Facebook Twitter

№ბს-509-506(2კ-17) 2 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის, მითითებული განჩინების განმარტებისა და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 4 მარტს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად საბოლოოდ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №... და 2015 წლის 21 იანვრის №... წერილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №... და 2015 წლის 30 იანვრის №... წერილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მათ სასარგებლოდ მორალური ზიანის - 1000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №... წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მოსარჩელეების მიმართ 2014 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულის გამოთვლის კანონიერების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ის და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №... წერილი, 2015 წლის 21 იანვრის №... წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №... წერილი და 2015 წლის 30 იანვრის №... წერილი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჩ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი მიუთითებდა, რომ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

2018 წლის 2 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ჩ-ემ, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, მითითებული განჩინების განმარტება და ასევე სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვა.

განმცხადებლის მითითებით, საკასაციო სასამართლომ თეორიულად დააკმაყოფილა მათი ყველა მოთხოვნა, მაგრამ პრაქტიკულად არ დასვა წერტილი, კერძოდ, განმცხადებელი არ იზიარებს საკასაციო სასამართლოს განჩინებას იმ ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელობს ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე სადავო სარეიტინგო ქულის შეჩერების მოთხოვნაზე. განმცხადებლის მითითებით, მათი მოთხოვნა იყო ქულების (სტატუსის) აღდგენა და ზიანის ანაზღაურება. სამივე ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო სადავო აქტები და ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნა მათი მოთხოვნა.

ამასთან, განმცხადებელი სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, მოპასუხისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათი ოჯახისთვის 2014 წლის 4 დეკემბრიდან შეჩერებული და 2015 წლის 3 იანვრიდან შეწყვეტილი სტატუსის აღდგენისა და ასევე ფულადი დახმარების დანაკლისისა და კომუნალური დახმარების ანაზღაურების დავალებას ითხოვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის, მითითებული განჩინების განმარტებისა და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებელი ა. ჩ-ე წარმოდგენილი განცხადებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასა და მითითებული განჩინების განმარტებას ითხოვდა და აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნა იყო ქულების (სტატუსის) აღდგენა და ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №... და 2015 წლის 21 იანვრის №... წერილების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №... და 2015 წლის 30 იანვრის №.... წერილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის - 1000 ლარისა და მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 30 იანვრის №... წერილი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მოსარჩელეების მიმართ 2014 წლის დეკემბერში შევსებული დეკლარაციის საფუძველზე სარეიტინგო ქულის გამოთვლის კანონიერების თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ჩ-ის და მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 14 იანვრის №... წერილი, 2015 წლის 21 იანვრის №... წერილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 26 იანვრის №... წერილი და 2015 წლის 30 იანვრის №... წერილი; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მ. ჩ-ის 2014 წლის 18 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა; ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი მორალური ზიანისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინების მიხედვით, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმ მოცემულობით, სადაც აღნიშნული იყო, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო არ იყო უფლებამოსილი უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და რომ მას კანონისმიერი ვალდებულება ჰქონდა განეხილა მ. ჩ-ის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სარეიტინგო ქულების შეჩერების თაობაზე მოსარჩელეთა მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა, როგორც თავად გაზრდილი სარეიტინგო ქულის მინიჭების კანონიერებაზე, ასევე შეფასება უნდა მიეცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობაზე, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო, მითითებულ მუხლში დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, წყვეტს აქტის მოქმედების შეჩერების საკითხს, რაც შეიძლება ცალკე დავის საგანიც გახდეს მითითებული მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.

სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო ამ ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე (რაც მოსარჩელეთა მტკიცებით გამოწვეული იყო სწორედ გაზრდილი სარეიტინგო ქულის შეუჩერებლობით), ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე სადავო სარეიტინგო ქულის შეჩერების მოთხოვნაზე.

ხოლო სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით იმსჯელა და შეფასება მისცა კასატორთა ყველა მოთხოვნას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ცალსახად და არაორაზროვნად განმარტა თითოეული მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელსაც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაევალა, კონკრეტულად მიუთითა, რომ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, სარეიტინგო ქულის მინიჭების კანონიერებაზე მსჯელობასთან ერთად, საკასაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე უნდა ემსჯელა სარეიტინგო ქულის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით. რის გამოც უსაფუძვლოა განმცხადებლის მოთხოვნა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინების განმარტების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინების კრიტიკას წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 262-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

ამასთან, განმცხადებელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საკითხის გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათი ოჯახისთვის 2014 წლის 4 დეკემბრიდან შეჩერებული და 2015 წლის 3 იანვრიდან შეწყვეტილი სტატუსის აღდგენისა და ასევე ფულადი დახმარების დანაკლისისა და კომუნალური დახმარების ანაზღაურების დავალებას ითხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმცხადებელს მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს განჩინებით დასრულდა მოცემული სამართალწარმოება, რაც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას მსჯელობა იქონიოს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის, მითითებული განჩინების განმარტებისა და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 262-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის, მითითებული განჩინების განმარტებისა და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი