ბს-579-579(კ-18) 18 აპრილი, 2019 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ღ-მა 07.09.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 19.06.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 05.08.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლის მიხედვით ნ. ღ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი ,,მდედრობითი’’ შეიცვლება ჩანაწერით ,,მამრობითი’’; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 07.10.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 07.10.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 01.12.2015წ. №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლის მიხედვით ნ. ღ-ზე გაიცემა ახალი პირადობის მოწმობა, სადაც სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი ,,მდედრობითი’’ შეიცვლება ჩანაწერით ,,მამრობითი’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.12.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის გენდერული თვითშეგრძნება - გენდერული იდენტობა არის ადამიანის შინაგანი, პირადი გრძნობები, რომელიც ამა თუ იმ სქესისადმი მიკუთვნებულობას ეხება, შესაბამისად იგი წარმოადგენს ფსიქო-ემოციური დამოკიდებულებას საკუთარ გენდერულ კუთვნილებასთან დაკავშირებით, ხოლო სქესი ეს არის ფაქტობრივად არსებული ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ადამიანის შეგრძნებების მიღმა, დამოუკიდებლად, თავისთავად არსებობს. შესაბამისად გენდერულ ინდეტობასა და სქესს შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც დაკავშირებულია პირის შეგრძნებებთან, ერთის მხრივ ადამიანის შეგრძნებები განსაზღვრავს მის გენდერულ იდენტობას, ხოლო მეორეს მხრივ მხოლოდ შეგრძნებები ვერ უზრუნველყოფს ბიოლოგიური სქესის შესაბამისობას საკუთარ ემოციებთან. საჯარო დაწესებულებაში არსებული ჩანაწერები სქესთან დაკავშირებით კი დამოკიდებულია ადამიანის არა შეგრძნებებზე, არამედ ფაქტობრივ მოცემულობასთან. პირის დაბადების მოწმობაში სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მიეთითება ის სასტარტო პოზიცია, რომლითაც ადამიანი იბადება. ამრიგად, ადამიანის თვითშეგრძნების (თვითიდენტიფიკაციის) უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას ადგილი ექნება მაშინ, თუ პიროვნებას რაიმე ფორმით, ნებისმიერი მხრიდან ხელი შეეშლება საკუთარ შეგრძნებებში, რაც შეეხება საჯარო დაწესებულებაში დაცული მისი სქესის თაობაზე ინფორმაციის შეცვლაზე უარს, აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული პირის დაცულ უფლებაში ჩარევად, ვინაიდან ამ შემთხვევაში პიროვნება საჯარო დაწესებულების მიერ არ იზღუდება მის შეგრძნებებში.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას შეიცვალოს, მათ შორის თავისი ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური მდგომარეობის - სქესის თაობაზე არსებული ჩანაწერი, რომელიც მითითებულია შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს ცვლილება ზუსტ შესაბამისობაში იქნება პირის ნამდვილ ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან - სქესთან. აღნიშნული პირობა დეტერმინირებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისადმი არსებული საჯარო ინტერესით, რამდენადაც ადამიანთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები უმეტეს წილად სწორედ ასეთი ჩანაწერების საფუძველზე ხორციელდება და ინტერესი ვლინდება იმაში, რომ პირებს ერთმანეთის მიმართ და მეორე მხრივ, სახელმწიფოს პირების მიმართ ზუსტი ინფორმაცია უნდა გააჩნდეთ შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელების პროცესში. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ღ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინებით ნ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 27.12.2016წ. გადაწყვეტილება. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით ქირურგიული ოპერაციის ჩატარების გარეშე დოკუმენტაციის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არაერთხელ მიუთითებს, რომ კანონშემოქმედებით პროცესში მიღებული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრესული გამოცდილების გაზიარება მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი. გამოცდილების გაზიარებისას მხედველობაშია მისაღები რამდენიმე გარემოება. პირველ რიგში, იმპლემენტირებული ინსტიტუტის შინაარსის ქართული ვერსია უნდა თავსდებოდეს საქართველოს კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში. სააპელაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეროვნული კანონმდებლობა სქესის შეცვლასთან დაკავშირებულ პროცედურებს განსხვავებულად არეგულირებს და კანონმდებელმა ამომწურავად განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მოხდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, კერძოდ, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის ერთ- ერთი საფუძველი არის სქესის შეცვლა. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულით კანონმდებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სქესის შეცვლის თაობაზე შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა დაიშვება მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ცვლილება ზუსტად შესაბამისობაში იქნება პირის ნამდვილ ბიოლოგიურ მდგომარეობასთან - სქესთან. შესაბამისად, საფუძველს არის მოკლებული მოსაზრება, რომ სქესის შესახებ მონაცემების შეცვლა არ არის დამოკიდებული ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაზე და საქართველოს კანონმდებლობა იცნობს სქესის შესახებ ჩანაწერების შეცვლის შესაძლებლობას ოპერაციის გარეშეც. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ერთსქესიანთა ქორწინებას. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ღ-ის მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მსჯელობა არ არის არგუმენტირებული და დასაბუთებული. საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რადგან საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორმა ყურადღება გაამახვილება იმ გარემოებაზე, რომ ორი ანალოგიური საქმის განხილვა დასრულდა 2017 წელს, თუმცა, არცერთი მათგანი უზენაეს სასამართლოში დასაშვებად არ ყოფილა ცნობილი და, შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს არ შეუფასებია რამდენად სწორად ხდება გამოყენებული ნორმების განმარტება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ისევე როგორც სხვა არაერთი ქვეყნის შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რადიკალურად განსხვავდება ქართული სასამართლოების მიდგომისაგან.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ დაავიწროვა ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მოთხოვნები და განმარტა, რომ სქესის შესახებ ოფიციალური ჩანაწერების შეცვლა მხოლოდ ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემდეგაა შესაძლებელი. ამასთანავე, ერთმანეთისაგან გამიჯნა სქესი, როგორც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური მდგომარეობა და გენდერული იდენტობა - როგორც ფსიქო-ემოციური დამოკიდებულება, დასკვნის სახით კი აღნიშნა, რომ ოფიციალური დოკუმენტები ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს, საჯარო დაწესებულებებში არსებული სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლაზე უარი ვერ იქნება განხილული პირის დაცულ უფლებაში ჩარევად. კასატორის აზრით, მსგავსი დასკვნა ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, პიროვნების თავისუფალი განვითარების და სამედიცინო ჩარევის შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლებას.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლო, რომელიც ნორმის განმმარტებელი ორგანოა, ვალდებულია გამოყენებული ნორმა განმარტოს იმ სულისკვეთებით, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებებთან და კანონმდებლის მიზანთან. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლი სქესის ცვლილებას ითვალისწინებს სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძვლად. კანონი არ აკონკრეტებს რა მტკიცებულებებით უნდა მოხდეს სქესის შეცვლის დადასტურება, თუმცა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს მიერ ამ ნორმის ინტერპრეტაცია დაიყვანება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობამდე, რაც კასატორის მოსაზრებით არასწორია, რადგან გენდერული იდენტობა გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ პიროვნების ფსიქო-ემოციური დამოკიდებულება, რაც თავის არსში მოიცავს სქესსაც. აღნიშნულის საპირისპირო განმარტება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკასა და რეკომენდაციებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. კასატორმა აღნიშნა, რომ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც, სამედიცინო წრეებში დადასტურებულია, რომ ყველა ტრანსგენდერ ადამიანს არ სჭირდება სამედიცინო ჩარევა იმისათვის, რომ კომფორტულად და ჰარმონიულად გრძნობდეს თავს საკუთარი გენდერული იდენტობით. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რაც ნ. ღ-მა ჰორმონალური თერაპიის დროს განიცადა, საკმარისია და ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება, თუმცა, ამის გარდა, მას არც სურვილი და შესაბამისი სახსრები აქვს ძვირადღირებული სამედიცინო ოპერაციის ჩასატარებლად. საჭიროების გარეშე ამგვარი ჩარევა შესაძლებელია უარყოფითად აისახოს მის ჯანმრთელობაზე. ამასთანავე, საქართველოში არსებული კლინიკები ვერ უზრუნველყოფენ ამ ტიპის ოპერაციის ჩატარებას და არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ ფარავს ოპერაციის ხარჯებს. სახელმწიფო ნ. ღ-ს სთავაზობს ორ შესაძლებლობას - მუდმივად იყოს სიძულვილის ენის, ტრანსფობიური გამონათქვამებისა და ძალადობის ობიექტი იმ შეუსაბამობის გამო, რომელიც მის ოფიციალურ დოკუმენტებსა და რეალობას შორის არსებობს ან ჩაიტაროს რთული და ძვირადღირებული ოპერაცია, რომლის ჩატარება არ სჭირდება და არ სურს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 15.1 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 8.1 მუხლის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელს და მიმოწერას. პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს პირადი ცხოვრების უფლების ამომწურავი განმარტება, იგი მოიცავს ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე მორალურ და სულიერ ხელშეუხებლობას, პრივატულობასა და იდენტობას. ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა საკუთარი ცხოვრება თავისი სურვილისდამიხედვით წარმართოს. აღნიშნულში იგულისხმება ადამიანის უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი ვინაობა, ცხოვრების წესი და ფორმები, გარეგნობა, გარშემომყოფებთან ურთიერთობის ინტენსივობა. პირადი ცხოვრების უფლება მოიცავს პიროვნული თვითგამორკვევის უფლებას, რაც გულიხმობს ადამიანის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი იდენტობა. ეს უკანასკნელი მოიცავს წარმოდგენების სისტემას საკუთარ თავსა და თვისებებზე, უნარებზე, გარეგნობაზე, სოციალურ ღირებულებებზე. ამ წარმოდგენების საფუძველზე ადამიანი აგებს ურთიერთობებს თავის თავთან და მესამე პირებთან. გენდერული იდენტობა კი არის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე სქესთან მიკუთვნებულობის შეგრძნებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირს ხელი შეეშლება საკუთარი შეგრძნებების გამოხატვაში, ადგილი ექნება გენდერული თვითიდენტიფიკაციის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.
საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ შპს „...ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N9590/1 ცნობის თანახმად, ნ. ღ-ს დაუდგინდა ტრანსსექსუალიზმი, რაც სქესის იდენტიფიკაციის აშლილობას გულისხმობს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ტრანსსექსუალებსა და ტრანსგენდერებთან დაკავშირებული ურთიერთობები ერთმნიშვნელოვნად ხვდება პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების სფეროში (მაგ: Christine Goodwine v. the United Kingdom, N28957/95; L. v. Lithuania, № 27527/03; Grant v. the United Kingdom, №32570/03). აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნ. ღ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობის საქართველოს კონსტიტუციის 15.1 და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 8.1 მუხლის ჭრილში განხილვა.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პოსტოპერაციული ტრანსსექსუალებისათვის სააქტო ჩანაწერის შეცვლაზე უარის თქმა ცალსახად მიიჩნევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევად. ამდენად, სახელმწიფოებს კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად ევალებათ პოსტოპერაციული ტრანსსექსუალების მიერ სქესის შეცვლის აღიარება სამოქალაქო სტატუსთან დაკავშირებული მონაცემების შეცვლის შესაძლებლობის შექმნით (Hamalainen v. Finland N35379/09 §68). განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება არ დასტურდება.
საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძველს არ ქმნის კასატორის მითითება ევროპის საბჭოს CM/Rec(2010)5 რეკომენდაციაზე. "სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ" ევროპის საბჭოს CM/Rec(2010)5 რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოების ყურადღებას ამახვილებს შესაბამისი ნორმების მიღების საჭიროებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის შეცვლის მომსახურების ეფექტური ხელმისაწვდომობა, რეკომენდაციის თანახმად (§35) სერვისების ხელმისაწვდომობა მოიცავს ტრანსგენდერთა ჯანდაცვის სფეროში არსებულ ფსიქოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ და ქირურგიულ მომსახურებას, სქესის შეცვლის პროცედურის ჩატარების დაუშვებლობას პირის თანხმობის გარეშე.
არარელევანტურია კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 10.03.2015წ. გადაწყვეტილებაზე საქმეზე "Y.Y. თურქეთის წინააღმდეგ", ხსენებული დავა ეხებოდა სასამართლოს მიერ სქესის ცვლილების ოპერაციაზე ნებართვის გაცემაზე უარს იმ მოტივით, რომ პირს არ ჰქონდა რეპროდუქციული უნარი შეზღუდული, პირადი ცხოვრების უფლების შელახვად იქნა მიჩნეული ევროპული სასამართლოს მიერ წლების განმავლობაში ოპერაციის გაკეთებაზე უარი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ნ. ღ-ის მოთხოვნას წარმოადგენს მის დაბადების სააქტო ჩანაწერსა და პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა „მდედრობითიდან“ „მამრობითზე.“ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას გარკვეული წინაპირობების არსებობისას. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია სქესის შეცვლა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ გენდერული იდენტობა არის ადამიანის შინაგანი, პირადი გრძნობების ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს ფსიქო-ემოციურ დამოკიდებულებას საკუთარ გენდერულ კუთვნილებასთან დაკავშირებით, ხოლო სქესი არის ობიექტური მახასიათებელი, სასტარტო პოზიცია, რომლითაც ადამიანი იბადება და რომელსაც ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. სქესი არა მხოლოდ პირის გარეგნობით, არამედ უპირველესად ბიოლოგიურ-ანატომიური ფაქტორებით არის დეტერმინირებული. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ ჩატარებული ჰორმონალური მკურნალობისა და გარეგნული ცვლილებების ფონზე, თავს კომფორტულად გრძნობს და არ საჭიროებს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას. ხსენებული პოზიცია იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემასა და დაცვას, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის შეგრძნებები და სუბიექტური შეხედულებები ვერ შეცვლის ფაქტობრივ მოცემულობას - პირის სქესს. პირადი ცხოვრების უფლების განხორციელებაში სუბიექტური საწყისის მნიშვნელობის მიუხედავად, მხედველობაშია მისაღები, რომ პირადი ცხოვრების უფლება წინააღმდეგობაში მოვიდოდა თავად უფლების ცნებასთან, თუ იგი არ დააკმაყოფილებდა რაიმე უნივერსალურობისა და ობიექტურობის კრიტერიუმს. სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედების განხორციელება ვერ დაეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ პირის სუბიექტურ შეხედულებებს. იმ პირობებში, როდესაც კასატორს არ შეუცვლია ბიოლოგიური მახასიათებელი - სქესი, ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შეუძლებელია დაბადების სააქტო ჩანაწერსა და პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა. თანამედროვე სამედიცინო მიღწევების გათვალისწინებით, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა შეიცვალოს სქესის თაობაზე არსებული ჩანაწერი მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი ზუსტ შესაბამისობაში იქნება ფაქტობრივ მოცემულობასთან - პირის ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან. აღნიშნული ვერ გაიგივდება პირის იძულებასთან. სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს ადამიანის არჩევანსა და ცხოვრების წესს, თუმცა სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერი, სამართლებრივი მნიშვნელობის მოქმედება, რეესტრში ცვლილების შეტანა უნდა დაეფუძნოს ობიექტურ მონაცემებს. "სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონის მე-3 მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია. სამოქალაქო რეესტრში არსებული ჩანაწერების სიზუსტე, საიმედოობა და თანმიმდევრულობა საჯარო ინტერესს წარმოადგენს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართლებრივ სტაბილურობასა და პირის სამოქალაქო სტატუსის ხელშეუვალობას. მნიშვნელოვანია, რომ სქესის შეცვლის მიზნით პირის მიერ განცდილი ცვლილებები ატარებდეს შეუქცევად ხასიათს, რაც მხოლოდ ჰორმონალური მკურნალობით ვერ მიიღწევა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მეორადი სასქესო ნიშნის კორექცია არ ადასტურებს თვით სქესის შეცვლას. საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება ევროპული სასამართლოს უახლოეს პრაქტიკაზე, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ენდოკრინოლოგის დასკვნა ჰორმონალური სქესის შეცვლის შესახებ, არ წარმოდგენილა დოკუმენტი ჰორმონოთერაპიის ჩატარების და აღნიშნულის შედეგად ცვლილებების წარუშლელი ხასიათის შესახებ. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ესპერტიზის ეროვნული ბიუროს" N007655115 დასკვნის თანახმად, ნ. ღ-ის სექსუალური ცხოვრების სტილში გამოხატულია მამაკაცის და ქალის თვისებების შერწყმა. აღენიშნება პრობლემები სექსუალურ ადაპტაციაში. ნ. ღ-ი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ვერ განიხილება გენდერული თვითიდენდიფიკაციის უფლებაში ჩარევად, რადგან კასატორი არ იზღუდება საკუთარ შეგრძნებებში. ამდენად, არ არსებობს სქესის შეცვლის რეგისტრაციის სამართლებრივი აღიარების საკმარისი პირობა. გენდერული თვითიდენდიფიკაციის უფლების არსიდან გამომდინარე, სახეზე იქნება დაცულ სფეროში ჩარევა იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას ხელი შეეშლება საკუთარ შეგრძნებებში, რაც, სადავო აქტებით არ მომხდარა. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის 14.7 მუხლის შესაბამისად, პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიცავს მონაცემს პირის სქესის და არა გენდერული იდენტობის თაობაზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მითითება ქორწინებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის თაობაზე. ადამიანის სქესის შეცვლა არ არის მხოლოდ მისი თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციის საშუალება, აღნიშნული წარმოშობს მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს. რიგ შემთხვევებში პირს ეკისრება თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის თმენის ვალდებულება, უკეთუ შეზღუდვა ხდება უპირატესად დაცული, საყოველთაო - მათ შორის კონსტიტუციით გარანტირებული ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციაში ასახული სულისკვეთებით უნდა მოხდეს მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების განმარტება და გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის 30.1 მუხლით გამოირიცხება ერთსქესიან პირთა ქორწინება, მართალია განსახილველი დავის საგანს აღნიშნული უფლების მინიჭება არ შეადგენს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში არსებობს კონსტიტუციის საწინააღმდეგო სამართლებრივი და ფაქტობრივი შედეგის დადგომის რეალური შესაძლებლობა, კერძოდ, პირი, რომლის დოკუმენტაციაში მითითებული სქესი ფაქტობრივად არსებულ ბიოლოგიური სქესის შესაბამისი არ იქნება, შეძლებს ბიოლოგიურად იმავე სქესის პირზე დაქორწინებას, რადგან მათ დოკუმენტურად სხვადასხვა სქესი ექნებათ დაფიქსირებული. საქართველოს კონსტიტუციით კი ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ქორწინების შესაძლებლობა, ხოლო კონვენციის მე-8 მუხლი ვერ განიმარტება ხელშემკვრელ სახელმწიფოზე ერთსქესიანი წყვილებისათვის ქორწინების ხელმისაწვდომობის ვალდებულების დამდგენ საშუალებად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 16.07.2014წ. გადაწყვეტილება საქმეზე ჰამალაინენი (Hamalainen) ფინეთის წინააღმდეგ). ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილება არაპირდაპირ კონსტიტუციის დებულებების დარღვევას იწვევს.
საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ არ შეფასებულა, რამდენად სწორად ხდება გამოყენებული ნორმების განმარტება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.11.2016წ. #ბს-653-646(კ-16) და 09.03.2017წ. #ბს-16-15(კ-17) განჩინებებით ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, სადაც ანალოგიური მოსაზრებები იყო გაჟღერებული. საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და დაეთანხმა მათ მიერ გაკეთებულ შეფასებებს. ამდენად, აგილი არ აქვს დივერგენციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, ა(ა)იპ „...ას“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2018წ. N1525181964 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.2017წ. განჩინება;
3. ა(ა)იპ „...ას“ (ს.კ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 01.05.2018წ. N1525181964 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი