№ბს-1258(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 29 მაისს ვ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2007 წლის 12 მარტიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ. მარნეულში მდებარე 1445 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ ...; ნაკვეთის წინა ნომერი - ...) მესაკუთრედ. მიუხედავად ამ გარემოებისა, მოპასუხემ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განახორციელა მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სხვა პირის - გ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისმა სამსახურმა გ. ც-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, უფლების დამდგენ დოკუმენტად მიიჩნია მიღება-ჩაბარების აქტი. მიღება-ჩაბარების აქტში აღწერილი უძრავი ნივთი კი თავისი ადგილმდებარეობით განსხვავდება გ. ც-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო მონაცემებისგან.
მოსარჩელის განმარტებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ არ შეამოწმა გ. ც-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტებისა და მასთან დაცული, უკვე რეგისტრირებული მონაცემების ურთიერთშესაბამისობა. აღნიშნულმა გარემოებამ კი გამოიწვია მის საკუთრებაზე სხვა პირის უფლების რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება მ. ც-ი, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად - გ. ც-ი.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს/კოდით ... რეგისტრირებულია მოსარჩელე ვ. ს-ის საკუთრების უფლება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, უძრავი ნივთი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ... დარეგისტრირდა გ. ც-ის საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ც-ის სახელზე ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მოსარჩელეზე ს/კ ... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი არის იდენტური.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, აპელანტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნაკვეთების იდენტურობის თაობაზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა აღნიშნული გარემოების უარყოფის მიზნით მისი მხრიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის დამატებითი მტკიცებულებები, რაც ეჭვქვეშ დააყენებს იმ გარემოებას, რომ გ. ც-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა იმ პირობებში, როდესაც არ შეცვლილა და არსებობდა რეგისტრირებული მონაცემები ვ. ს-ის საკუთრების უფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის მტკიცებულებათა გადანაწილების ტვირთზე და სსსკ-ის მე-4 და ასკ-ის მე-17 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც სარჩელზე მოპასუხე მხარე, გათავისუფლებული არ არის მტკიცების ტვირთისგან და ეკისრება საპროცესო ვალდებულება წარმოადგინოს ან გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.6 მუხლის საფუძველზე, პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების, დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეგისტრაციის პროცესში დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების წესი და მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება მასზედ, რომ მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში მოსარჩელეზე რეგისტრირებულია დაუზუსტებელი რეგისტრაციის სახით და აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებაზე, საქმე №ბს-367-363(კ-12), რომელშიც განმარტებულია დაუზუსტებელი რეგისტრაციის პრეიუდიციულობის მნიშვნელობა და ამავდროულად საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმეზე თანდართული საკადასტრო გეგმის მონაცემები ქმნის მიწის ადგილმდებარეობის დადგენის შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან შეფასება არ მიეცა 2017 წლის 22 მარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, უძრავი ნივთი ს/კოდით №... ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მ. ც-ის საკუთრებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობისა და კანონიერების შესწავლა უშუალოდ დაკავშირებული იყო იმ გარემოების დადგენასთან, თუ რამდენად სწორად იქნა მიღებული 2016 წლის 17 ნოემბერს ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ №... გადაწვეტილება და რამდენად კანონიერად დარეგისტრირდა გ. ც-ის საკუთრების უფლება, ... საკადასტრო კოდით, ქ. მარნეულში მდებარე 1401 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად უთითებს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) საკადასტრო მონაცემები, კერძოდ, მისი ადგილმდებარეობა, იდენტურია გ. ც-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ადგილმდებარეობისა. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ არ არის სწორად შეფასებული, ვინაიდან, დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ ვ. ს-ის მიერ №... განაცხადზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზით ფიქსირდებოდა ზედდება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდებას, სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებას წარმოადგენს დადგინდეს მოსარჩელის სახელზე ჯერ კიდევ 2007 წელს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) ზუსტი ადგილმდებარეობა. აღნიშნული კი საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ არის დადგენილი. მეორე მხრივ, კი ზუსტად დგინდება მესამე პირის, გ. ც-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ადგილმდებარეობა.
კასატორის განმარტებით, სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქმედებდა კანონის შესაბამისად, გამომდინარე, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტიდან, რომლის თანახმად, თუ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დასტურდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა კანონით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არის დადგენილი მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა, არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მესამე პირებზე განხორციელებული საკუთრების უფლების სადავო რეგისტრაციებით მოსარჩელეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი, ანუ მოსარჩელისათვის საკუთრების უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
კასატორის მითითებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ეს არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს №153 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, თუ მასში მითითებულია აქტის გაცემის წელი და მიწის ნაკვეთის ფართობი და მას აქვს მიწის რეფორმის კომისიის არანაკლებ 2 წევრის ხელმოწერა და ბეჭედი. ამდენად, კასატორის მითითებით, გასაჩივრებული რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილება მიღებულია სწორედ აღნიშნული რეგულაციიდან გამომდინარე.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი (პირველი პუნქტი). საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი (მე-2 პუნქტი). ამასთან, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა აპელანტის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასაბუთებულ პრეტენზიას, რომლის თანახმად, რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია 2017 წლის 22 მარტის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების (16.03.2017) საფუძველზე სადავო უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა მ. ც-ის საკუთრების უფლება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით. მ. ც-ის საკუთრების რეგისტრაცია კი გასაჩივრებული არ ყოფილა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა ემსჯელა მის კანონიერებაზე. თუმცა, სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მართლმსაჯულება მიმართული უნდა იყოს სადავო საკითხის გადაჭრისაკენ, იგი უნდა იყოს შედეგის მომტანი, სასამართლოს გადაწყვეტილება პრაქტიკულად რეალიზებადი უნდა იყოს და უნდა უზრუნველყოფდეს უფლებების ეფექტურ აღდგენას, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ განუხორციელებია.
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ ისე იქნა ბათილად ცნობილი რეგისტრაცია, რომ არ იმსჯელა მის შემდეგ განხორციელებულ რეგისტრაციაზე, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მესაკუთრის უფლების რეგისტრაციაზე. სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარეს ისე შეუქმნა გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმური მოლოდინი, რომ არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, იმ პირობებში როცა კეთილსინდისიერი შემძენის უფლების დამდეგნი დოკუმენტი და რეგისტრაცია ძალაშია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 18 ნოემბრის №... გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ნივთზე ს/კ ... დარეგისტრირდა გ. ც-ის საკუთრების უფლება.
საქმის მასალების შესაბამისად, 2003 წლის 9 მაისს, უძრავ ნივთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს/კ ... დარეგისტრირდა რ. ჭ-ის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო გეგმა.
2007 წლის 12 მარტს, უძრავ ნივთზე ს/კ ... განხორციელდა ხელახალი რეგისტრაცია. უძრავ ნივთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი - ... (ნაკვეთის წინა ნომერი ....) და მასზე დარეგისტრირდა ვ. ს-ის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა ასევე ახალი საკადასტრო გეგმა; ვ. ს-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიეთითა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №2/169). უძრავ ნივთზე ს/კ ... რეგისტრირებული მონაცემები ძალადაკარგულად არ გამოცხადებულა.
2017 წლის 17 ნოემბერს უძრავ ნივთზე ს/კ ... დარეგისტრირდა გ. ც-ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიჩნეულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი №55. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო გეგმა.
2017 წლის 16 მარტს გ. ც-სა და მ. ც-ს შორის დადებული გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე ს/კ ... დარეგისტრირდა მ. ც-ის საკუთრების უფლება.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთი - ს/კ ... - მიწის ნაკვეთი იდენტურია ს/კ ... მიწის ნაკვეთისა; ასევე დადგენილია, რომ ს/კ ... მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, კერძოდ, მისი ადგილმდებარეობა იდენტურია უძრავი ნივთის ს/კ ... ადგილმდებარეობის.
ამდენად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ საჯარო რეესტრმა უძრავ ნივთზე №... ისე დაარეგისტრირა გ. ც-ის საკუთრების უფლება, რომ არ გაუქმებულა და არ შეცვლილა მანამდე რეგისტრირებული მონაცემი ვ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურს ნებისმიერი სხვა პირის საკუთრებაში უძრავი ნივთის (ნაკვეთის) რეგისტრაციამდე აუცილებლად უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ ინფორმაციასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სახელმწიფოს თუ ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების (მათ შორის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული) კოდები, მესაკუთრეები, კონფიგურაცია, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლთან მიმართებაში, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას 248-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად სასამართლო შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით და იმავე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომელიც ამკვიდრებს მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს და აღნიშნავს, რომ დავა სასამართლოს მიერ განხილულია იმ მოცულობით და იმ ფარგლებში, რაც მოთხოვნილია მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 06.11.2018წ. №31205 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.11.2018წ. №31205 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი