Facebook Twitter

51-კოლ 19 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ტყეშელაშვილი,

ზ. მეიშვილი

მონაწილეობით განიხილა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 მარტის განჩინებაზე, რომლითაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა შ. დ-ის მიმართ, დაზარალებულთან შერიგების გამო.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით შ. დ-ლი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, ე. ი. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 16 საათსა და 30 წუთზე, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა მიკროავტობუსი „მერსედეს ბენცი-210“, რომელსაც მართავდა საქართველოს --- ქ. რუსთავის სამსახურის --- რაზმში შემავალი --- შ. დ-ლი. მძღოლის გარდა მიკროავტობუსში იმყოფებოდა ათი მგზავრი. მსვლელობისას, ბენზინგასამართ სადგურ „---ს“ მიმდებარე ტერიტორიასთან, მძღოლმა შორიდანვე შენიშნა მისგან მარჯვენა მხარეს, ნაწილობრივ გვერდულზე გაჩერებული ავტომობილი „უაზი“ 39620, რომელსაც მართავდა მძღოლი ა. ი-ლი. ავტომანქანაში მძღოლის გარდა იჯდა მისი მეუღლე ნ. ი-ლი. მიკროავტობუსის მძღოლმა შ. დ-მა გააგრძელა მოძრაობა თავის სამოძრაო ზოლში და როდესაც გარკვეულ მანძილზე მიუახლოვდა ავტომობილ „უაზს“, იგი მოულოდნელად დაიძრა და „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა უგულებელყოფით, კერძოდ ისე, რომ არ უზრუნველყო მანევრის უსაფრთხოება, რათა მოძრაობის მონაწილეებს არ შექმნოდათ დაბრკოლება, დაიწყო მარჯვნიდან მარცხნივ გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა. 15 მეტრის გავლის შემდეგ, იმის გამო, რომ ავტომანქანა „მერსედესის“ მძღოლმა შ. დ-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ: არ მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება შეზღუდვებს, რადგან სიჩქარე საშუალებას აძლევს მძღოლს, მუდმივი კონტროლი გაუწიოს სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესასრულებლად. მოძრაობისათვის საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში კი იღებს შესაბამის ზომებს მოძრაობის სიჩქარის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე.

აღნიშნულმა დარღვევამ გამოიწვია ავტომანქანა „მერსედესის“ წინა ნაწილით შეჯახება ავტომანქანა „უაზის“ მარცხენა გვერდის შუა ნაწილთან, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადაბრუნდა და ავტომანქანაში მჯდომმა მძღოლმა ა. ი-მა და მისმა მეუღლემ ნ. ი-მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები.

წინასწარი გამოძიებისას შ. დ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების _ ა. და ნ. ი-ების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ა. ქ-მა იშუამდგომლა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა შ. დ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლისა და საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვინაიდან ისინი შეურიგდნენ განსასჯელს და არ ითხოვენ მის დასჯას, რასაც დაეთანხმა დაზარალებული ა. ი-ლი.

შ. დ-მაც დაადასტურა, რომ შეურიგდა დაზარალებულებს და თანახმაა, შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. შ-ლი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 მარტის განჩინებით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა შ. დ-ის მიმართ, დაზარალებულთან შერიგების გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. კ-ემ, რომელიც ითხოვს განჩინების, როგორც უკანონოს, გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად სასამართლო გამოძიების სრულყოფილად ჩატარების მიზნით.

საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ა. ი-მა აღნიშნა, რომ იგი შეურიგდა განსასჯელს, არ ითხოვს მის დასჯას და იშუამდგომლა პალატის წინაშე შ. დ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

განსასჯლი შ. დ-ლი დაეთანხმა დაზარალებულის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა რ. ს-მა მხარი დაუჭირა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. იგი აღნიშნავს, რომ სასამართლოს ნაჩქარევად არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება და სასამართლო წარმოება სრულად უნდა ჩატარებულიყო. აქედან გამომდინარე, ითხოვს განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატა არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას განჩინების გაუქმებისა და სასამართლო გამოძიების სრულყოფილად ჩატარების მიზნით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებას შ. დ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რადგან საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლის თანახმად, ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ შეურიგდა დაზარალებულს. აღნიშნულ შემთხვევაში, შ. დ-ლი პირველადაა სამართალში და მისთვის წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის I ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამ წელს. ამასთან, შ. დ-ლი და დაზარალებული _ ა. ი-ლი შერიგდნენ. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს საქართველოს სსკ-ის 69-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმა იმპერატიულია.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განჩინების გაუქმებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 მარტის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 16 მარტის განჩინება შ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.