვარს ლ. შ-ამ მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭება. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ განხილულ იქნა ლ. შ-ას განცხადება და უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია და არ დასტურდებოდა ფაქტი ლ. შ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა, რამდენადაც აღნიშნული აქტები უკანონოდ ზღუდავს მის კანონით გარანტირებულ უფლებას, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ომისა და სამხედრო ვეტერანებისათვის გათვალისწინებული შეღავათებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება; სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს ლ. შ-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს დაცვის პოლიციის სამსახურის ქ/განყოფილების უფროსმა, პოლიციის ვ/პოლკოვნიკმა დ. ა-ამ 1998 წლის 13 თებერვალს შეადგინა პატაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გენერალ მაიორის ლ. ნ-ას სახელზე. პატაკის თანახმად, დ. ა-ა ადასტურებს, რომ 1992-1993 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების პერიოდში, ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ნამდვილად მუშაობდა ... და ქ. სოხუმის დაცემამდე ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსის ... პოლიციის პოლკოვნიკის მ. გ-ას მიერ 2003 წლის 23 სექტემბერს ლ. შ-ას მიმართ გაიცა ცნობა #8/2-229, რომლის თანახმად, ლ. შ-ა 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ...ის თანამდებობაზე და არის ომის მონაწილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის - ზ. თ-ის მიერ 2017 წლის 16 მაისს გაიცა ცნობა MIA01701154321, რომლის თანახმად, ლ. ტ. შ-ა შს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლის 16 დეკემბრიდან 2011 წლის 31 აგვისტომდე. 1988 წლის 26 დეკემბრიდან 1994 წლის 11 აპრილამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების დაცვის ...ის თანამდებობაზე.

ამასთან, სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მეთაური - დ. ა-ა, დანაყოფის წევრები - ჯ. ც-ა და ზ. კ-ა ადასტურებენ, რომ ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის ... . სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში. ბანკებში აწარმოებდა გადარიცხვებს. ამავდროულად უზრუნველყოფდა დაცვის პოლიციის პირად შემადგენლობას ხელფასებით, ფორმით და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, 1993 წლის მარტის თვეში, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხრიდან ქ. სოხუმის მიმართულებით მოხდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, რა დროსაც დაიბომბა ქ. სოხუმის პოლიციის სამმართველოს შენობა, დაბომბვის მომენტში შენობაში იმყოფებოდა ლ. შ-ა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ... ო. მ-ა და დაიჭრა ბევრი თანამშრომელი. აღნიშნულ სიტუაციაში ლ. შ-ამ სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე დაჭრილ თანამშრომლებს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და გადაარჩინა მრავალი თანამშრომლის სიცოცხლე.

საქმის მასალებით აგრეთვე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმის თანახმად, ლ. შ-ას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე.

ამასთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ. შ-ას გაეგზავნა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმი და ამასთან, ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, 2017 წლის 17 ნოემბრის კომისიის სხდომაზე არ დადასტურდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათი კანონშესაბამისობა სასამართლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან მიმართებით უნდა შეემოწმებინა. სასამართლომ იქვე აღნიშნა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემასაც მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან მოითხოვდა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს #509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დანართი #1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმატიული აქტები უზრუნველყოფენ იმ პირთა სოციალურ დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ საკითხის გარკვევას, მოსარჩელე ლ. შ-ა მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განმსაზღვრელ მიზანს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე მოპასუხის დავალდებულება წარმოადგენდა.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს #281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებს მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: „დ.ა“) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი, ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებების, სამხედრო ტრამვების მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმელის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ და სხვა მტკიცებულებები). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად. „დ.ბ“) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრამვების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები. საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი. ასევე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ლ. შ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადგენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში წარმოებული ომის მონაწილის სტატუსის მინიჭება. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 #202-12 სხდომის ოქმის თანახმად, ლ. შ-ას არ დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტები, ხოლო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ. შ-ას განემარტა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე 2017 წლის 17 ნოემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე არ დადასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. ამდენად, ლ. შ-ას მოთხოვნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს დაცვის პოლიციის სამსახურის ქ/განყოფილების უფროსის მიერ 1998 წლის 13 თებერვალს შედგენილი პატაკის თანახმად, 1992-1993 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების პერიოდში ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში მუშაობდა ... და ქ. სოხუმის დაცემამდე ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მიერ 2017 წლის 16 მაისს გაიცა ცნობა იმის თაობაზე, რომ ლ. ტ. შ-ა შს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლის 16 დეკემბრიდან 2011 წლის 31 აგვისტომდე. 1988 წლის 26 დეკემბრიდან 1994 წლის 11 აპრილამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების დაცვის ...ის თანამდებობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსის მოადგილის 2003 წლის 23 სექტემბრის #8/2-229 ცნობით დასტურდება, რომ ლ. შ-ა 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ...ის თანამდებობაზე და არის ომის მონაწილე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მეთაური დ. ა-ა, დანაყოფის წევრები ჯ. ც-ა და ზ. კ-ა ადასტურებენ, რომ ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში, მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის ... . სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების 10 დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში. ბანკებში აწარმოებდა გადარიცხვებს. ამავდროულად უზრუნველყოფდა დაცვის პოლიციის პირად შემადგენლობას ხელფასებით, ფორმით და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. 1993 წლის მარტის თვეში, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხრიდან ქ. სოხუმის მიმართულებით მოხდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, რა დროსაც დაიბომბა ქ. სოხუმის პოლიციის სამმართველოს შენობა, დაბომბვის მომენტში შენობაში იმყოფებოდა ლ. შ-ა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ... ო. მ-ა და დაიჭრა ბევრი თანამშრომელი. აღნიშნულ სიტუაციაში ლ. შ-ამ სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე დაჭრილ თანამშრომლებს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და გადაარჩინა მრავალი თანამშრომლის სიცოცხლე.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. შ-ა 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ...ის თანამდებობაზე და იყო აფხაზეთში წარმოებული ომის მონაწილე, რაც წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელი იყო ლ. შ-ასათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში. სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა და არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი. ამდენად, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საფუძველს ლ. შ-ასათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმი, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უნდა დავალებოდა ლ. შ-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი იყო სრულყოფილად, რაც არ იძლეოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები. ამასთან, სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ლ. შ-ას 1992-1993 წლებში აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ...ის თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი, დაუშვებელი იყო ლ. შ-ასათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ინფორმაცია - მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში, არ ფიქსირდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში. კანონმდებლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიაკუთვნებს მათ შორის შინაგან საქმეთა მოსამსახურეებს, ხოლო საქმის მასალებითა და მომწეთა ჩვენებებით ცალსახად დადასტურებული იყო ის ფაქტი, რომ ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში, მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის ... . სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა და არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა ლ. შ-ასათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს #509 დადგენილებით დამტკიცებულ „ვეტერანის მოწმობის ნიმუშის გაცემის წესის“ დანართი #1-ის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ შსს-დან მიღებული ინფორმაციით მის მიმართ იარაღის გაცემის, დაჯილდოების, წახალისების წოდების მინიჭების (საომარი მოქმედებების პერიოდში), საველე ფორმა-ტანსაცმლის შესახებ ბრძანებები არ მოიპოვება (თუმცა ნამსახურების ნუსხის თანახმად, ომის შემდეგი პერიოდი სავსეა წახალისების ჩანაწერებით).

კასატორი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლ. შ-ა მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შსს-ში, მას უშუალო შეხება არ ჰქონია საბრძოლო მოქმედებებთან. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ შესაძლოა ლ. შ-ა ჩაითვალოს ვეტერანთან გათანბრებულ პირად, კასატორმა აღნიშნა, რომ ამგვარ შესაძლებლობას ითვალისწინებდა 2006 წლამდე მოქმედი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რაც ამოღებულია და შესაბამისად, გაუქმებული ნორმის საფუძველზე მსჯელობა დაუშვებელია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს დაცვის პოლიციის სამსახურის ქ/განყოფილების უფროსმა, პოლიციის ვ/პოლკოვნიკმა დ. ა-ამ 1998 წლის 13 თებერვალს შეადგინა პატაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიციის გენერალ მაიორის ლ. ნ-ას სახელზე. პატაკის თანახმად, დ. ა-ა ადასტურებს, რომ 1992-1993 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედების პერიოდში, ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ნამდვილად მუშაობდა ... და ქ. სოხუმის დაცემამდე ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსის ... პოლიციის პოლკოვნიკის მ. გ-ას მიერ 2003 წლის 23 სექტემბერს ლ. შ-ას მიმართ გაიცა ცნობა #8/2-229, რომლის თანახმად, ლ. შ-ა 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ...ის თანამდებობაზე და არის ომის მონაწილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის - ზ. თ-ის მიერ 2017 წლის 16 მაისს გაიცა ცნობა MIA01701154321, რომლის თანახმად, ლ. ტ. შ-ა შს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლის 16 დეკემბრიდან 2011 წლის 31 აგვისტომდე. 1988 წლის 26 დეკემბრიდან 1994 წლის 11 აპრილამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების დაცვის ...ის თანამდებობაზე.

საქმის მასალებით აგრეთვე დადგენილია, რომ სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მეთაური დ. ა-ა, დანაყოფის წევრები ჯ. ც-ა და ზ. კ-ა ადასტურებენ, რომ ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის ... . სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში. ბანკებში აწარმოებდა გადარიცხვებს. ამავდროულად, უზრუნველყოფდა დაცვის პოლიციის პირად შემადგენლობას ხელფასებით, ფორმით და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, 1993 წლის მარტის თვეში, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხრიდან ქ. სოხუმის მიმართულებით მოხდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, რა დროსაც დაიბომბა ქ. სოხუმის პოლიციის სამმართველოს შენობა, დაბომბვის მომენტში შენობაში იმყოფებოდა ლ. შ-ა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ... ო. მ-ა და დაიჭრა ბევრი თანამშრომელი. აღნიშნულ სიტუაციაში, ლ. შ-ამ სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე დაჭრილ თანამშრომლებს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და გადაარჩინა მრავალი თანამშრომლის სიცოცხლე.

დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმის თანახმად, ლ. შ-ას უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დადასტურებაზე.

ამასთან, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, ლ. შ-ას გაეგზავნა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმი და ამასთან, ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით უარი ეთქვა საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭებაზე, იმის გამო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, 2017 წლის 17 ნოემბრის კომისიის სხდომაზე არ დადასტურდა მისი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. კერძოდ, მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად კი, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები.

ამავე კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად კი, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ამავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს #509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის“ დანართი #1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მითითებული ნორმატიული აქტები უზრუნველყოფენ იმ პირთა სოციალურ დაცვას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისთვის არსებით მნიშვნელობას იძენს იმ საკითხის გარკვევა, მოსარჩელე ლ. შ-ა მონაწილეობდა თუ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს #281 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებებს მონაწილის და ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ვეტერანის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს: „დ.ა“) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურიდან და სხვა შესაბამისი უწყებიდან ნებისმიერი დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ საბრძოლო მოქმედებების პერიოდში სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას (სამხედრო ბილეთში შესაბამისი ჩანაწერი, ჩარიცხვის, ამორიცხვის, მივლინების, წახალისების, წოდების მინიჭების, დაჯილდოების ბრძანებების, სამხედრო ტრამვების მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმელის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ და სხვა მტკიცებულებები). მაძიებელმა ასევე უნდა წარადგინოს საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები ძალოვანი უწყების მოსამსახურეებზე დადასტურებულ უნდა იქნეს შესაბამისი უწყების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ნოტარიულად. „დ.ბ“) მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრამვების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები. საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი. ასევე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამასთან, ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის სამმართველოს უფროსის მოადგილის პოლიციის პოლკოვნიკის მ. გ-ას მიერ 2003 წლის 23 სექტემბერს ლ. შ-ას მიმართ გაიცა ცნობა #8/2-229, რომლის თანახმად, ლ. შ-ა 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. შსს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ...ის თანამდებობაზე და არის ომის მონაწილე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო ორგანოები კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამის სამსახურთა არსებობის პირობებში, არ იყვნენ უფლებამოსილნი, პირისათვის თავად განესაზღვრათ ვეტერანის სტატუსი და გაეცათ ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საბრძოლო მოქმედებები სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდაუწყებრივ ორგანოებს გააჩნდათ უფლებამოსილება, დაედგინათ და ცნობის გაცემის გზით დაედასტურებინათ კონკრეტულ პირთა მიერ ომში მონაწილეობის ფაქტი, შესაბამისად, შეექმნათ ვეტერანის სტატუსის მინიჭებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, ყოფილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მეთაური დ. ა-ა, დანაყოფის წევრები ჯ. ც-ა და ზ. კ-ა ადასტურებენ, რომ ლ. ტ. შ-ა აფხაზეთის შს სამინისტროს ორგანოებში ირიცხებოდა 1971 წლიდან 1994 წლის აპრილამდე. აფხაზეთში ცნობილი მოვლენების პერიოდში, 1992-1993 წლებში, მუშაობდა საკუთრების დაცვის პოლიციის ... . სოხუმში საომარი მოქმედებების პერიოდში ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, შექმნილი საბრძოლო ვითარებიდან გამომდინარე ახორციელებდა მიმოსვლას ქალაქ სოხუმში განლაგებული საკუთრების დაცვის პოლიციის მიერ დაცულ წარმოებებში, დაწესებულებებში. ბანკებში აწარმოებდა გადარიცხვებს. ამავდროულად უზრუნველყოფდა დაცვის პოლიციის პირად შემადგენლობას ხელფასებით, ფორმით და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით. 1993 წლის მარტის თვეში, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხრიდან ქ. სოხუმის მიმართულებით მოხდა ფართომასშტაბიანი შემოტევა, რა დროსაც დაიბომბა ქ. სოხუმის პოლიციის სამმართველოს შენობა, დაბომბვის მომენტში შენობაში იმყოფებოდა ლ. შ-ა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ... ო. მ-ა და დაიჭრა ბევრი თანამშრომელი. აღნიშნულ სიტუაციაში ლ. შ-ამ სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე დაჭრილ თანამშრომლებს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება და გადაარჩინა მრავალი თანამშრომლის სიცოცხლე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ომში მონაწილეობა არ გულისხმობს საბრძოლო მოქმედებებში პირის მხოლოდ ქმედით ჩართულობას. საომარი მოქმედებები კომპლექსურად მიმდინარეობს, სადაც თითოეულ მონაწილეს აღნიშნულ მოქმედებებთან დაკავშირებული გარკვეული ფუნქციის შესრულება ეკისრება. უშუალოდ მებრძოლთა მიერ წარმოებული საბრძოლო აქტივობების გარდა, ომის მიმდინარეობა არსებითად არის დაკავშირებული, მაგალითად, სამედიცინო პერსონალის ეფექტურ მუშაობაზე, ე.წ. მეკავშირეების საქმიანობაზე, რომლებიც ბრძოლის მიმდინარეობისას სამხედრო ქვედანაყოფებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფენ, ასევე, იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მეომართა შესაბამისი აღჭურვილობით მომარაგებაში, რამდენადაც სწორედ დანაყოფთა შეუფერხებელი და სრულყოფილი მომარაგება განაპირობებს საბრძოლო ვითარებათა ეფექტიანობას. საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტი, რომ ლ. შ-ა დაცვის პოლიციის პირადი შემადგენლობის არა მხოლოდ ხელფასებით, არამედ ფორმითა და სხვა საჭირო ტექნიკური საშუალებებით მომარაგებასაც უზრუნველყოფდა. ამავდროულად, საგულისხმოა ისიც, რომ აფხაზეთში მომხდარი ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი შეტაკების დროს, მოსარჩელემ, ფაქტობრივად, სამედიცინო საქმიანობაც შეითავსა, კერძოდ, სწორედ მისი დახმარებით იქნა გადარჩენილი დაბომბვის შედეგად დაშავებული, საბრძოლო ვითარებებში მონაწილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი თანამშრომელი. ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმას, რომ საომარ მოქმედებათა პერიოდში ლ. შ-ა არა მხოლოდ ... საქმიანობას, არამედ საბრძოლო ქმედებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფუნქციებსაც ასრულებდა, რაც ცხადყოფს მის მიერ ომში მონაწილეობას.

ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ. შ-ა 1992-1993 წლებში მსახურობდა აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების დაცვის პოლიციის სამმართველოში ...ის თანამდებობაზე და იყო აფხაზეთში წარმოებული ომის მონაწილე, რაც წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა საქმის მიმდინარეობისას და, მათ შორის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც, ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. შესაბამისად, დაუშვებელი იყო ლ. შ-ასათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო მასალებში. სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენდა კანონით გათვალისწინებული ფაქტის დადგენა და არა კონკრეტული პირის საარქივო მასალებში აღრიცხვის ფაქტი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლეოდა საფუძველს ლ. შ-ასათვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელე 1993 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში სარგებლობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილი შეღავათებით, კერძოდ, მას აღნიშნული დროის მონაკვეთში საშემოსავლო გადასახადით არ ებეგრებოდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები პირდაპირ და უშუალო, არსებით ზიანს აყენებს ლ. შ-ას უფლებას, კერძოდ, ართმევს მას შესაძლებლობას, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მთელი რიგი შეღავათებით, კერძოდ, უფასოდ იმგზავროს მუნიციპალური ტრანსპორტით, ჩაერთოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის გათვალისწინებულ საყოველთაო ჯანდაცვის სპეციალურ პროგრამაში და ა.შ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 17 ნოემბრის #202-12 სხდომის ოქმი და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2018 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისათვის ლ. შ-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი