№ბს-1336(2კ-18) 31 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 2 მარტს ნ. ქ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით.
მოსარჩელის განმარტებით, მას 1997 წლის 4 ნოემბრის №156 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი მდებარე ზუგდიდის რ/ნ, სოფ. ...; აღნიშნული მიწის ნაკვეთის მახასიათებელია: სარეგისტრაციო ზონა - ზუგდიდი, კოდი - ..., სექტორი - „...“, კოდი - ..., კვარტლის ნოემრი ..., ნაკვეთის №... . 2006 წლის 30 ივნისს აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა მის საკუთრებად.
2015 წლის 9 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც ... საკადასტრო კოდზე, სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა. 2015 წლის 16 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სამსახურის ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო სახელმწიფო საკუთრების მიწების ნაკვეთთან საკადასტრო კოდით ... და ..., შესაბამისად, მოთხოვნილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო 2015 წლის 17 ნოემბერს №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.
მოსარჩელის მითითებით, 2009 წლის 13 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელმა გ. ფ-ამ, რომელმაც წარადგინა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართა №2-16/163, დამოწმების თარიღი 12.11.2009 და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს წარმომადგენლის გ. ფ-ას მიმართვა და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რომლის შემდეგ დაფიქსირდა ზედდება ნ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ მონაცემებთან.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილად განეხორციელებინა ადმინისტრაციული წარმოება და გამოეკვლია ხომ არ არსებობდა ისეთი გარემოება, რომლითაც მისი ეს გადაწყვეტილება სხვა პირის უფლებას შელახავდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის ნ. ქ-ას მიწის ნაკვეთთან (ს.კ ...) ზედდების ნაწილში და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ნოემბრის №... და №... გადაწყვეტილებების ნ. ქ-ას სახელზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვა ნ. ქ-ას მიწის ნაკვეთთან (ს.კ....) ზედდების ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 19.11.2009 წლის №... და 20.11.2009 წლის №... გადაწყვეტილებები №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ, ნ. ქ-ას სახელზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) ზედდების ნაწილში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ჭ-ა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997 წლის 4 ნოემბრის №156 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 600 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა ნ. ქ-ას, რაც 2006 წლის 30 ივნისიდან საჯარო რეესტრში აღირიცხა ნ. ქ-ას საკუთრების უფლებით საკადასტრო კოდით №... . მოცემულ მიღება-ჩაბარების აქტში ნ. ქ-აზე გადაცემულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ლ. ჟ-ას, ხოლო სამხრეთით - ე. ქ-ას მიწის ნაკვეთები, დანარჩენ მხარეს კი გზა. საქმეში წარმოდგენილი მ. ქ-ას სახელზე 1997 წლის 4 ნოემბერს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ლ. ჟ-ა მ. ქ-აზე გადაცემულ მიწის ნაკვეთს ესაზღვრება სამხრეთით ამ დოკუმენტების საფუძველზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით რიგითობის მიხედვით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ: ე. ქ-ა, ნ. ქ-ა, ლ. ჟ-ა და მ. ქ-ა. აღნიშნულ განლაგებას ასევე ადასტურებს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც. პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე მინიჭებული პირობითი ნომრები სხვადასხვაა, ვერ შეცვლის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტში - მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის ნაკვეთის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას როგორც აპელანტები, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვალდებული იყვნენ გამოეკვლიათ და შეესწავლათ მონაცემები იმ მიწის ნაკვეთების შესახებ, რომელიც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ უპირველესად დადგენილი უნდა ყოფილიყო საკუთრებაში დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების კონკრეტული ადგილმდებარეობა, მიწის ნაკვეთების საზღვრები და ფართობის ზუსტი ოდენობა, უნდა გამოკვლეულიყო, იყო თუ არა მიწის ნაკვეთები თავისუფალ მდგომარეობაში, მიწის ნაკვეთებს, ან მის ნაწილს ხომ არ ფლობდა რომელიმე სუბიექტი, ან ხომ არ წარმოადგენდა ის სხვა პირის საკუთრებას. საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა კი ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაზე დაარეგისტრირა სახელმწიფოს უფლება, ანუ დაუშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა, რაც სააპელაციო სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, დაეთანხმა მასში მითითებულ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს.
სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დამატებით აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; პირიქით, ცალსახაა, რომ თუკი მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება, ასეთივე ზედდება იარსებებდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას მოსარჩელის სახელზე საჯარო რეეტრში დაუზუსტებელი სახით აღრიცხულ საკადასტრო მონაცემებთან, რისი შემოწმებაც საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა.
პალატის მითითებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მონაცემების იდენტურობა სახელმწიფოს მიერ ასევე ელექტრონული ნახაზის მონაცემებთან თავისთავად არ წარმოშობს საკუთრების უფლების არსებობის მტკიცების ვალდებულებას მხოლოდ ნ. ქ-ასათვის. ასეთი ვალდებულება მოსარჩელეს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მაშინ, თუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო დაამტკიცებს შეუსაბამობას რეგისტრირებული ნაკვეთის მონაცემების მოსარჩელის დაკვეთით შესრულებულ ელექტრონულ სკადასტრო აზომვით ნახაზთან, რა გარემოების დადასტურება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უზრუნველყოფილი არ ყოფილა. პირიქით, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის დადგინდა, რომ ნ. ქ-ას მიერ ცვლილებების სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების მდებარეობა ძირითადად შეესაბამება მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას. ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს/კ №... (მესაკუთრე მ. ქ-ა) და ს/კ №... (მესაკუთრე ე. ქ-ა) მიწის ნაკვეთების მდებარეობის გათვალისწინებით, ნ. ქ-ას მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა ძირითადად შეესაბამება ს/კ №... მიწის ნაკვეთის მდებარეობას.
ამ მიმართებით პალატამ ასევე მიუთითა მოსარჩელის სახელზე გაცემულ საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე (მიუხედავად დაუზუსტებელი რეგისტრაციისა), რომელიც შეიცავს მიწის ნაკვეთის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, კერძოდ, სარეგისტრაციო ზონას და სექტორს კოდების მითითებით, ნაკვეთისა და კვარტლის ნომრებს, ფართობს, მისამართს. მითითებული გარემოებები ნათლად ასახავს უძრავი ქონების ადგილმდებარეობას, რაც ზედდების შესახებ საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ ინფორმაციასთან და ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად პალატას აძლევს იმის დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაზე დაარეგისტრირეს სახელმწიფოს უფლება, ანუ სახეზეა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა, რაც პალატამ კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასაამართლომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით დაადგინა, რომ საკადასტრო რუკაზე მითითებული მიწის ნაკვეთის საზღვრები, ზონები და ფართობი შეესაბამებოდა ნ. ქ-ას მიერ საჯარო რეესტრში ცვლილებების სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთის შესაბამის მონაცემებს. ასევე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ს/კ ... (მესაკუთრე მ. ქ-ა) და ს/კ .. (მესაკუთეა ე. ქ-ა) მიწის ნაკვეთების მდებარეობის გათვალისწინებით, ნ. ქ-ას მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობა ძირითადად შეესაბამება ს/კ ... მიწის ნაკვეთის მდებარეობას. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომლებიც იძლეოდა ახალ ინფორმაციას ნ. ქ-ას უძრავი ქონების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამინისტროს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებისაგან განსახვევბული ახალი გარემოებები, რაც არ განუხორცუელებია.
კასატორის განმარტებით, აღნიშნულ საქმეში არსებული მტკიცებულებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნ. ქ-ას მიერ ცვლილების სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების მდებარეობა ძირითადად შეესაბამება მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას, მაშინ როცა იგივეს მიუთითებს ნ. ჭ-ას (ყოფილი ლ. ლ-ს) ნაკვეთის საკადასტრო გეგმაც. აქვე გასათვალისწინებელია, ნ. ჭ-ას (ყოფილი ლ. ლ-ს) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობა დადასტურებულია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. კასატორის მოსაზრებით, სწორედ ეს გარემოებები უნდა შეეფასებინა სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის - სსიპ ქონების მართვის სააგენტოს განმარტებით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ. ქ-ას მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ე. ქ-ას ელექტრონულად დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსა და ლ. ჟ-ას დაურეგისტრირებელ ნაკვეთს შორის, ხოლო მისი ნაკვეთის შემდეგ მდებარეობდა მ. ქ-ას დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.
კასატორის მითითებით, ლ. ჟ-ას მიწის ნაკვეთი ექსპერტიზის ჩატარების დროს არ იყო რეგისტრირებული, თუმცა გასხვისებული იყო ნ. ჭ-აზე, რომელმაც 2017 წლის 17 თებერვალს მიმართა საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტების მოთხოვნით. საჯარო რეესტრის მიერ განცხადება გადაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფოს საკუთრების უფლების გაუქმების მიზნით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 თებერვლის 1/1-345 ბრძანებით დამტკიცდა კომისიის ოქმი, რომლის თანახმადაც დაკორექტირდა სახელმწიფოს სკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ლ. ჟ-ას მიერ ა. ჭ-აზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი.
კასატორის მითითებით, დღეის მდგომაეობით ნ. ქ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მეტწილად ზედდებაშია ნ. ჭ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, შესაბამისად დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სრულად შეიცვალა ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის ნ. ქ-ას მიწის ნაკვეთთან (ს.კ ...) ზედდების ნაწილში და №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 ნოემბრის №... და №... გადაწყვეტილებების ნ. ქ-ას სახელზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №...) ზედდების ნაწილში ბათილად ცნობა წარმოადგენს.
მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ იგი სოფ. ... მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით №..., 2006 წლის 30 ივნისიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონება მოექცა სადავო ინიდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად, რითიც შეილახა მისი უფლება.
საქმის მასალების შესაბამისად, 1997 წლის 4 ნოემბერს ნ. ქ-ას ზუგდიდის რაიონის სოფ. ... გადაეცა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სარეგისტრაციო ზონა ზუგდიდი, კოდი ..., სექტორი სოფ. ..., კოდი ..., კვარტალი №..., ნაკვეთი №.... 2006 წლის 30 ივნისიდან საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხულია ნ. ქ-ა სოფ. ... მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (დაუზუსტებელი), საკადასტრო კოდით №... . 2015 წლის 9 ოქტომბერს ნ. ქ-ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ... საკადასტრო კოდზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. 2015 წლის 16 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ხოლო 2015 წლის 17 ნოემბერს №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2009 წლის 13 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამეგრელო-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს წარმომადგენელმა გ. ფ-ამ, რომელმაც წარადგინა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მომართა №2-16/163, დამოწმების თარიღი 12.11.2009 და მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება №... და №... მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და არსებულ მიწის ნაკვეთებზე დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რომლის შემდეგ დაფიქსირდა ზედდება ნ. ქ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ მონაცემებთან.
ნ. ქ-ამ 2015 წლის 15 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სამეგრელო-გურია-სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 12 ნოემბრის №2-16/163 მიმართვის ბათილად ცნობა. აღნიშნულ საჩივარს რეაგირება არ მოჰყოლია.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ნ. ქ-ას მიერ ცვლილებების სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საზღვრების მდებარეობა, რომელიც ძირითადად შეესაბამება მოსარჩელის მიერ მითითებული მიწის ნაკვეთის მდებარეობას, ასევე დადგენილია ნ. ქ-ას მიერ მითითებული 603, 76 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთის ზედდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან: ს/კ №... მიწის ნაკვეთთან - 489,75 კვ.მ-ზე და ს/კ №... მიწის ნაკვეთთან - 7,41 კვ.მ-ზე, რაც საჯარო რეესტრის მიერ დაფიქსირებული ზედდების პირობებში იმის მტკიცების საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთში საკადასტრო კოდით ... და ... ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობის გარეშე მოექცა მანამდე ნ. ქ-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ნივთი საკადასტრო კოდით .. .
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.02.2013წ. #ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა.
მითითებულ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება ტექნიკური საკითხია, და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის „ვ1“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფოს (ან ნებისმიერი სხვა პირის) საკუთრებაში უძრავი ნივთის (ნაკვეთის) რეგისტრაციამდე აუცილებლად უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია მასთან დაცულ ინფორმაციასთან - ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სახელმწიფოს თუ ნებისმიერი მესამე პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების (მათ შორის დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული) კოდები, მესაკუთრეები, კონფიგურაცია, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმასთან მიმართებაში, რომ დღეის მდგომაეობით ნ. ქ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მეტწილად ზედდებაშია ნ. ჭ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, ვინაიდან, საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მითითებული უძრავი ქონების მონაცემების დაზუსტების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა; პირიქით, ცალსახაა, რომ თუკი მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ელექტრონული საკადასტრო-აზომვითი ნახაზის საფუძველზე დაფიქსირდა რეგისტრირებულ მონაცემებთან ზედდება, ასეთივე ზედდება იარსებებდა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციისას მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი სახით აღრიცხულ საკადასტრო მონაცემებთან, რისი შემოწმებაც საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი