Facebook Twitter

№ბს-1285(3კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 ნოემბერს ა. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე 2003 წლის დეკემბრიდან ა. ა-სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა 250 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათ შორის 100 ჰა სახნავი და 150 ჰა საძოვარი. 2011 წლის 7 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს იჯარით აღებული მიწის პრივატიზების მოთხოვნით, მაგრამ იმ მოტივით, რომ სოფელ ...ის მოსახლეობის ნაწილს მაშინ სასამართლოში სარჩელი ჰქონდა აღძრული აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც, ა. ა-თან ერთად, მოპასუხედ იყო წარმოდგენილი, ამიტომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობამ 2011 წლის 29 აპრილის №351 წერილით მოსთხოვა ა. ა-ს აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. ვინაიდან, იმ დროისათვის სასამართლოს დავა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მოსარჩელემ ვერ წარადგინა გადაწყვეტილება.

2012 წლის ნოემბერში დავა მოდავე მხარეებს შორის დასრულდა, მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ყველა ინსტანციის სასამართლოში უარი ეთქვათ და გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ა. ა-მა არაერთხელ მიმართა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს, წარუდგინა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები და ითხოვდა იჯარით აღებული მიწის პრივატიზებას.

მოსარჩელის მითითებით, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2015 წლის 10 დეკემბრის №1/2-415 ბრძანებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით ა. ა-ის სახელზე მოხდა მის მიერ იჯარით აღებული 80 ჰა სახნავის პრივატიზება და ამჟამად აღნიშნული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა. ა-ის სახელზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 დეკემბრის №16/71485 აქტით უარი ეთქვა მის მიერ იჯარით აღებული 150 ჰა საძოვრის პრივატიზებაზე. აღნიშნული აქტი ადმინისტრაციული საჩივრის წესით კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც ის ქვემდებარეობით განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ადმინისტრაციული საჩივრით ითხოვდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 დეკემბრის №16/71485 აქტის ბათილად ცნობასა და მის მიერ იჯარით აღებული 150 ჰა საძოვრის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას.

მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 9 თებერვლის №7/6103 წერილიდან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შეადგენს არა 150 ჰა-ს, ანუ 1500000 კვ.მ-ს, არამედ 1495606 კვმ-ს. 2003 წელს მას ნამდვილად იჯარით გადაეცა 100 ჰა (1000000 კვ.მ) სახნავი და 150 ჰა (1500000 კვ.მ) საძოვარი. 1500000 კვ.მ საძოვარზე განთავსებული იყო მის საკუთრებაში არსებული მეცხოველეობის ფერმა და მის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი სულ 4394 კვ.მ. ამიტომ მოხდა ისე, რომ პრივატიზების ფორმით მოთხოვნილ 1500000 კვ.მ საძოვრიდან გამოცალკევებულ იქნა მასზე მდებარე მოსარჩელის მეცხოველეობის ფერმა და მიმდებარე მიწის ნაკვეთი და სახელმწიფოს საკუთრებაში აღირიცხა არა 1500000 კვ.მ, არამედ 1495606 კვ.მ საძოვარი. აქედან გამომდინარე, დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა 1495606 კვ.მ საძოვრის პირდაპირი მიყიდვის ფორმით მის სახელზე პრივატიზება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ოქტომბრის №1-1/554 ბრძანებით უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისად ძალაში იქნა დატოვებული სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 დეკემბრის №16/71485 აქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 დეკემბრის №16/71485 აქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ოქტომბრის №1-1/554 ბრძანების ბათილად ცნობა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით ა. ა-ის სახელზე, ამ უკანასკნელის მიერ 2003 წლის 23 დეკემბერს ნინოწმინდის რაიონის სოფ. ...ში იჯარით აღებული 1495606 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - საძოვრის პრივატიზების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2015 წლის 10 დეკემბრის №16/71485 აქტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ოქტომბრის №1-1/554 ბრძანება; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრს დაევალა საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ა-ის მიმართ 2003 წლის 23 დეკემბერს ნინოწმინდის რაიონის სოფ. ...ში იჯარით აღებული 1495606 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - საძოვრის პრივატიზებასთან დაკავშირებით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ა. ა-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაგენილად მიიჩნია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე 2003 წლის დეკემბრიდან ა. ა-სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. ა-ს 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა 250 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათ შორის 100 ჰა სახნავი და 150 ჰა საძოვარი.

2011 წლის 7 აპრილს ა. ა-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს იჯარით აღებული მიწის პრივატიზების მოთხოვნით, მაგრამ იმ მოტივით, რომ სოფელ ...ის მოსახლეობის ნაწილს იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული ჰქონდათ სარჩელი, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ა. ა-თან ერთად, წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველომ მოითხოვა აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ავ. ა-ის, ო. ა-ის, ნ. მ-ის, მ. პ-ისა და სხვების სარჩელი ა. ა-სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების ავ. ა-ის, ო. ა-ის, ნ. მ-ის და მ. პ-ის სარჩელი; გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით.

2013 წლის 7 აგვისტოს ა. ა-მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობს ცენტრს და მიუთითა, რომ დავა მხარეებს შორის იყო დასრულებული, მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ყველა ინსტანციის სასამართლოში ეთქვათ უარი და გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შესულია კანონიერ ძალაში, დამატებით წარუდგინა იჯარის ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით მიღებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების ასლები და მოითხოვა მისი განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მის მიერ 2003 წლის დეკემბერში იჯარით აღებული 250 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის 2015 წლის 10 დეკემბრის №1/2-415 ბრძანებით ა. ა-ის სახელზე განხორციელდა მის მიერ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის, კერძოდ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელს ...ში მდებარე 14805.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის უფროსის 2015 წლის 10 დეკემბრის №16/71485 აქტით ა. ა-ს ეცნობა, რომ ეგზავნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 2015 წლის 10 დეკემბრის №1/2-415 ბრძანება და აქვე განემარტა, რომ საძოვარზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების შენარჩუნებას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული მიზნების განხორციელებისას საძოვარი წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს და სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა მისი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო და კერძო ინტერესთა პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ვალდებულია საკითხი გადაწყვიტოს როგორც კერძო პირთა უფლებების, ასევე, საერთო საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნდა ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ...ში მდებარე 1500000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) პრივატიზება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურეობის ცენტრის უფროსის 2015 წლის 10 დეკემბრის №16/71485 გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ა-მა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 23 ოქტომბრის №1-1/554 ბრძანებით ა. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატის მითითებით, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებას ითხოვს მოსარჩელე, განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილი მესაქონლეობის ფერმა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფერმის ნაგებობები.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის 4.1 მუხლის „ძ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარება შემდეგი სახელმწიფო ქონება: ძ.ა) საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ა. ა-ის მიერ პრივატიზაციის მოთხოვნით განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილია 2011 წლის 7 აპრილს, მართალია, განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოში არ დაწყებულა, თუმცა უდავოა, რომ მოსარჩელემ უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონით დადგენილ ვადაში, რაც ვერ აღსრულდა ობიექტური გარემოებების გამო, ხელშეკრულების კანონიერება მე-3 პირების სარჩელის საფუძველზე გახდა სადავო. ამდენად, თავისთავად მოსარჩელის უფლება, მოითხოვის იჯარით მასზე გაცემული საძოვრის პრივატიზაცია, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ეჭვქვეშ ვერ იქნება დაყენებული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტზე მითითება, რომლის შესაბამისად, ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საპრივატიზებო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება ამ საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასახული პოზიცია დისკრეციის ფარგლებში მოქმედების თაობაზე და მნიშვნელოვნად მიიჩნია მითითებული მუხლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება საქმეზე ბს-703-777(კ-12). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე პრივატიზაციის განხორციელება სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებაა და აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება (სზაკ მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი). დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ორგანოს არჩევანს კონკრეტულ შემთხვევაში შეასრულოს ან თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისგან, ან გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ქმედებებსა და ადრესატებს შორის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად, იმპერატიულად ადგენს, რომ ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, მოცემული რეგულაციით ადგილი არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას, არჩევის შესაძლებლობას. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ხსენებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ სათანადო პირობების არსებობისას მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია ადმინისტრაციული ორგანოსათვის არის არა უფლება, არამედ ვალდებულება. სათანადო წინაპირობების არსებობისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემოქმედა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-12.7 მუხლით დადგენილი წესით, კერძოდ გაეგზავნა შეტყობინება საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში დაედო ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, ასევე მიიჩნია, რომ არ არსებობდა ა. ა-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რამდენადაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობების არსებობისას როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის ვალდებულება უკავშირდება, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, რაც, არსებულ პირობებში არ იძლევა სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილებისა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ა. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სააპელციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ ქონების მმართველის დიკსრეციულ უფლებამოისლებას განეკუთვნება ქონების მართვა-განკარგვათან დაკავშირებული უფლებამოსილების განხორციელება და ქონების მმართველი სარგებლობს საქართველს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მესაკუთრე თავად წყვეტს ქონების განკარგვის საკითხს, სასამართლომ მიუთითა, რომ სააგენტომ და შემდომ სამინისტრომ არ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

კასატორის მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით აღიარებული და განმტკიცებულია ასევე ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რომელიც მოიცავს ხელშეკრულების დადების, შინაარსისა და ფორმის არჩევის თავისუფლებას. ქონების თავისუფლად ფლობის, განკარგვისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მოქმედების ქვეშ ექცევა ნებისმიერი პირი, მათ შორის სახელმწიფო. სწორედ, აქედან გამომდინარე, სამინისტრომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე უფლებამოსილი პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებას წარმოადგენდა.

აღნიშნულდან გამომდინარე, კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მხოლოდ სათანადო დოკუმენტების წარდგენა უპირობოდ არ ხდის ვალდებულს ამ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიმე კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის შესახებ.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საძოვარზე სახელმწფოს საკუთრების უფლების შენარჩუნების სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული მიზნების განხორციელებისას საძოვარი წარმოადგენს შეზღუდულ რესურსს და სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა მისი რეგიონალური გამოყენების უზრუნველყოფა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა/გასხვისება წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგავრი კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

აღნიშნულდან გამომდინარე, კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დამაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - ა. ა-ის განმარტებით, მის შემთხვევაში არსებობდა ყველა სათანადო პირობა მისთვის იჯარით გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (საძოვრის) პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციისათვის. უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მას იჯარით მიწა გადაეცა 2003 წელს. სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრმა პრივატიზაციით გადასცა მხოლოდ სახნავი მიწა, ხოლო საძოვრის გადაცემაზე უთხრა უარი იმ მოტივით, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საძოვარი წარმოადგენს სახელმწიფოს სტრატეგიულ რესურსს, ის საჭიროა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ა.შ. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო თავის განჩინებაში გაკეთებული განმარტებით ნებით თუ უნებლიეთ იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას საძოვრის პრივატიზებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის შესახებ. არადა პირიქით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის თანახმად, შესაბამისი პირობების არსებობისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მოახდინოს იჯარით გადაცემული მიწის პრივატიზება. კასატორის მოსაზრებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით დაცულია, როგორც ქონების მესაკუთრის - სახელმწიფოს ყველა უფლება და ინტერესი, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, ა. ა-ისათვის იჯარით გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - საძოვრის პირდაპირი მიყიდვის წესით არ ილახება სახელმწიფოს ინტერესები და მას არანიარი ზიანი არ ადგება, ვინაიდან, თუ სახელმწიფოს ინტერესში შედის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, კერძოდ, კი საძოვრებზე როგორც სახელმწიფოს სტარატეგიულ რესურსზე სახელმწიფოს საკუთრების უფლებით სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელშეწყობა, ა. ა-იც დაწყებული 2003 წლიდან მისდევს სოფლის მეურნეობას და სადავო მიწის ნაკეთს მთელი ამ ხნის განმავლობაში იყენებდა დანიშნულებისამებრ. სწორედ ამის გამო აღნიშნული კანონი მესაკუთრეს ავალდებულებს მოიჯარის სურვლის შემთხვევაში, მოახდინოს 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მათ შორის საძოვრის, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაცია მოიჯარეზე.

კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინების სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის - საძოვრის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დამაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტების გამოცემის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს აქვს საძოვრის სტატუსი, რომელსაც სახელმწიფოს საკუთრების უფლების შენარჩუნების სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებას მიეკუთვნება მისი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის ტერიტორიაზე 2003 წლის დეკემბრიდან ა. ა-სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ა. ა-ს 10 წლის ვადით იჯარით გადაეცა 250 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მათ შორის 100 ჰა სახნავი და 150 ჰა საძოვარი.

ასევე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე, რომლის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებას ითხოვს მოსარჩელე, განთავსებულია მოსარჩელის კუთვნილი მესაქონლეობის ფერმა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფერმის ნაგებობები.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები. ამავე კანონით რეგლამენტირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვა მისი პრივატზიებისა და სხვა სამართლებრივი მოწესრიგების გზით; მითითებული კანონის მე-4 მუხლში ჩამოთვლილია ის სახელმწიფო ქონება, რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, კერძოდ, ძ.ა) საძოვარი, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე; თუმცა აღნიშნული პუნქტი უშვებს გამონაკლისს, კერძოდ, საძოვრები, რომლებიც 2005 წლის 30 ივლისამდე იქნა იჯარით გაცემული, ექვემდებარება პრივატიზებას.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ა. ა-სა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულია 2003 წლის დეკემბერში და მასზე განთავსებულია როგორც ა. ა-ის ფერმა, ისე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფერმის ნაგებობები. შესაბამისად, კანონისმიერი შეზღუდვა პრივატიზაციის დაუშვებლობის თაობაზე ა. ა-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში ვერ გავრცელდება.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, დიკსრეციული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულზეც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დისკრეციული უფლებამოსილება გულისხმობს ორგანოს არჩევანს კონკრეტულ შემთხვევაში შეასრულოს ან თავი შეიკავოს ქმედების განხორციელებისგან, ან გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა ადმინისტრაციულ ქმედებებსა და ადრესატებს შორის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ვინაიდან, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 12.7 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სათანადო პირობების არსებობისას მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია ადმინისტრაციული ორგანოსათვის არის არა უფლება, არამედ ვალდებულება. შესაბამისად, სათანადო წინაპირობების არსებობისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემოქმედა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 12.7 მუხლით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს მითითებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობების არსებობისას როგორც მოპასუხის, ისე მოსარჩელის ვალდებულება უკავშირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, რაც არსებულ პირობებში არ იძლევა სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილებისა და მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ა. ა-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი