Facebook Twitter

#ბს-1126(კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი ] ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ფ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 26 ივლისს ფ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლის დ. მ-ის განცხადება იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციაზე უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ... ქ. №4, სადარბაზო I, სართული 8, ბინა 26 (ზონა - თბილისი, სექტორი - ...). მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული განცხადება იგივე შინაარსითა და მტკიცებულებებით ერთი დღით ადრე შევიდა სარეგისტრაციო სამსახურში, რომელმაც 2016 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად მოითხოვა დამატებითი დოკუმენტის, კერძოდ, იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა მეორე დღეს, იპოთეკის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, უძრავ ნივთზე დაარეგისტრირა იპოთეკა. მოსარჩელის მითითებით, არ არსებობს სესხის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით და შესაბამისად, მის საფუძველზე შედგენილი იპოთეკა წერილობითი ფორმით, მით უმეტეს ნოტარიულად დამოწმებული. არსებობს მხოლოდ სასამართლოს მიერ სესხისა და იპოთეკის აღიარების დამადასტურებელი გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, არ წარმოშობს რეგისტრაციის ვალდებულებას. იპოთეკის ხელშეკრულების დადების აღიარება კანონის მიხედვით არ წარმოშობს მის საჯარო რეგისტრაციას, რის გამოც მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებულ სადავო რეგისტრაციას და მის ბათილად ცნობას ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. მ-ე და თ. რ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ფ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით ფ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის №2/821-2013 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმადაც გ. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2010 წლის 15 ივნისს გ. კ-ეს, დ. მ-ეს, თ. რ-ესა და ნ. ც-ს შორის, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუს თ. გ-ის მიერ; აღგდა პირვანდელი მდგომარეობა და რეესტრში უძრავი ნივთის, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. 4-ში სადარბაზო I, სართული 8, ბინა 26, საკადასტრო კოდი: ... მესაკუთრედ აღირიცხა გ. კ-ე (პ/ნ ...); აღიარებულ იქნა მხარეებს გ. კ-ეს, დ. მ-ეს, თ. რ-ესა და ნ. ც-ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი და აღიარებულ იქნა ნ. ც-ის წინაშე გ. კ-ის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2016 წლის 22 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლების დამდგენ დოკუმენტს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოადგენდა შესასრულებლად სავალდებულო აქტს, რის გამოც არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებს ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა საჯარო რეესტრის უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლები, კერძოდ, აქვს თუ არა საჯარო რეესტრს აღიარებითი სარჩელიდან გამომდინარე დადგენილი ფაქტის რეგისტრაციის უფლებამოსილება.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლომ ფიქტიური გარიგების სანაცვლოდ აღიარა სესხის და იპოთეკის არსებობა, მაგრამ რადგან მიკუთვნებითი (მოთხოვნითი) სარჩელი არ არსებობდა, მას არ შეეძლო დაეყენებინა მხარისათვის მოსალოდნელი შედეგი. გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ ,,მოხდეს იპოთეკის რეგისტრაცია“, რაც განსხვავდება ფორმულირებიდან ,,აღიარებულ იქნეს იპოთეკა“, ეს ორი განსხვავებული სასარჩელო მოთხოვნაა. რაც იმას ნიშნავს, რომ მიკუთვნებითი მოთხოვნა შესაბამისი მხარის აქტიურობის შედეგი უნდა იყოს. დაინტერესებულ მხარეს აქვს ვალდებულება მოითხოვოს იპოთეკის რეგისტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ არის უფლებამოსილი საჯარო რეესტრი დაარეგისტრიროს მოთხოვნა, რამეთუ სწორედ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტი განსაზღვრავს თუ რა არის სარეგისტრაციო დოკუმენტი - ,,არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრულ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.“ კასატორის მითითებით, ამ დეფინიციაში მნიშვნელოვანია განიმარტოს ტერმინები ,,უშუალოდ წარმოშობს“ და ,,რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას“ ანუ სამართლებრივმა აქტმა უშუალოდ უნდა წარმოშვას რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა აქტი არ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რეგისტრაციის უფლებას აუცილებლად სჭირდება ,,მოთხოვნა“ ანუ თუ არ მოითხოვე რეგისტრაციის უფლება, ისე არ ხდება რეგისტრაცია და ეს მოთხოვნა უნდა წარმოიშვას არა ყველა აქტით, არამედ იმ აქტით რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ უფლებას. რეგისტრაციის მოთხოვნა სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა იყოს ასახული. კასატორის მითითებით, მხარეებს სასამართლო დავის ფარგლებში ჰქონდათ თავიანთი პოზიციის დაცვის საშუალება და ისინი უფლებამოსილები იყვნენ მოეთხოვათ ის, რის მიღებასაც აპირებდნენ თავისი მოთხოვნით და არა მოწინააღმდეგე მხარის სარჩელით. ეს არსებითი საკითხია მთავარი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერებისას, რამეთუ სწორედ შეჯიბრებითობის პროცესია ის ძირათადი პრინციპი, რომელიც მხარეების თანაბარი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

კასატორის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლით, წარმოდგენილი და რეგისტრირებული უნდა იყოს სესხის ხელშეკრულებაც, რამეთუ სასამართლომ აღიარა სწორედ ,,სესხის და იპოთეკის დადების ფაქტი“. ეს ერთად აღიარა და არა ცალ-ცალკე. იპოთეკა სესხის გარეშე არ არსებობს ანუ რეესტრს აუცილებლად იპოთეკის რეგისტრაციისათვის ჭირდებოდა გარიგება წერილობითი ფორმით დადებული, რაც ბუნებაში არ არსებობს. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრმა დააღვია აღნიშნული კანონის მოთხოვნები. სსკ-ის 289-ე მუხლის თანახმად კი იპოთეკის რეგისტრაცია სწორედ გარიგების დადების საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს იმპერატიული მოთხოვნაა და პირდაპირ გამომდინარეობს ზემოთმოყვანილი მსჯელობიდან, გარიგების გარეშე არ შეიძლება იპოთეკის რეგისტრაცია, სამართლებრივი აქტი უშუალოდ არ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, რამეთუ არ არსებობს მთავარი დოკუმენტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს იპოთეკას, არ არსებობს გარიგება, თავისი ყველა ამ მუხლში ჩამოთვლილი გარიგებისათვის აუცილებელი არსებითი პირობებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დაკმაყოფილდა განმცხადებლის დ. მ-ის განცხადება იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციაზე უძრავ ნივთზე, მდებარე - ქ. თბილისი, ... ქ. №4, სადარბაზო I, სართული 8, ბინა 26 (ზონა - თბილისი, სექტორი - ...). კასატორის მტკიცებით, სარეგისტრაციო სამსახურში იპოთეკის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნისას არ იყო წარდგენილი შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რის გამოც სარეგისტრაციო სამსახურს არ ჰქონდა უფლებამოსილება მოეხდინა იპოთეკის რეგისტრაცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს კანონიერ ძალაში შესულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის №2/821-2013 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გ. კ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული 2010 წლის 15 ივნისს გ. კ-ეს, დ. მ-ეს, თ. რ-ესა და ნ. ც-ს შორის, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუს თ. გ-ის მიერ; აღგდა პირვანდელი მდგომარეობა და რეესტრში უძრავი ნივთის, მდებარე, ქ. თბილისში, ... ქ. 4-ში სადარბაზო I, სართული 8, ბინა 26, საკადასტრო კოდი: ... მესაკუთრედ აღირიცხა გ. კ-ე (პ/ნ ...); აღიარებულ იქნა მხარეებს გ. კ-ეს, დ. მ-ეს, თ. რ-ესა და ნ. ც-ს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი და აღიარებულ იქნა ნ. ც-ის წინაშე გ. კ-ის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2016 წლის 22 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა მხარეებს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მხარეებს გ. კ-ესა და დ. მ-ეს, თ. რ-ესა და ნ. ც-ს შორის ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. სარეგისტრაციო სამსახურმა კი, დ. მ-ის განცხადების საფუძველზე, განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის №2/821-2013 გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ იგივე გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად გ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის №2/821-2013 გადაწყვეტილებით დასტურდებოდა უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისი, ... ქ. 4-ში სადარბაზო I, სართული 8, ბინა 26, საკადასტრო კოდი: ... გ. კ-ის საკუთრების აღდგენისა და დ. მ-ისა და თ. რ-ის იპოთეკის უფლების არსებობის ფაქტი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელშიც ხდება ცალკეულ კერძო-სამართლებრივ უფლებათა რეგისტრაცია, კერძოდ, უძრავ ნივთებზე საკუთრება, იპოთეკა, გირავნობა, ყადაღა და სხვა სამართლებრივი უფლებები. საჯარო რეესტრი არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების წარმოშობის საფუძველი, უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საჯარო რეესტრის მნიშვნელოვანი თვისება მისი საჯარო ხასიათია და იგი არსებითად სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების უზრუნველყოფის დაცვას ემსახურება. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის №2/821-2013 გადაწყვეტილება წარმოადგენს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო დოკუმენტს - სამართლებრივ აქტს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარმოადგენდა შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. აღნიშნულს განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო სამსახური არა თუ უფლებამოსილი, არამედ, ვალდებული იყო განეხორციელებინა მისი აღსრულება ამ აქტში მითითებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის №2/821-2013 გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და იგი სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებიათ მხარეებს, მათ შორის არც გ. კ-ეს, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს ფ. ს-ი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ფ. ს-ის საკასაციო საჩივარზე მ. კ-ეს 05.09.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფ. ს-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. ფ. ს-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. კ-ის მიერ 05.09.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი