Facebook Twitter

#ბს-1310(კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „…ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 15 თებერვალს შპს „…მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისში, …ის მე-7 მ/რ-ში მდებარე 3185 მეტრ გაზმომარაგების ქსელის სს „…ის“ სახელზე რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, …ის მე-7 მ/რ-ში მდებარე 3185 მეტრი გაზმომარაგების ქსელის შპს „…ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 6 იანვარს განხორციელდა ქ. თბილისში, …ის მე-7 მ/რ-ში მდებარე 3185 მეტრ გაზმომარაგების ქსელის რეგისტრაცია სს „…ის“ სახელზე. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან მილსადენი შპს „…ის“ საკუთრებაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სს „…ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, …ის მე-7 მ/რ-ში მდებარე 3185 მ. გაზმომარაგების ქსელის სს „…ის“ სახელზე რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილება და მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სს „…მა“, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სს „…ის“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის შეფასებით, 2014 წლის 30 დეკემბერს სს „…ის“ წარმომადგენელის #... სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობდა ქ. თბილისში, …ის მე-7 მ/რ-ში მდებარე გაზსადენი 3185.18 გრძივი მეტრის მქონე ხაზობრივ ნაგებობაზე რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას. სადავო რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული დოკუმენტაცია - ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 11 დეკემბრის #QN1267256 გადაწყვეტილება და სს „კ…ის“ #046-10 წერილი, აუდიტორის დასკვნა, სემეკის გადაწყვეტილება, ექსპლუატაციაში მიღების აქტი, სს „…ის“ #9/211 წერილი, …ის მე-7 მ/რ-ში მდებარე შესაბამისი კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეების თანხმობები და პროექტი, უტყუარად ადასტურებენ სადავო უძრავ ქონებაზე სს „…ის“ საკუთრებას. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დოკუმენტები კონკრეტულად განსაზღვრავენ საკუთრების უფლებით განკარგული ობიექტის (უძრავი ქონება), ასევე, ამ უფლების მქონე პირის მონაცემებს.

პალატამ ყურადღება გაამხვილა 2005 წლის 30 მარტის #კც 17/611 წერილსა და სს „…სა“ და შპს „…სს“ შორის გაფორმებულ 2008 წლის 1 ოქტომბრის #2112 საიჯარო ხელშეკრულებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „…სა“ და სს „…ს“ შორის დადებულ იქნა საიჯარო ხელშკრულება, სადაც მოიჯარეს წარმოადგენდა შპს „…ი“, მეიჯარეს სს „…ი“, ხოლო ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მეიჯარე დროებით სარგებლობაში გადასცემდა მოიჯარეს გაზ-გამანაწილებელ ქსელს, გაზის მარეგულირებელ პუნქტებს, ჩამკეტ ალმატურებს, გაზის აღრიცხვის ინდივიდუალურ და საკონტროლო ხელსაწყოებს (ხელშეკრულების დანართი #1 თანახმად) მდებარეს მისამართზე: საქართველო, თბილისი, …ის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 (შემდგომში - ქონება). ქონების იჯარით აღების მიზნად განისაზღვრა ქ. თბილისი, …ის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 მ/რ-ის მისამართზე მცხოვრები ბუნებრივი გაზის მომხმარებლების (შემდგომში - „აბონენტი“ ან „აბონენტები“) გაზმომარაგება. მოიჯარემ კი იკისრა ვალდებულება გადაეხადა ხელშკრულებით გათვალიწინებული საიჯარო ქირა.

მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილ იქნა შპს „…ის“ 14.07.2009 წლის #14/08-02/3711 წერილით, რომლის თანახმადაც, შპს „…მა“ მასსა და სს „…ს“ შორის 2008 წლის 1 ოქტომბრის #2112 ხელშეკრულება შეწყვიტა ხელშკრულების მათი საზოგადოებისათვის ფინანსურად არამომგებიანობის გამო. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან, კერძოდ 2009 წლის 12 აგვისტოდან - პასუხისმგებლობა მოიხსნა ბუნებრივი გაზით ქ. თბილისის …ის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მ/რ-ის მომხმარებელთა უწყვეტ მომარაგებაზე. ამავე წერილით შპს „…მა“ შესთავაზა სს „…ს“ მათ საკუთრებაში არსებული გაზსადენის შპს „…ის“ საკუთრებაში გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში - აღნიშნულ მიკრორაიონებში სს „…ის“ მიერ ბუნებრივი გაზის განაწილების უზუნველყოფა, თანახმად სს „…ის“ მიერ მოპოვებული განაწილების ლიცენზიისა.

სადავო ხაზოვან ნაგებობაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად შპს „…ის“ მიერ მითითებულ ექსპლუატაციაში მიღების აქტებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ვერ იქნება განხილული მათი შპს „…ის“ სახელზე რეგისტრაციისათვის საკმარის სამართლებრივ საფუძვლად, ვინაიდან, აღნიშნული ექსპლუატაციაში მიღების აქტები არ არის ხელმოწერილი სს „თ…ის“ ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლის მიერ. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონება კონკრეტულად არ არის ჩამოთვლილი 2016 წლის 18 მაისს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (სანოტარო აქტი, რეესტრში რეგისტრაციის N…, თარიღი: 18.05.2006 წ. ნოტარიუსი ნ. ხ-ა) შესაბამის დანართში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, შპს „...ი“ წარმოადგენს სადავო ხაზობრივი ნაგებობის კეთილსინდისიერ შემძენს, საქმეში არსებული მტკიცებულებები კი, ცალსახად ადასტურებს შპს „...სა“ და სს „თ...ს“ შორის ხელშეკრულების დადებამდე ზემოაღნიშნულ ხაზობრივ ნაგებობაზე სს „თ...ის“ საკუთრების უფლებას.

კასატორი მიუთითებს მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ 2006 წლის 2 თებერვლის, 2006 წლის 12 იანვრის, 2006 წლის 27 თებერვლისა და 2006 წლის 2 მაისის აქტებზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ქონება სხვა აქტივებთან ერთად გადაეცა კეთილსინდისიერ შემძენს - შპს „...სს“ შპს „...სსა“ და სს „თ...ს“ შორის 2006 წლის 18 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

კასატორი აღნიშნავს, რომ სს „თ...სა“ და შპს „...სს“ შორის 2006 წლის 18 მაისს დადებული #1-5831 ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „...მა“ სრულად შეიძინა, აუდიტორული კომპანია - მარკა აუდიტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად აღწერილი სს „თ...ის“ აქტივები. კასატორის მითითებით, ხელშეკრულების თანახმად, ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ...ის VII მ/რ-ში მდებარე 3185 მ. გაზმომარაგების ქსელი. ამასთან აღნიშნა, რომ შპს „...ი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა და მიმდინარე ეტაპზეც ახორციელებს აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობის მოვლა-პატრონობას, რაც ასევე ფაქტობრივი მფლობელობის ცალსახა დასტურია. ამასთან, სადავო ქსელზე დაერთებული ბუნებრივი გაზის მომხმარებლები, დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ შპს „...ის“ აბონენტებს.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს შპს „...ის“ საკუთრების უფლებას მითითებულ ხაზობრივ ნაგებობაზე.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება სს „თ...ის“ სტატუსზე, მის მესაკუთრეზე, ასევე, ქონების განკარგვის ტიპსა და წესზე. ამასთან, არასწორად შეაფასა სარჩელზე თანდართული ნასყიდობის ხელშეკრულება და ბუნებრივი გაზის ქსელის ექსპლუატაციაში მიღების აქტები, რის გამოც ვერ დაადგინა სს „თ...ის“ ბალანსზე სადავო ქონების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, სადავო ქონებაზე შპს „...ის“ სამართლებრივი ინტერესი.

კასატორის მითითებით, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს სს „...ი“ არ წარმოადგენდა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტს. შპს „...ი“ კი, წლების განმავლობაში ეწეოდა და ეწევა ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას მითითებულ ტერიტორიაზე, რის საფუძველსაც წარმოადგენს ლიცენზიის გაცემის შესახებ სემეკის 2006 წლის 1 ივნისის #14/4 გადაწყვეტილება, რომელიც თავის მხრივ, შპს „...ის“ სამოქმედო არეალად განსაზღვრავს თ...ის გამანაწილებელ ქსელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 იანვრის #... გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის მე-7 მ/რ-ში მდებარე 3185 მეტრი გაზმომარაგების ქსელი დარეგისტრირდა სს „...ის“ სახელზე.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2004 წლის 22 დეკემბრის #27/1 გადაწყვეტილებით სს „...ზე“ გაიცა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების ლიცენზია. ლიცენზირების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2004 წლის 24 დეკემბიდან 2006 წლის 1 იანვრამდე. განაწილების ლიცენზიის მოქმედების არეალი - ქ. თბილისი, ...ის დასახლება. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 27 ივნისის #9/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირებულ იქნა სს „...ის“ ბუნებრივი გაზის განაწილების (სერია … #...) ლიცენზია და მის სამოქმედო არეალს დაემატა ...ის დასახლების მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 მიკრორაიონები, რაზედაც წარდგენილ იქნა სს „თ...ის“ თანხმობა. კომისიის 2005 წლის 29 დეკემბრის №29/6 გადაწყვეტილებით კი, მოდიფიცირებულ იქნა სს „...ის“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია (სერია ... №...) და გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.

საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ ...ის მე-7 მ/რ-ში არსებული ამხანაგობების მიერ, აღნიშნული ამხანაგობების საკუთრებაში არსებული ბუნებრივი აირის მილსადენები, მდებარე კორპუსი #1, 1ა, 2, 3, 4ა, 5, 6, 6ა, 6ბ, 7, 7ვ, 8, 9, 9ა, 10, 11, 12, 15, 16, 17, 17ა, 17ბ, 17ვ, 18, 19, 20, 21, 21ა, 21ბ, 22, 23, 24, 25, 26 5ა, 6, 6ა, 7, 8, 9, 24 საკუთრების უფლებით გადაეცა სს „...ს“, სანაცვლოდ კი, ამხანაგობამ მიიღო მილსადენის ღირებულების აქცია სს „...ში“.

2014 წლის 11 დეკემბრის ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს #QN1267256 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტო არ არის წინააღმდეგი განხორციელდეს ქ. თბილისში, ...ის მე-7 მ/რ-ში განთავსებული 3185 მეტრი სიგრძის ხაზობრივ ნაგებობაზე (გაზმომარაგების ქსელი) სს „...ის“ (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია, #1 დანართში განსაზღვრული ტრაექტორიით, #2 დანართით განსაზღვრული პირობებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან შეთანხმებით, რომელთა საკუთრებად რეგისტრირებულ ტერიტორიაზეც მოწყობილია გაზსადენი, აქტის გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სს „...ის“ წარმომადგენელის #.. სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილ იქნა ...ის მე-7 მ/რ-ში მდებარე შესაბამისი კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეების თანხმობები და პროექტი, აგრეთვე სს „კ...ის“ #046-10 წერილი, აუდიტორის დასკვნა, სემეკის გადაწყვეტილება, ექსპლუატაციაში მიღების აქტი, სს „...ის“ #9/211 წერილი, რაც იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოშობდა სადავო უძრავ ქონებაზე სს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას და ადასტურებს სადავო უძრავ ქონებაზე სს „...ის“ საკუთრებას. შესაბამისად, მარეგისტრირებელმა ორგანომ სწორად შეაფასა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ისინი კანონიერად მიიჩნია უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად.

რაც შეეხება სადავო ხაზოვან ნაგებობაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად შპს „...ის“ მიერ მითითებულ ექსპლუატაციაში მიღების აქტებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული ვერ იქნება განხილული მათი შპს „...ის“ სახელზე რეგისტრაციისათვის საკმარის სამართლებრივ საფუძვლად, რაც ამ ეტაპზე გამორიცხავს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ხაზოვან ნაგებობაზე შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „...სს“ საკასაციო საჩივარზე 16.10.2018წ. #253 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „...სს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

3. შპს „...სს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.10.2018წ. #253 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი