Facebook Twitter

#ბს-1080(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 17 სექტემბერს ე. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკისა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოპასუხისათვის ე. ბ-ის სასარგებლოდ 120 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 21 აპრილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია აუქციონზე მან შეიძინა ქ. ბათუმში, ... ქუჩა #...-ში მდებარე, 115 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რაშიც გადაიხადა 70 400 ლარი. ამასთან, მასზე გაცემულ იქნა #938-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 2009 წლის 24 აპრილს კი, ე. ბ-ემ განახორციელა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მოითხოვა ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება, მაგრამ ვერ ჩაიბარა და იგი იძულებული იქნა მიემართა პოლიციისათვის. ქ. ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების მიერ ე. ბ-ეს უარი ეთქვა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან აღმოჩნდა, რომ სადავო ფართზე გამოწერილი იყო ორდერი ი. გ-ის სახელზე. ი. გ-ის მიერ სასამართლოში აღძრულ იქნა სარჩელი, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით და დაიწყო სასამართლო დავა, რომელიც გაგრძელდა 6 წლის განმავლობაში და დასრულდა იმით, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ე. ბ-ემ ვერ ისარგებლა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ვერ გააქირავა ფართი, რა მიზნებითაც იყიდა ქონება, რის შედეგად მას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი, მაგრამ, ვინაიდან გამყიდველი იყო არაკეთილსინდისიერი მესაკუთრე, სასამართლომ სააუქციონო აქტები ცნო ბათილად. მოსარჩელის მითითებით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 2015 წლის 29 ივნისის წერილში საერთოდ არ მსჯელობს ზიანის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით.

მოსარჩელის მითითებით, ის ფაქტი, რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულება, ექვსი წელი არ გადასცა გაყიდული ქონება ე. ბ-ეს, შემდეგ კი უარი უთხრა მის გადაცემაზე, დადგენილია შესაბამისი მტკიცებულებებით. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქ. ბათუმში, ... ქუჩა #...-ში მდებარე 115 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ე. ბ-ეს ვერ გადაეცა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბრალეულობით, მისი არასწორი ქმედებებით და მიუღებელია ის შემოსავალი, რომელსაც იგი გაქირავების შედეგად ექვსი წლის განმავლობაში მიიღებდა.

ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ 2009 წელის აპრილის თვეში ქ. ბათუმში, ... ქუჩა #...-ში მდებარე 115 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ღირებულება იყო 70 400 ლარი, ანუ 42 410 აშშ დოლარი (ვინაიდანაც იმ დროისათვის ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იყო 1,66). სარჩელის აღძვრის დროისთვის აღნიშნული ფართის ღირებულება კი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 88 090 აშშ დოლარს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ე. ბ-ის სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზიანის წარმოშობა/ანაზღაურების შესაბამის ნორმებზე, ამასთანავე ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. პალატამ აღნიშნა, რომ თუ ფიზიკური პირის ბრალეულობა გამოიხატება განზრახვაში ან გაუფრთხილებლობაში, რაც პირის სუბიექტური დამოკიდებულებით განისაზღვრება, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობას გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ამ სხვაობას განაპირობებს ის, რომ ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ასეთი, თავად არ ახორციელებს კონკრეტულ ქმედებას, იგი თავის საქმიანობას ასრულებს თავისი ორგანოების ან ფიზიკური პირების მეშვეობით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულობა ვლინდება სწორედ ამ პირისა თუ ორგანოს ბრალეულობაში.

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგი, რადგანაც ეს ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ გულისხმობს ნასყიდობის შემდგომ ვალდებულებებს და პირდაპირ კავშირში არ არის ნასყიდობის საგნის სამომავლო ქირავნობასთან. ამასთან ქონების გამყიდველს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მყიდველისათვის მის ამ მიზნით გამოყენებაში ხელი არაფრით შეუშლია. პირიქით, მან იცოდა რა სამომავლოდ შესაძენი ქონების ნაკლის შესახებ, მაინც მიიღო მონაწილეობა გამოცხადებულ აუქციონში და გამოცხადდა გამარჯვებულად, რაც როგორც უკვე აღინიშნა, უკანონოდ იქნა ცნობილი.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პოზიცია ქონების ღირებულების გაზრდის გამო მისი სხვაობის ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის სახით დაკისრებისა და აუქციონის გზით შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსებით სარგებლის მიღების შესახებ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, გამყიდველის ვალდებულებაა ქონების რეალურად გადაცემა მყიდველზე. კასატორის მითითებით, მის მიერ წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, პოლიციიდან და სამინისტოდან გამოთხოვილი ინფორმაციებით დასტურდება, რომ გადაცემა რეალურად არ განხორციელებულა. კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ნასყიდობისას მყიდველზე მხოლოდ უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ გულისხმობს იმას, რომ მხარეებმა სრულად შეასრულეს ნასყიდობის სამართლებრივი ბუნებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კანონის ნორმები ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით. ერთობლიობაში არ შეაფასა მოსარჩელის მიერ წლების განმავლობაში დაყოვნებული თანხის, ასევე სადავო ფართის გამოუყენებლობის გამო მოსარჩელეზე მიყენებული ზიანი, მხედველობაში არ მიიღო, უსაფუძვლო გამდიდრება, ლარის გაუფასურება, ქ. ბათუმში ... ქუჩაზე ფართების გაძვირება, ასევე ის უმთავრესი გარემოება, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უკანონო მოქმედებასა და ე. ბ-ისთვის დამდგარი ზიანის ფაქტს შორის არსებობს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე. ბ-ემ მიმართა ყველა სამართლებრივ ღონისძიებას და განახორციელა ყველა აუცილებელი სამართლებრივი მოქმედება ი. გ-ის მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღსაკვეთად, მაგრამ უშედეგოდ. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გამოსახლებებს ახორციელებდა პოლიცია, ე. ბ-ემ მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებას უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების მოთხოვნით, რაც ვერ განხორციელდა და რაზეც გაცემულ იქნა უარყოფითი პასუხი. ხოლო აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოში მიმართვამდე მესამე პირის მიერ სასამართლოში შეტანილ იქნა სასარჩელო განცხადება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაზედაც ე. ბ-ე ჩაერთო მხარედ და მის დასრულებამდე მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოსთვის მიემართა უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების მოთხოვნით, ვინაიდან მიმართვის შემთხვევაში საქმის განხილვა აუცილებლად შეჩერდებოდა მესამე პირის მიერ აღძრული სარჩელის განხილვის დასრულებამდე. კასატორის მითითებით, იგი სწორედ ამიტომ გახდა იძულებული ყოფილიყო სამართლებრივი ლოდინის რეჟიმში სადავო ქონებაზე მესამე პირის აღძრულ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

კასატორის განმარტებით, მესაკუთრე უფლებამოსილია, მის საკუთრებაში არსებული ქონება გამოიყენოს და განკარგოს საკუთარი შეხედულებისამებრ, სწორედ ამიტომ ე. ბ-ეს მიზნად ჰქონდა აუქციონზე შეძენილი ქონების გაქირავება და მისგან შემოსავლის მიღება, თუმცა ვინაიდან მან ვერ მოახერხა ქონების არათუ გაქირავება და კომერციული მიზნით გამოყენება, არამედ ფლობაც კი, ცხადია მან დაკარგა უძრავი ქონებიდან ყოველგვარი სარგებლის მიღების შესაძლებლობა.

კასატორის მითითებით, მისი მხრიდან პოლიციისა და სამინისტროსადმი არაერთი მიმართვით დასტურდება, რომ იგი ცდილობდა საკუთრების უფლების მართლზომიერად განხორციელებას და დაცვას, თუმცა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულმა უკანონო მოქმედებამ იგი ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 18 მარტის #143 ბრძანებით ქ. ბათუმში, ... ქუჩა #...-ში მდებარე 116 კვ.მ ფართზე გამოცხადდა აუქციონი. 2009 წლის 21 აპრილს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #201 ოქმით ფართი შეიძინა ე. ბ-ემ, რომელზედაც 2009 წლის 24 აპრილს გაიცა #938-ა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. აღნიშნული მოწმობის თანახმად, 2009 წლის 24 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ... ქუჩა #...-ში მდებარე 115 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ე. ბ-ის სახელზე. მოგვიანებით, სადავო უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ი. გ-ის სარჩელის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინების აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებების შესახებ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 26 ივნისის #ს-300 ბრძანებით 2009 წლის 21 აპრილს გამართულ სააუქციონო ვაჭრობაში (ლოტი #201) გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ობიექტის ღირებულება 70 400 ლარი დაუბრუნდა ე. ბ-ეს.

მოცემულ შემთხვევაში ე. ბ-ე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის დაკისრებას ითხოვს შემდეგი საფუძვლებით: 1) მას დავის გამო არ მიეცა აუქციონის წესით შეძენილი უძრავი ქონების გაქირავების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა; 2) ქონების შეძენის შემდეგ გაიზარდა მისი ღირებულება; 3) ამ ქონებაში გადახდილი თანხის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის #ბს-600-589(4კ-12) განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, „ე. ბ-ისათვის ცნობილი იყო სადავო ფართზე ი. გ-ის უფლებების შესახებ. სასამართლოს არ უმსჯელია მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ე. ბ-ემ, როგორც მეზობელმა, კარგად იცოდა ფართზე დავის მიმდინარეობის შესახებ, აღნიშნულის შესახებ მოწმეებიც აფრთხილებდნენ. მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ე. ბ-ემ წინასწარ იცოდა ბინის ი. გ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის, ბინაზე სასამართლო დავის მიმდინარეობისა და სასამართლოში დავის მოგების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად ე. ბ-ემ მოპასუხეებთან წინასწარი შეთანხმებით შეიძინა სადავო ფართი“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება ე. ბ-ის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულა ი. გ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში შეძენის ფაქტთან მიმართებით. უფრო მეტიც, ე. ბ-ე, როგორც მხარე ჩაბმული იყო ი. გ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ სასამართლოში წარმოებულ დავაში და ნაცვლად იმისა, რომ ქონების ნაკლის გამო მოეთხოვა აუქციონის შედეგის ბათილად ცნობა და გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, წლების განმავლობაში ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ცდილობდა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების შენარჩუნებას.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სახეზე არ არის ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგი, რადგანაც ეს ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ გულისხმობს ნასყიდობის შემდგომ ვალდებულებებს და პირდაპირ კავშირში არ არის ნასყიდობის საგნის სამომავლო ქირავნობასთან.

ასევე, უსაფუძვლოა ე. ბ-ის მოსაზრება ქონების ღირებულების გაზრდის გამო მისი სხვაობის ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის სახით დაკისრების შესახებ, რადგან აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების შემდგომში შემცირება ან გაზრდა, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოზე ზიანის დაკისრების წინაპირობას.

საქმის მასალებით, ე. ბ-ეს 70 400 ლარი გადახდილი ჰქონდა უძრავი ქონების შეძენის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება. შესაბამისად, არ დასტურდება მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ე. ბ-ის საკასაციო საჩივარზე ზ. ბ-ეს 09.11.2018წ. #01 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე. ბ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3. ე. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზ. ბ-ის მიერ 09.11.2018წ. #01 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი