#ბს-1023(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 4 აპრილს სს „...ამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბმა „…ის“ მიმართ.
მოსარჩელემ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის #...გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 10 მარტის #... გადაწყვეტილებით გახდა ცნობილი, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ…ის“ საკუთრებად აღრიცხული ქონება მოიცავს სს „...ას“ კუთვნილ უძრავ ქონებას, ... ქ. #5-ში მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტს, რომელიც შეძენილ იქნა 2007 წელს. მოსარჩელის განმარტებით, საწარმო მას უწყვეტად ფლობს, სარგებლობს და საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (ს/კ …).
მოსარჩელის მითითებით, სს „...ას“ კუთვნილ ქონებაზე სხვა პირის საკუთრების პარალელური რეგისტრაცია, უდავოდ ხელყოფს საკუთრების უფლებას. საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, კანონსაწინააღმდეგოა და ხელყოფს სს „...ას“ საკუთრების უფლებას, ასევე აზიანებს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #5-ში მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტი სს „...ამ“ 2007 წლის 29 ივნისს შპს „ა…ისაგან“ შეიძინა. გამყიდველის მიერ წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებდა მის საკუთრების უფლებას. ამ გარიგების საფუძველზე სს „...ა“ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შეძენილი უძრავი ნივთის მესაკუთრედ, იგი ფლობს შეძენილ ქონებას და იყენებს აბონენტების ელექტრომომარაგებისათვის. აღნიშნული რეგისტრაცია ძალაშია და საკუთრების უფლება ამ ნივთზე არ გაუქმებულა. მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის მონაცემები ბათუმში, ... ქ. #3(5)-თან დაკავშირებით არ ასახავს რეალობას. ამასთან, ეს ჩანაწერები კანონსაწინააღმდეგოა და ხელყოფს სს „...ას“ საკუთრების უფლებას. საჯარო რეესტრი ვერ უზრუნველყოფს თავისი ფუნქციის განხორციელებას და სწორი, რეალობის შესაბამისი და საფუძვლიანი ჩანაწერების წარმოებას.
მოსარჩელის მითითებით, სს „...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და გაცემულია რეგისტრირებული საკუთრების უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მაშინ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რეგისტრაციისთვის განმცხადებლის მიერ ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის წარდგენის ვალდებულებას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის მიერ წარმოებული ჩანაწერების თანახმად, ბათუმში, ... ქ. #5-ში მდებარე სატრანსფორმატორო პუნქტი ჯერ დარეგისტრირდა შპს „ა…ის“, შემდეგ კი სს „...ას“ საკუთრებად და გაიცა საჯარო რეესტრის ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. მიუხედავად აღნიშნულისა, საჯარო რეესტრმა ვერ უზრუნველყო რა თავისი ფუნქციის სრულყოფილად და უნაკლოდ შესრულება, დაუშვა ამ ქონებაზე ჩანაწერების გაორება, რითაც დაზარალდა კანონიერი მესაკუთრის ინტერესი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაება ბმა „.. მ…ა“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, მესამე პირის - ბ.მ. „… მ…ას“ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით სს „...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, რათა შესაძლებელი იყოს უძრავი ნივთის იდენტიფიცირება, რომელზეც ხორციელდება უფლების რეგისტრაცია.
სასამართლოს მითითებით, სარეგისტრაციო სამსახურში სს „...ას“ მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ტექნიკური დოკუმენტაციის შედეგად შეუძლებელია ამ მიწის ნაკვეთის კოორდინატების და ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. მას არ გააჩნდა ის საკადასტრო მონაცემები, რაც იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც ბმა „მ…ის“ თანასაკუთრების უფლება ქ. ბათუმში, … ქ. #3-ში 784 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: …), ისე ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების უფლება იქ მდებარე ფართებზე ისე აღირიცხა, რომ საკუთრების უფლების ობიექტების მიმართ არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემები სრულყოფილად იქნა ასახული საჯარო რეესტრში, შესაბამისი საკადასტრო მონაცემების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიან სისტემაში და მას გააჩნია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემები, რაც იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის საშუალებას.
სასამართლომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბმა „მ...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბათუმში, ... ქ. #3-ში მდებარე 784 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განხორციელებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და სრულად შეესაბამება რეალურ მოცემულობებს. ამასთან, საქმეში არსებული მასალით დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... ქ. #5-ში მდებარე 55,6 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სს „...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2007 წლის 29 ივნისს, დაუზუსტებელი მონაცემებით, 2007 წლის 29 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ ყოფილა წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც დადგინდებოდა მიწის ნაკვეთის ზუსტი კოორდინატები და შესაძლებელი იქნებოდა მისი იდენტიფიკაცია. სს „...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს, სარეგისტრაციო სამსახურში იგივე ტექპასპორტი იქნა წარდგენილი, რითაც მანამდე მიწის ნაკვეთზე შპს „ა…ას“ საკუთრების უფლება იქნა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომლითაც შეუძლებელია ამ მიწის ნაკვეთის კოორდინატების და ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. საჯარო რეესტრში აღრიცხულ საკუთრების უფლების ობიექტს არ გააჩნია საკადასტრო მონაცემები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ ფაქტობრივად უგულებელყო საკუთრების უფლების არსებობა დაუზუსტებელი რეგისტრაციის პირობებში და ამით ეჭვქვეშ დააყენა საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ არსებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია არაიდენტიფიცირებად უძრავ ქონებაზე და ფაქტობრივად გადაწყვიტა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა ერთიანი სისტემის შემოღებამდე რეგისტრირებული ასიათასობით უფლების ფაქტიური არსებობა. მით უფრო, როცა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სრულიად საწინააღმდეგო პრაქტიკა საშუალებას აძლევდა, მიეღო კანონიდან გამომდინარე და სწორი გადაწყვეტილება, საქმეში არსებულ აბსოლუტურად საკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
კასატორის მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე სარეგისტრაციო სამსახური ვალდებული იყო გამოერკვია უძრავ ქონებაზე სხვისი უფლების რეგისტრაციის არსებობა. დაუზუსტებელი სახით მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული, არ არსებობს და წარმოადგენს უფლების ფიქციას. საჯარო რეესტრმა სხვისი უფლების რეგისტრაცია არ უნდა დაადგინოს მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მიხედვით (მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეპჯ-ის მიერ რეგისტრაციის განხორციელების დროს, კანონი მსგავს ვალდებულებას არ ითვალისწინებდა). კასატორის მითითებით, არ არსებობს ასეთი წესის დამდგენი არც ერთი საკანონმდებლო აქტი. სამაგიეროდ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომელიც საქმის გარემოებათა გამოკვლევას პირდაპირ ავალდებულებს მარეგისტრირებელ ორგანოს, კერძოდ, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, საბოლოო ჯამში, მარეგისტრირებლის შეუსრულებელი ვალდებულება გახდა მიზეზი იმისა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საკუთრების უფლება კომპანიას გააჩნია აბსტრაქტული სახით. პალატამ არ მიაქცია ყურადღება საქმეში წარმოდგენილ, საჯარო რეესტრში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმას, სადაც ასახულია შენობა-ნაგებობები. საჯარო რეესტრი წინააღმდეგობაში მოდის თავისთან დაცულ ინფორმაციასთან, კერძოდ, საინვენტარიზაციო გეგმასა და შემდგომში არასწორად დარეგისტრირებულ ე.წ. #1 შენობა-ნაგებობის ურთიერთშესაბამისობასთან.
სადავო სამართალურთიერთობის ასეთი გადაწყვეტით, სს „...ას“ სახელზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება ქონებაზე, ხოლო თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ იქნება, რაც მესაკუთრის უფლებებიდან და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვებელია. სასამართლო საერთოდ ეჭვქვეშ აყენებს დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებულ ყველა საკუთრების უფლებას, რაც კი დაცულია მარეგისტრირებელ ორგანოში. კანონმდებლობა არ გამორიცხავს დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობას, შესაბამისად, რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ყოველგვარ აზრს უკარგავს დაუზუსტებელ რეგისტრაციას, საჯარო რეესტრის სამსახური ვალდებული იყო გამოეკვლია ნაკვეთზე სხვა რეგისტრაციის არსებობა, სზაკ-ის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაინტერესებული მხარისათვის - სს „...ასთვის“ ეცნობებინა წარმოების დაწყების შესახებ, მიეცა მისთვის აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
კასატორის მითითებით, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს (იმ დროს არსებული დასახელებით) ბმა „…ას“ სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ტექ.ბიუროს არქივის მონაცემებთან, მათ შორის, საკადასტრო გეგმასთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთის კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.
კასატორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 8.3 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სარეგისტრაციო სამსახური ბმა „…ის“ სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელებამდე ვალდებული იყო სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა დაედგინა, აღნიშნულის გადამოწმების გარეშე რეგისტრაციის განხორციელებით. სს „...ას“ ფაქტობრივად წაერთვა საკუთრების უფლება სადავო ნაკვეთზე, მით უფრო, რომ სარეგისტრაციო სამსახური ვერ უთითებს სს „...ას“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის რაიმე სხვა ადგილმდებარეობას.
ახლად შემოღებული კოორდინატთა ელექტრონული სისტემით მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა, არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება იუსტიციის მინისტრის 15.01.10წ. #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26-ე მუხლის თანახმად საკადასტრო აღწერის ტექნიკური პირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ბს-367-363 (კ-12) საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე.
ამასთან, კასატორის მითითებით, საყურადღებოა, რომ სს „...ას“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია არ გამხდარა სადავო, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერის გაუქმების დოკუმენტაცია. კერძოდ, უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ანუ გამოდის, რომ ერთსა და იმავე ობიექტზე ორი სხვადასხვა პირის საკუთრების უფლება არსებობს და ორივე კანონიერია. კასატორის მითითებით, მსგავსი დაშვება არ შეიძლება იყოს სწორი და კანონიერი.
საჯარო რეესტრმა ახალი რეგისტრაციის განხორციელებამდე არ გამოიკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. ამხანაგობა „მ..ის“ მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზშიც და აერო სატელიტურ გადაღებაშიც გარკვევით ჩანს, რომ #1 შენობა-ნაგებობა იმ ფორმით, როგორადაც დაარეგისტრირა საჯარო რეესტრმა, რეალურად არ არსებობს.
კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი შეიცავს უფლების სუბიექტის და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, სარეგისტრაციო ზონაში …კოდით, სექტორში #.. კოდით, #.. კვარტალში, #... ნაკვეთი 55,6 კვმ ფართობით, ადგილმდებარეობა - ... ქ. #5, დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საერთო საკუთრების უფლებით. ამდენად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს ის მოსაზრება, რომ საკადასტრო მონაცემები სს „...ას“ სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნდა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება საწინააღმდეგოს ადასტურებს. ასეთი მონაცემი ნამდვილად მითითებულია. და ბოლოს, სწორედ საჯარო რეესტრია პასუხისმგებელი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემების შექმნასა და შენახვაზე. ამასთან, საკადასტრო აზომვითი ნახაზი „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის 26.5 მუხლის შესაბამისად, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაზღვრე უძრავი ნივთის მფლობელის ან მესაკუთრის შესახებ, რასაც ბმა „…ის“ სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „...ას“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 სექტემბრის #... წერილით, საჯარო რეესტრის ტექნიკური აღრიცხვის საარქივო მასალების, გეგმა-ნახაზებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერების საფუძველზე დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა #3-ში მდებარე შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთთან ერთად 1941 წლიდან არის აღრიცხული ტექბიუროში და ტექნიკური აღრიცხვის ბარათის შესაბამისად, მოსარგებლე/მესაკუთრედ მითითებულია ქალაქის მერია, კერძო თანამფლობელებთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე მდებარეობდა რამდენიმე ლიტერით დანომრილი შენობა-ნაგებობები. კერძოდ, ლიტ. „ა“ 56,75 კვ.მ ფართით, ლიტ. „ს“ 56,25 კვ.მ ფართით, ლიტ. „დ“ 29,83 კვ.მ ფართით, ლიტ. „უ“ 120,40 კვ.მ ფართით, აგრეთვე, ლიტ. „კ“, „ბ“ და „ვ“ დამხმარე სათავსოები.
დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა #3-ში მდებარე 783,5 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე აღრიცხულ იქნა სხვადასხვა პირების საკუთრების უფლება, კერძოდ, შენობა-ნაგებობის ნაწილებზე ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო 783 კვ.მ მიწის ნაკვეთზე თანასაკუთრების უფლება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრში ქ. ბათუმში, ... ქუჩა #3-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართების ინდივიდუალურ მესაკუთრეთა მიერ კონკრეტულ ფართებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია პერიოდულად მიმდინარეობდა ჯერ ტექბიუროში, ხოლო 2003 წლიდან - საჯარო რეესტრში.
ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურში 2010 წლის 3 აგვისტოს წარდგენილ იქნა #... სარეგისტრაციო განაცხადი რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმში, … ქ. #3-ში. სარეგისტრაციო განაცხადს თან ერთვოდა შპს „არ…“ მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ.ვერსია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/კ … (განაცხ. #...). ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 14 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად მომზადდა საკადასტრო გეგმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 784 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ბათუმი, … ქ. #3, დაზუსტებული მონაცემებით.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის #... გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ბათუმში, … ქ. #3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 784 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე (#1, #2, #3, #4, #5) აღირიცხა ბმა „მ…ის“ თანასაკუთრების უფლება (ს/კ …). სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადს თან ერთვოდა ბმა „მ…ის“ 24.01.2013წ. საერთო კრების ოქმი #1, უძრავი ნივთის საინვენტარიზაციო გეგმა, სააღრიცხვო ბარათის ასლი (კვარტ. #136), მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღლდისა და ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, სრულყოფილად იდენტიფიცირებადი იყო ბმა „მ…ის“ თანასაკუთრების ობიექტი, ქ. ბათუმში, … (…) ქ. #3-ში მდებარე 784 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები (#1, #2, #3, #4, #5).
რაც შეეხება ქ. ბათუმში, ... ქ. #5-ში მდებარე უძრავ ნივთზე, 55,6 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (დაუზუსტებელი მონაცემებით) და მასზე განლაგებულ 50.56 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე შპს „ა…ის“ საკუთრების უფლებას, ის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იქნა 2005 წლის 28 დეკემბერს, საკადასტრო კოდით: …. მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლების ობიექტის, 55,6 კვ.მ მიწის ნაკვეთის (დაუზუსტებელი მონაცემებით) საკადასტრო აზომვითი ნახაზი საჯარო რეესტრს რეგისტრაციის დროს არ წარდგენილა და ტექნიკური დოკუმენტაციის სახით საჯარო რეესტრში მხოლოდ 2004 წლის 27 ოქტომბერს გამოწერილი ტექნიკური პასპორტი იქნა წარდგენილი. სს „...ამ“ ქ. ბათუმში, ... ქ. #5-ში მდებარე 55,6 კვ.მ მიწის ნაკვეთსა (დაუზუსტებელი მონაცემებით) და 50,56 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 2007 წლის 29 ივნისს შპს „ა…ისაგან“ და არც ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს (2007 წლის 29 ივნისი) ყოფილა შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
შპს „ა…ისა“ და სს „...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს მოქმედი, „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უფლებამოსილი პირის მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. შესაბამისად, რადგანაც ჯერ შპს „ა…ის“, ხოლო შემდეგ სს „...ას“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის არარსებობის პირობებში, ეს გარემოება წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს, ქ. ბათუმში, ... ქ. #5-ში მდებარე 55,6 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (დაუზუსტებელი მონაცემებით) და 50,56 კვ.მ შენობა-ნაგებობის იდენტიფიცირებისათვის და არ იძლევა საკადასტრო მონაცემების, ანუ დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, ასევე, მასზე არსებული ნაგებობის შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას. სარეგისტრაციო სამსახურში სს „...ას“ მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ტექნიკური დოკუმენტაციის შედეგად შეუძლებელია ამ მიწის ნაკვეთის კოორდინატების და ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა. მას არ გააჩნდა ის საკადასტრო მონაცემები, რაც იძლევა უძრავი ნივთის სრული იდენტიფიკაციის შესაძლებლობას.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმში, ... ქუჩა #3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 784 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული მონაცემებით საკუთრების უფლება დარეგისტრირდა გაცილებით ადრე (2010 წლის 14 სექტემბერს), ვიდრე სადავოდ გამხდარი აქტით, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 21 თებერვლის #... გადაწყვეტილებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სს „...ას“ საკასაციო საჩივარზე 17.07.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სს „...ას“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ას“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინება;
3. სს „...ას“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.07.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი