Facebook Twitter

#ბს-1113(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 20 ივნისს ლ. გ-მა და ვ. ღ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. დ-ი, ო. ა-ი და გურჯაანის სამოქალაქო რეესტრის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 ოქტომბრისა და 4 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სადავო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის #... გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-9 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის 2010 წლის 27 დეკემბრის #... ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მსჯელობა დაევალა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. ა-მა, ნ. დ-მა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ო. ა-ის, ნ. დ-ის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 12 აგვისტოს ნ. დ-მა და ო. ა-მა #... განცხადებით მიმართეს გურჯაანის სამსახურს და მოითხოვეს მათი არასრულწლოვანი შვილის - გ. ღ-ის მიმართ რეგისტრირებული დაბადების აქტის ორი ჩანაწერიდან ერთ-ერთის - გ. ღ-ის დაბადების ნკ #... აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა და გ. დ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მამის მონაცემების შეტანა. გ. დ-ის მიმართ რეგისტრირებული იყო დაბადების აქტის ორი ჩანაწერი - ერთი გ. დ-ის სახელზე (დაბადების ნკ #... აქტის ჩანაწერი) და მეორე გ. ღ-ის (დაბადების ნკ #... აქტის ჩანაწერი) სახელზე.

სამოქალაქო რეესტრის გურჯაანის სამსახურის მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. დ-ისა და ო. ა-ის მოთხოვნა, ბათილად იქნა ცნობილი გ. ღ-ის მიმართ რეგისტრირებული დაბადების ნკ №... აქტის ჩანაწერი, ხოლო გ. დ-ის დაბადების ნკ №... აქტის ჩანაწერში მამის მონაცემებში ცვლილების შეტანის მიზნით განმცხადებლებს განემარტა, რომ ისინი პირადად უნდა გამოცხადებულიყვნენ გურჯაანის სამსახურში. 2010 წლის 2 დეკემბერს ნ. დ-მა და ო. ა-მა №... ერთობლივი განცხადებით მიმართეს გურჯაანის სამსახურს მამობის დადგენის თაობაზე. 2010 წლის 2 დეკემბრის მამობის №... დადგენის აქტის ჩანაწერის საფუძველზე გ. დ-ის გვარი „დ-ი“ შეიცვალა ,,ა.“-ზე და მამის მონაცემებად მითითებულ იქნა ,,ო. ა-“-ი.

2013 წლის 16 მაისის … გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის 2010 წლის 27 დეკემბერის №… ადმინისტრაციული საჩივარი.

ბავშვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ უპირველესად აღნიშნა, რომ მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ ითვალისწინებს ცალკე მუხლს ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ თავისი პრეცედენტული სამართლით დაადგინა, რომ ბავშვის უფლებები უნდა იყოს დაცული ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებითაც და ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს მის საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეხება ბავშვის აღზრდას, მეურვეობას ან მასთან კონტაქტს, უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე, როგორც ზოგადად, ისე ბავშვის უფლებებთან მიმართებით.

სააპელაციო პალატა ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ ყურადღებას აქცევს მშობლების მონაწილეობას. შესაბამისად, პალატის მითითებით, მშობლები უნდა იყვნენ ჩართულნი იმ ადმინისტრაციულ თუ სასამართლო პროცესში, რომლის ფარგლებში წყდება ბავშვთან დაკავშირებული საკითხები. მართალია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 თებერვლის (საქმე №3ბ/95-13) გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოში 2013 წლის 24 აპრილს დანიშნულ ზეპირ მოსმენაზე მიწვეული იყვნენ მხარეები და ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა მათი უშუალო მონაწილეობით, თუმცა სააგენტოს მიერ ხელახალი განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არ იყო გამოკვლეული და შეფასებული, რამდენად დაცული იყო ნ. დ-ისა და ო. ა-ის მიერ გ. ღ-ის დაბადების ნკ №... აქტის ჩანაწერის გასაჩივრების ვადა და აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად კანონიერი იყო გურჯაანის სამსახურის 2011 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილება. სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ნ. დ-ს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში არ გაუსაჩივრებია გ. ღ-ის დაბადების ნკ №... აქტის ჩანაწერი, არამედ მან განცხადებით მიმართა გურჯაანის სამსახურს და მოითხოვა გ. ღ-ის დაბადების ნკ №... აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა. შესაბამისად, სააგენტომ მიიჩნია, რომ ნ. დ-მა აქტის ბათილად ცნობის მიზნით მიმართა აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, აღნიშნულისთვის კი საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი რაიმე ვადა.

სააპელაციო სასამართლოს მითითბით, მართალია, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი, როგორც სადავო ჩანაწერის განხორციელებისას, ასევე ამჟამად მოქმედი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადას, მაგრამ მითითებული კანონის 86.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერის ბათილად ცნობა ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს ნ. დ-ისა და ო. ა-ის მიერ დაბადების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას დაცული იყო თუ არა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე მატერიალური სამართლის ნორმები არსებითად არასწორად განიმარტა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, დაბადების აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის დროს მოქმედი „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონისა და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის შესაბამისად.

კასატორის მითითებით, რეგისტრირებულ #... დაბადების აქტის ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ გ. დ-ი დაიბადა 2004 წლის 23 თებერვალს, გურჯაანში, დედის გრაფაში მითითებულია: ნ. დ-ი, დაბადებული 1962 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო მამის გრაფა ცარიელია. აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველია - გურჯაანის სამშობიარო სახლის #... სამედიცინო ცნობა. რაც, კასატორის მოსაზრებით, ცხადყოფს, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი რეგისტრირებულია იმ დროს მოქმედი წესების დაცვით. გ. ღ-ის მიმართ რეგისტრირებულ #... დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში კი ფიქსირდება, რომ გ. ღ-ი დაიბადა 2004 წლის 23 თებერვალს, მამა - ვ. ღ-ი, დედა - ლ. გ-ი. დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მამის მონაცემების შევსების საფუძველი მითითებული. აღნიშნული კი, კასატორის მოსაზრებით, ცხადყოფს, რომ დარღვეულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის პირობები; ხოლო დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციის საფუძველი არ არსებობს. კასატორის მითითებით, არ შეიძლება არსებობდეს პირის მიმართ ორი სხვადასხვა მონაცემების შემცველი დაბადების სააქტო ჩანაწერი.

რაც შეეხება ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს, კასატორის მითითებით, მათი გათვალისწინებით მიღებულია თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის #2/153 განჩინება, რომლითაც ფაქტობრივად განისაზღვრა ბავშვის ბიოლოგიური მშობელი და ფაქტობრივი აღმზრდელი, შესაბამისად, კასატორი არარელევანტურად მიიჩნევს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან მათზე მითითებას და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის 2010 წლის 27 დეკემბრის №… ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალება. ლ. გ-ისა და ვ. ღ-ის ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნას სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გურჯაანის სამსახურის 2010 წლის 26 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლითაც თავის მხრივ ბათილად იქნა ცნობილი გ. ღ-ის მიმართ რეგისტრირებული დაბადების ნკ №... აქტის ჩანაწერი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილების სისწორის, კანონშესაბამისობის დასაბუთება. ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება გამორიცხავს სადავო საკითხის გადაწყვეტისას მოსარჩელეთა და არასრულწლოვანი გ. ღ-ის ინტერესების გათვალისწინებას, მაშინ, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით კოდექსის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და საჯარო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არარელევანტურია ბავშვის უფლებებსა და ინტერესებზე მითითება და ამის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, მოცემული დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 16 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თუმცა საყურადღებოა ის გარემოება, რომ თავდაპირველად ლ. გ-ის და ვ. ღ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც სამოქალაქო რეესტრის გურჯაანის სამსახურის მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. დ-ისა და ო. ა-ის მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი გ. ღ-ის მიმართ რეგისტრირებული დაბადების ნკ №... აქტის ჩანაწერი.

განსახილველი დავის შეფასებისას საკასაციო სასამართლო გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დაცვასა და ფსიქოლოგის დასკვნის გათვალისწინებას ანიჭებს და მიუთითებს, რომ სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა არასრულწლოვანი გ. ღ-ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით ფსიქოლოგის მოწვევა. ფსიქოლოგს დაევალა გ. ღ-ის დამოკიდებულების შესწავლა ბიოლოგიური მშობლების - ნ. დ-ისა და ო. ა-ის მიმართ; დაედგინა რეალურად რომელ მშობლებთან ერთად სურს ცხოვრება, გამოკვლეული ყოფილიყო ამის მიზეზები; ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების დასკვნის მიხედვით აღმზრდელი მშობლები გ. სპეციალური საჭიროებების შესახებ ფლობენ სრულად ინფორმაციას და მათ მიერ არჩეული აღზრდის სტრატეგია ეხმარება ბავშვს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად განვითარდეს.

გ., ლ. გ-თან და ვ. ღ-თან თანაცხოვრობს დაბადებიდან დღემდე, 10 წელია. გ.აზრით, განცდით, ლ. და ვ. მშობლები არიან, თავს მოიაზრებს მათ შვილად, ოჯახის წევრად. აქვს მათთან ძლიერი მიჯაჭულობა და პოზიტიური ემოციური კავშირი ჩამოყალიბებული. შედეგად გ. სურს თავის გამზრდელ მშობლებთან - ლ. გ-თან და ვ. ღ-თან ერთად იცხოვროს საკუთარ ოჯახში. დასკვნის თანახმად, გ. ქ-ნ ლ. და ბ-ნ ვ. ინფორმაციით იცის, რომ ნ. დ-მა გააჩნია, რას ნიშნავს ეს ინფორმაცია ბოლომდე არ აქვს გააზრებული. გ. მშობლებად მიიჩნევს ლ. გ-ს და ვ. ღ-ს, ნ. დ-ი და ო. ა-ი გ. მშობლიური, ახლობელი ადამიანების კატეგორიაში არ შედის. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, მოცემული მომენტისთვის გ. მშობლიურ გარემოდან მოცილება და მისთვის უცხო არამშობლიურ გარემოში გადასვლა იქნება მატრამვირებელი მოვლენა და ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობას, ფსიქო-ემოციურ განვითარებას.

დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ბავშვისთვის ზიანის მომტანია მოულოდნელი თვითნებური იფორმირება, როგორიცაა ახალი ინფორმაციის მიწოდება - მამობაზე ინფორმაციის მიწოდება, ასევე იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული დავა, სხვა გვარის მინიჭება - აღნიშნული ქმედებები არღვევს ბავშვის თვითიდენტიფიკაციის განცდას; აიძულებს ბავშვს გაიაზროს მის გარშემო არსებული მოვალეობები, ისტორია. განუსაზღვრელობა, ცვლილებები, არასტაბილურობა, ზრდის შფოთვას, დაუცველობის, საფრთხის განცდას, ადაპტაციის პრობლემებს; აფერხებს და ართულებს ბიულოგიური მშობლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ერთის მხრივ ასაკობრივად მნიშვნელოვანი სოციალური რეალიზების, თანატოლებთან ურთიერთობის, თვითდამკვიდრების მოთხოვნილებამ და ასევე სასამართლო დავისა და ინტერესთა კონფლიქტის ფონზე შექმნილმა ატმოსფერომ გაზარდა ბავშვში დაცულობის და სტაბილურობის მოთხოვნილება. ფსიქოლოგი ასევე მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საკეთილდღეოდ უფროსების შეთანხმება, რათა გ. არ მოუწიოს მუდმივად ცხოვრება ინტერესთა კონფლიქტის ფონზე. მოცემულ მომენრტისათვის გ. მის გარშემო მიმდინარე სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმაციას კონკრეტულად არ ფლობს, მას აქვს ბუნდოვანი, ზოგადი წარმოდგენა მიმდინარე პოცესების შესახებ. კონკრეტული საკითხების ბავშვთან არაგანხილვის შემთხვევაშიც, დავის პირობებში ყოფნა, ინტერესთან კონფლიქტის დროს შექმნილი ფსიქოლოგიური ატმოსფერო, მოქმედებს უფროსების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე. ართულებს ბიულოგიური მშობლის მიმართ ურთიერთობის დადებითი ემოციების ჩამოყალიბებას.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მე-8 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტი დაკავშირებულია არასრულწლოვნის დაბადების აქტის ჩანაწერის კანონიერებასთან და შესაბამისად, დიდად განაპირობებს მის სამომავლო ურთიერთობებს მოდავე მხარეებთან. რაც შეეხება ფსიქოლოგების დასკვნას, მასში ცალსახად მითითებულია, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირებით დასტურდება გ. ინტეგრირება ლ. გ-ის და ვ. ღ-ის ოჯახში, რომ ამ ოჯახის მიმართ მას აქვს სოციალური, პირადი და ეკონომიკური ერთიერთობები და ეს არის მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების ნაწილი.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების საჭიროება, რა დროსაც გადამწყვეტია არასრულწლოვანის ინტერესების დაცვა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.05.2018წ. #11991 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.05.2018წ. #11991 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი