საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-42(კ-19) 27 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური; მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; მესამე პირები - თ. ქ-ი; თ. ქ-ი; ჯ. ქ-ი; ა. ქ-ი).
2017 წლის 6 აპრილს არასრულწლოვანი ა. კ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - ზ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... (07.12.2016) გადაწყვეტილების , მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე, საკადასტრო კოდი №..., მესაკუთრეები - ა. ქ-ი, თ. ქ-ი, თ. ქ-ი, ჯ. ქ-ი; იმავე უძრავ ნივთზე პირველადი რეგისტრაციის თაობაზე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების (რეგისტრაციის თაობაზე ჩანაწერი) განაცხადის რეგისტრაციის №..., თარიღი 14.02.07, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო №..., მცხეთის რაიონის, სოფელ ... მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ა. ქ-ის, ჯ. ქ-ის, თ. ქ-ის, თ. ქ-ის, გ. ქ-ის (გარდაცვლილი) საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე (არა უმეტეს 235.კვ. მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #... (27.02.2017) გადაწყვეტილების მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 818.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე, ს/კ. №..., მესაკუთრეები - ა. ქ-ი, თ. ქ-ი, ჯ. ქ-ი, არიდენტიფიცირებული მესაკუთრე (არა უმეტეს 96.კვ. მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში); მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების, ოქმი №10, საკითხი №7, მცხეთის რაიონის, სოფელ ... მდებარე 818 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ა. ქ-სა და მის ოჯახზე საკუთრებაში გადაცემის თაობაზე; საკუთრების უფლების მოწმობა №218, გაცემის თარიღი 2017 წლის 21 თებერვალი, მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 818 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ა. ქ-ის, თ. ქ-ის თ. ქ-ის ჯ. ქ-ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე (არა უმეტეს 96.კვ. მ მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №... (05.05.2017), №... (08.06.2017) გადაწყვეტილებებისა, და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 5 ივლისის №... გადაწყვეტილების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურისათვის წარდგენილი განცხადების საფუძველზე ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე ახალი ადმინისტარციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ თ. ქ-ი, თ. ქ-ი, ჯ. ქ-ი და ა. ქ-ი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ა. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არასრულწლოვანი ა. კ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა - ზ. კ-მა.
თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით ა. კ-ს დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. ასევე, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორის - ა. კ-ის წარმომადგენელს - ლ. ქ-ეს და 2019 წლის 25 თებერვალს ჩაჰბარდა ლ. ქ-ეს პირადად (პ/ნ ...), რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
იქიდან გამომდინარე, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინების ასლი კასატორის - ა. კ-ის წარმომადგენელმა - ლ. ქ-ემ (პ/ნ ...) 2019 წლის 25 თებერვალს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2019 წლის 26 თებერვალს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10_დღიანი ვადა 2019 წლის 7 მარტს 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ა. კ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი