Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1431(კ-18) 26 აპრილი, 2019 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - რ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ა-მა 2016 წლის 9 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ნოემბრის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიწის ნაკვეთებზე მის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების დავალება მოითხოვა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით რ. ა-ის სარჩელი განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს მოსამზადებელს სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო განცხადება და მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ნოემბრის №… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრისა და საქმის არსებითი გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალება. სასამართლოს ამავე სხდომაზე, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად იქნა ჩაბმული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისი, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით რ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს - რ. ა-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან იმ უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა, რომელიც საკასაციო საჩვერის წარმოებაში მიღების ეტაპზე კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდნენ.

2019 წლის 14 იანვარს რ. ა-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის 6 თვით გადავადება მოითხოვა. კასატორმა განცხადებას დაურთო სს „...ის“ 2019 წლის 5 იანვრის ინფორმაცია მისი სს „...ის“ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმად, რ. ა-ის ფინანსურ ვალდებულებას სს „...ის“ წინაშე კრედიტის სახით წარმოადგენდა 3168, 74 ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათის მოცულობა - 994, 49 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით კასატორის - რ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის 6 თვით გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 13 თებერვალს კასატორმა რ. ა-მა კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საპროცესო ვადის 4 თვით გადავადება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით რ. ა-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას საპროცესო ვადა გაუგრძელდა 20 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და მას პირადად ჩაბარდა 2019 წლის 20 მარტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2019 წლის 21 მარტიდან დაიწყო და 2019 წლის 10 აპრილს (ოთხშაბათს) ამოიწურა. კასატორმა ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე