Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1480(კ-18) 5 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „…“

მოწინააღმდეგე მხარეები - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო, სსიპ შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 18 ნოემბრის №006-329 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის №5557 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 21 ივლისის №26496 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ” სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 10 მაისის №011-489 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 29 ივლისის სათათბირო საბჭოს №1 სხდომის ოქმის უკანონოდ აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „…ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „…ის“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს „…ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „…მა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს - შპს „…ს“ დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 8000 (რვა ათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა (დედნის სახით) და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენა.

2018 წლის 26 დეკემბერს, 2018 წლის 31 დეკემბერს, 2019 წლის 4 იანვარს და 2019 წლის 8 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებებით მომართა შპს „…ის“ წარმომადგენელმა, განცხადებებს ერთვოდა მხოლოდ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, თუმცა წარმოდგენილი არ ყოფილა სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა, წარმოდგენილი განცხადებებით იშუამდგომლა სახელწმიფო ბაჟის გადასახდელად ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ ახერხებდა კასატორთან (უფლებამოსილ პირთან) დაკავშირებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით შპს „…ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს გაგუგრძელდა საპროცესო ვადა 7 დღით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2019 წლის 27 თებერვალს კვლავ მომართა შპს „…ის“ წარმომადგენელმა და იშუამდგომლა სახელწმიფო ბაჟის გადასახდელად ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელებაზე იმ საფუძვლით, რომ იგი კვლავ ვერ ახერხებდა კასატორთან დაკავშირებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით შპს „…ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კვლავ დაკმაყოფილდა და კასატორს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2019 წლის 27 მარტს კვლავ მომართა შპს „…ის“ წარმომადგენელმა და ამჯერად იშუამდგომლა კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში განმარტავს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი.

იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს რამდენჯერმე გაუგრძელდა ვადა, ხარვეზი შევსებული არ იქნა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი. ამასთან, კასატორის წარმომადგენლის მიერ მესამედ მომართვის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელებისათვის სულ სხვა მიზეზი იქნა დასახელებული ვიდრე მანამდე სახელდებოდა, რომლის გამოც კასატორის წარმომადგენლის მოთხოვნით სასამართლოს მიერ რამდენჯერმე გაუგრძელდა საპროცესო ვადა. პალატა ასევე განმარტავს, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა კომპანიის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ არაერთგზის განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ შუმდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „…ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე