#ბს-1408 (კ-18) 21 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-მა და ლ. ბ-მა 01.11.2017წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 09.10.2017წ. №1772 ბრძანების ბათილად ცნობისა და მ. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 09.10.2017წ. №1772 ბრძანება მ. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2018წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.02.2018წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდისათვის მოქმედი 04.02.2015წ. №127 განკარგულებით დამტკიცებული ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა’’ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი’’ ადგენს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. თითოეული დევნილი ოჯახის განცხადების შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით. კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს იმ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ ნგრევად და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ საცხოვრებელ ფართებში. უსაფუძვლოა სასამართლოს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიამ თავი აარიდა საქმის სრულყოფილ გამოკვლევას და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საკითხის განხილვის დროს კომისიას წარედგინა სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი მოხელეების მიერ ჩატარებული მონიტორინგის მასალა. მათ მიერ შედგენილი ოქმების თანახმად, მოსარჩელეები ფაქტობრივად ცხოვრობდნენ არა სასტუმრო "…ში", არამედ ქ. ქუთაისში, …ს ქ. N77-ში მდებარე N25 ბინაში. აღნიშნული გარემოება გახდა ამ ეტაპზე მოსარჩელეებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონება ( ქ. ქუთაისი, …ს ქ. N77, ბინა N25) წარსულში წარმოადგენდა მოსარჩელეების საკუთრებას, რომელიც მოგვიანებით გადააფორმეს ქალიშვილის ქმარზე. კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილთა ოჯახები ხშირად სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ სხვა ოჯახებზე ადრე მიაღწიონ მათი ბინით უზრუნველყოფას, ამიტომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ცდილობს ყოველი კონკრეტული შემთხვევა გამოიკვლიოს, რათა პირველ რიგში შეჭირვებული ოჯახები დაკმაყოფილდნენ. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. სააგენტო აცნობიერებს თუ რა მიზნის მისაღწევად აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება და რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, გამოკვლეული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რის შედეგადაც კანონმდებლის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოიცა დასაბუთებული ინდივიდუალური ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეთა ოჯახი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია არ დგას ეჭვქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.01.2019წ. განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, შექმნილი იყოს მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების მიღებისას ვალდებული იყო სრულყოფილად დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქმის მასალებისა და სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელეს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მითითებულ მისამართზე არ ცხოვრების გამო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია 03.04.2017წ. მონიტორინგის აღწერის ფორმა, რომლის მიხედვითაც აღწერის დროს მონიტორინგის სამსახურს მ. კ-ი და ლ. ბ-ი დახვდნენ მისამართზე ქ. ქუთაისი, …ის N6-ში მდებარე სასტუმრო "…ში". მოსარჩელეები ხელს აწერენ აღნიშნულ აღწერის ფორმას. საქმეზე დართულია ასევე სს "…ას" სააბონენტო ბარათი, რომელიც მოიცავს სასტუმრო "…ში" მოსარჩელეების მიერ მოხმარებული ელექტრო-ენერგიის ჩვენებებს. ასევე წარმოდგენილია მეზობლების წერილობითი განცხადება, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის ოჯახის მითითებულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრების ფაქტს. კასატორის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ქ. ქუთაისში, …ს ქ. N7-ში მდებარე N25 ბინა წარსულში წარმოადგენდა მოსარჩელეების საკუთრებას, არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტს, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც 16.06.2017წ. განხორციელებული მონიტორინგის დროს ზემოაღნიშნულ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული იყო წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის წესის" მიხედვით გადაეწყვიტა სასტუმრო "…ში" მცხოვრები დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.10.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი