Facebook Twitter

საქმე Nბს-349(კს-19) 16 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ აღსრულების ეროვნული (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ჯ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - შპს „...“

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჯ-მა 2018 წლის 10 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP180394794/440731 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP180394794/440731 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან

ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს,

სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჩაბარდა 2018 წლის 27 ნოემბერს, რაც დადასტურებულია ორგანიზაციის მიერ სასამართლო გზავნილზე დასმული ბეჭდით (ტ.1, ს.ფ. 195). ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 13 დეკემბერს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული სასამართლოს ბეჭდით (იხ. ტ.1, ს.ფ. 199). ვინაიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2018 წლის 27 ნოემბერს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 28 ნოემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 12 დეკემბრის დადგომისთანავე. შესაბამისად, 2018 წლის 13 დეკემბერს შეტანილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილ სააპელაციო საჩივრად და დატოვებულ იქნა განუხილველად;

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2019 წლის 31 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს შეტანილი სააპელაციო საჩივარი არის ვადის დარღვევით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის N221 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ინსტრუქცია, აღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინსტრუქცია განსაზღვრავს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების ორგანიზაციის სისტემას. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად კორესპონდენცია რეგისტრირდება კომპიუტერში და შესაბამისად, სარეგისტრაციო ჟურნალში მისი მიღებისთანავე, დოკუმენტის პირველ გვერდზე მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესმება შტამპი სარეგისტრაციო რიგითი ნომრის, შემოსვლის თარიღისა და ფურცლების რაოდენობის მითითებით.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში სადავო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაგზავნილია 2018 წლის 26 ნოემბერს, ხოლო რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2018 წლის 30 ნოემბერი, 12:45 საათი, რის გამოც მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იქნა კანონით დადგენილ ვადაში, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს კერძო საჩივარი.

2019 წლის 15 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ი. ჯ-მა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მოითხოვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისს გამოცემული NSP180394794/440731 ბრძანების მოქმედების შეჩერება სასამართლოს მიერ საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანამდე. შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტის გადაუდებელი აღსრულება აყენებს არსებით ზიანს, ვინაიდან მუშაობს ექთნად და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 400-500 ლარს, რომელიც ესაჭიროება ორი შვილისა მოვლისა და საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადისათვის. ამასთან, ი. ჯ-ი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მიადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და ბრძანების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებამდე, რასაც შესაძლოა თვეები დასჭირდეს და ამ თვეების განმავლობაში ხელფასიდან ჩამოეჭრება თანხა და დარჩება ხელფასის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრისა და შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი და ი. ჯ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

განსახილველ საქმეზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლო გზავნილზე დასმული ბეჭდით დადასტურებულია, რომ თბილსისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ჩაჰბარდა 2018 წლის 27 ნოემბერს.

(ს.ფ. 195). ასევე დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიერ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 13 დეკემბერს, რაც დადასტურებულია სააპელაციო საჩივარზე დასმული სასამართლოს ბეჭდით (ს.ფ. 199).

განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე - 61-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 28 ნოემბრიდან და ამოიწურა 2018 წლის 11 დეკემბერს 24:00 საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე სამშაბათი, სააპელაციო საჩივარი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 13 დეკემბერს, ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ელექტრონულ საქმისწარმოების პროგრამაში დოკუმენტის რეგისტრაციის მომენტიდან, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ბეჭდით დადასტურებულია თბილსის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარება 2018 წლის 27 ნოემბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი), რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადა კანონით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადას წარმოადგენს, სასამართლო არ არის უფლებამოსილი აღადგინოს ან გააგრძელოს იგი, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ი. ჯ-ის 2019 წლის 15 აპრილს წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP180394794/440731 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მოქმედების შეჩერებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში რეგლამენტირებულია როგორც ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, ასევე მოცემულია ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერებას, მათ შორის, სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის დაშვება, აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმება და ა.შ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ შეჩერდება თუ ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული დანაწესი, მართალია, უშვებს გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ჯ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 ივნისის №SP180394794/440731 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება და აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ამავე განჩინებაში მითითებული საფუძვლებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. ი. ჯ-ის შუამდგომლობა - სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე